ორი ამბავი "კეთილი ვალოდიას" და "აგრესიულები ქართველების" შესახებ

ორი ამბავი "კეთილი ვალოდიას" და "აგრესიულები ქართველების" შესახებ

მოსკოვში მცხოვრები ქართველი საკალათბურთო მიმომხილველი, კომენტატორი, ბლოგერი ზურაბ ჩიტაია ფეისბუქის პირად გვერდზე საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც რუსეთის ორ სახეზე საუბრობს:

"ორი ახალი ამბავი ზედიზედ, რომელიც ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის.

პირელი არის მოდურ, თბილისურ კაფე-მაღაზიასთან - "ო მოდა მოდა" დაკავშირებული მიკროსკანდალი, სადაც პატარა ჩანთები იყიდება დიზაინერ-აქტივისტის წარწერით I’m Georgian and my country is occupied by Russia (მე ქართველი ვარ და ჩემი ქვეყანა რუსეთის მიერაა ოკუპირებული).

რასაკვირველია "ო მოდას" რუსი სტუმრები (კაფე ძალიან პოპულარულია რუს ტურისტებში) შეურაცხყოფილები დარჩნენ და დაიწყეს ძველი სიმღერა: "რა საჭიროა ეს აგრესია, ჩვენ ხომ ასე გვიყვარს ერთმანეთი?!"

და მართლაც, ხომ ცალსახაა, რომ აგრესია - წარწერა, რომელიც არაორაზროვან, უტყუარ, ცხად ფაქტს კონსტატირებს, რომელში დარწმუნებაც ნებისმიერ ტურისტს შეუძლია. აი, საომარი აგრესია კი სულაც არაა აგრესია. ეს გახლავთ "რა საჭიროა პოლიტიკის და უბრალო ხალხის ცხოვრების ერთმანეთში არევა!"

და მართლაც, რატომ უნდა დაინტერესდე იმით, თუ რა გავლენას ახდენს შენი ქვეყნის პოლიტიკა უბრალო ხალხის ცხოვრებაზე, როდესაც შეგიძლია მშვიდად სვა ლატე "ო მოდა, მოდაში". ამაზე მნიშვნელოვანია ამ ხალხს აუხსნა, როგორ არ არიან მართლები თავიანთ რეაქციებში და რომ უნდა ისწავლონ, მსგავს წვრილმანებს ყურადღება არ მიაქციონ. თან რა დაუცხრომელები ხართ ეს ქართველები, რა სულ რაღაცას აპროტესტებთ? ხან დამოუკიდებლობაო, ხან რაღაც უფლებებიო, ხან თქვენი მთავრობა არ მოგწონთ, ხან სხვისი.. თქვენ ხომ ასეთები არ ხართ, ეს პროპაგანდა მოქმედებს! სინამდვილეში თქვენ საყვარლები, ნიჭიერები, კეთილი უსაქმურები ხართ, არ იცოდით? ჯობია ერთად ვიმღეროთ "სულიკო"...

მეორე ახალი ამბავი გულკეთილ მმართველზეა.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა შეიწყალა ღალატში ბრალდებული ორი ქალი (ქართველი და სომეხი). შეიწყალა უბრალო დიასახლისები, რომლებიც არ იმსახურებდნენ სიმკაცრეს. მათი ბრალეულობა მხოლოდ ის იყო, რომ მესიჯი მიწერეს ნათესავებს, როდესაც საკუთარი თვალით ნახეს საომარი ტექნიკის კოლონები, რომლებიც საქართველოსკენ მიემართებოდნენ. ქალებს გაუკვირდათ, შეშფოთდნენ და ახლობლებს მიწერეს - "რაღაც ხდება, ფრთხილად იყავითო". ეს ყველაფერი იმ აგრესიამდე მოხდა, რომელიც როგორც ვიცით არ ყოფილა. არც აგრესი ყოფილა, არც ოკუპაცია, რუსი "სამშვიდობოები" თბილისი-ბათუმის საავტომობილო გზაზე - ეს ტყუილია, მირაჟი. იმ სულელ ქალებს მოელანდათ ეს ტექნიკა.

აი, ვლადიმერ პუტინმა კი ეს გაუგებრობა გამოასწორა. შეიწყალა გაუგებარია რისთვის დაპატიმრებული ქალები. 9 წლის შემდეგ! ძალიან კეთილია ვალოდია. თქვენ კი, ქართველები, ძალიან ნერვიულები და აგრესიულები ხართ", - წერს ზურაბ ჩიტაია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს