ვინ იყო ჩინელი, რომელიც საქართველოში ჩაის პირველ მსხვილ წარმოებას უძღვებოდა - რატომ განადგურდა ქართული მეჩაიეობა

ვინ იყო ჩინელი, რომელიც საქართველოში ჩაის პირველ მსხვილ წარმოებას უძღვებოდა - რატომ განადგურდა ქართული მეჩაიეობა

ჩაი თუ ყავა, - ალბათ ორივე, რადგან მსოფლიოში ეს ორი მშვენიერი არომატული სასმელი ერთმანეთს ტოლს არ უდებს.

ჩაის საქართველოში ბევრი მომხმარებელი ჰყავს, წლების წინ ჩაის მწარმოებელ ქვეყანათა ნუსხაშიც სერიოზულ ადგილს ვიკავებდით... ამ კულტურას ჩვენში ახლაც აწარმოებენ, მაგრამ მას მასობრივი და მასშტაბური ხასიათი აღარ აქვს...

გადმოცემის თანახმად, ჩაი საქართველოში პირველად 1770 წელს გამოჩნდა, როცა რუსეთის იმპერატორმა, ეკატერინე II-ემ სამოვარი და ჩაის ჭურჭელი ერეკლე II-ეს აჩუქა.

სამოვარი

სამოვრი - ჩაის დასაყენებელი ხელსაწყოა და მისი გამოყენების კულტურა საქართველოში, როგორც ვთქვით, ჩაის დამკვიდრების შემდგომ, ანუ რუსეთიდან შემოსვლის მერე გავრცელდა. სამოვრის გამოყენებამ ფართოდ მოიკიდა ფეხი საქალაქო ყოფაში, განსაკუთრებით, საზეიმო შეკრებებისა და საოჯახო დღესასწაულების დროს. XIX საუკუნეში "ჩაიზე დაპატიჟება" ერთგვარი მოდური გატაცება იყო, რამაც სამოვრის მოხმარების კულტურა წინ მეტად წამოსწია. საუკეთესო სამოვრები საქართველოში რუსეთის ქალაქ ტულიდან შემოდიოდა.

სამოვრით ჩაის სმა რომ მიღებული და მოდური იყო, ამაზე ფიროსმანის ცნობილი გამონათქვამიც მეტყველებს: "ძმებო, ავაშენოთ დიდი ხის სახლი სადმე ქალაქის შუაგულში, რომ ყველასათვის იყოს ახლოს, ავაშენოთ დიდი სახლი, რომ შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ მხატვრობაზე!..

ჩაის პირველი ბუჩქები

პირველი ბუჩქები საქართველოში 1809 წელს, მამია V გურიელის ბაღში გაჩნდა, რომელიც მხოლოდ გურიელის კარს აკმაყოფილებდა. შემდგომ ის ოზურგეთიდან გორა-ბერეჟოულში, მიხეილ ერისთავის მამულში გადაიტანეს...

1833 წელს კავკასიის მომავალმა მთავარმართებელმა ვორონცოვმა ეს კულტურა ჩინეთიდან გამოიწერა და ყირიმში გააშენა, მაგრამ ჩაის ბუჩქმა იქ ვერ გაიხარა და შემდეგ ისინი სოხუმში გადაარგვევინა...

მოგვიანებით რუსეთის იმპერიამ გადაწყვიტა, ეს კულტურა შავი ზღვის სანაპიროზე გაეშენებინათ.

საქმეში რუსეთში ჩაით მსხვილი მოვაჭრე, პოპოვი ჩაერთო და XIX საუკუნის 90-იანებში ჩაქვში, სალიბაურსა და კაპრეშუმში 14 ჰა-ზე ჩინური ჩაის ჯიშები დარგო. 1898 წელს სალიბაურში ინგლისური მანქანებით აღჭურვილი ქარხანა ააშენა, 1899 წელს კი - ჩაქვში.

ჩინეთიდან აჭარაში 23 წლის ახალგაზრდა, ლაო ჯონჯაოც ჩამოიყვანა, რომელსაც სამართავად რამდენიმე მამული ჰქონდა (კაპრეშუმში, სალიბაურში და ჩაქვში). 1911 წელს ლაომ ბათუმის მახლობლად, მიწა შეიძინა და თავისი მეურნეობა მოაწყო. 1918 წელს კი პირველი პროდუქციაც გამოუშვა. ამ საქმეს მერე ხელი სხვებმაც მოჰკიდეს.

უკვე 1899 წლისთვის პარიზის გამოფენაზე ქართული ჩაი დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 1900 წელს ჩაის 23 საცდელი ნაკვეთი არსებობდა, მათგან 9 - ოზურგეთის მაზრაში, 6 - ზუგდიდის მაზრაში, 4 - სოხუმის ოკრუგში, 2-2 სენაკისა და ქუთაისის მაზრებში.

ლეგენდა

ჩაის წარმოშობაზე ზოგადად სხვადასხვა ლეგენდა არსებობს, ერთ-ერთი კი მთლიანად ამყარებს აზრს, რომ ამ კულტურის სამშობლო ჩინეთია. ვინაიდან ჩვენთან მისი მასობრივი წარმოება სწორედ ჩინელს უკავშირდება, ამიტომ ღირს მისი გახსენება:

"ძველ ჩინეთში ბრძენი ბერი ცხოვრობდა. დღეებს მარხვასა და ლოცვაში ატარებდა. ერთხელ, მედიტაციის დროს, ბერს ბუდა გამოეცხადა. გაოცებულმა ბრძენმა გადაწყვიტა, იმ დღიდან თვალმოუხუჭავად ელოცა, მაგრამ ერთ დღეს ვეღარ გაძლო, ქუთუთოები დაუმძიმდა და ჩაეძინა. ყველაფერში წამწამები დაადანაშაულა, ამოიძრო ისინი და მიწაზე დაყარა. იმ ადგილას ჩაის ბუჩქი ამოიზარდა. იმის შემდეგ ბუდისტ ბერებს ურჩევდნენ, მედიტაციის დროს ჩაი დაელიათ, რომ არ ჩასძინებოდათ. "ჩაი" და "სიფხიზლე" ჩინურ ენაში ერთი იეროგლიფით აღინიშნება.

IV-V საუკუნეებში ჩრდილოეთ ჩინეთში აღმოაჩინეს, რომ კარგი ჩაი ამ მცენარის ნორჩი ფოთლებისგან მზადდებოდა. ამიტომ ეწოდა სასმელს "ჩა", რაც ჩრდილო ჩინურ დიალექტზე "ნორჩ ფოთოლს" ნიშნავდა.

ქართულ-საბჭოთა ჩაი

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ჩაის დიდი ყურადღება მიექცა. დასაველთ საქართველოში ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურად იქცა. XX საუკუნის 20-იან წლებში მეჩაიეობის განსავითარებლად ქვეყანაში სახელმწიფო პროგრამა მიიღეს. შეიქმნა ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა კვლევითი ინსტიტუტი, სადაც გამოიყვანეს ახალი ჯიშები (საყოველთაოდ ცნობილი იყო "საქართველოს თაიგული").

იმის გამო, რომ ქართული ჩაით არაერთ ქვეყანას ამარაგებდნენ, ამიტომ რაოდენობის გაზრდა ხარისხის გაუარესების ხარჯზე მოხდა, რამაც დამღუპველი შედეგი მოიტანა, როგორც ჩაის ავტორიტეტისთვის, ასევე გემოსა და არომატისთვის. მსოფლიოში 17 ძირითად ჩაის მწარმობელ ქვეყანას შორის საქართველოს 11-ე ადგილზე იყო: ჩინეთი, ინდოეთი, შრი-ლანკა, კენია, ინდონეზია, თურქეთი, ვიეტნამი, მიანმარი, იაპონია, ბანგლადეში, საქართველო, არგენტინა, ირანი, უგანდა, მალავია, ტანზანია, სამხრეთ აფრიკა.

ჩვენთან, შავზე მეტად, მწვანე ჩაის ბევრი სახეობა არსებობდა და საბჭოთა პერიოდში 30-მდე დასახელების მწვანე ჩაი იწარმოებოდა, მაგრამ XX საუკუნის 90-იან წლებში ქართული ჩაი განადგურდა, ომებმა და ეკონომიკურმა კრიზისებმა ჩაის პლანტაციების მოსპობა გამოიწვია.

ქართული ჩაის გარეშე

მანამდე საქართველოსთვის ჩაის ბაზარი მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია იყო, მაგრამ ჩნდება კითხვა: თუ იყიდებოდა, რატომ განადგურდა?! როდესაც ქვეყანა საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა, აღმოჩნდა, რომ ჩვენი უხარისხო პროდუქცია აღარავის სჭირდებოდა. მსოფლიო ბაზარზეც ჩვენთვის განკუთვნილი სავაჭრო ნიშა სხვა ქვეყნებმა შეავსეს...

90-იან წლებში მსოფლიოში მეჩაიეობის ახალი პერიოდი დაიწყო, რადგან ჩაიზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. მეჩაიეობის კლასიკურმა ქვეყნებმა (ინდოეთი, ჩინეთი და ა.შ.) მაქსიმალურად აითვისეს ადგილები, სადაც ამ კულტურის მოყვანა შეიძლებოდა... ჩაის მოყვანა დაიწყეს ისეთმა ქვეყნებმაც, რომლებსაც ამის გამოცდილება არ ჰქონდათ, მაგრამ ნიადაგი და კლიმატური პირობები საშუალებას აძლევდათ.

ჩაის მწარმოებელი ქვეყნების სიაში საქართველოც შედიოდა, მაგრამ მსოფლიოს იმ დასახელებული 17 ქვეყნიდან ჩვენი ქვეყანა ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც რეაგირება მეჩაიეობის ახალ ტენდენციაზე რეაგირება არ მოახდინა. პირიქით, შეამცირა როგორც ფართობები, ასევე ჩაის წარმოება.

მსოფლიოს ახალ გამოწვევებს ფეხი იმიტომაც არ აუწყეს, რომ ბაზარზე ამის მოთხოვნა აღარ იყო. არადა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ჩვენი ჩაის შემადგენლობა განსაკუთრებულია, თვისებებით არც ერთ სხვა ქვეყნის ჩაის არ ჩამოუვარდება, პირიქით, სჯობნის კიდეც: ინდოეთში, ჩინეთსა და სხვაგან ჩაის მავნებლებს შხამქიმიკატებით წამლავენ, ჩვენთან ამას ბუნებრივად ზამთარი აკეთებს, მავნებლებს სპობს. ასე რომ, ჩვენი ჩაი ეკოლოგიურად უკეთესია.

"2003 წელს, კოლეგასთან ერთად, ჩაის განვითარების პროექტი მოვამზადე. შევარდნაძესთან მოხდა მისი განხილვა, მაგრამ ქვეყნის მწირი ბიუჯეტიდან ამ საქმისთვის მილიონის გამოყოფა შეუძლებელი აღმოჩნდა. პროექტი ჩავარდა...

ამიტომ, თუ 90-იან წლებში მსოფლიოში ჩაის მწარმოებელი 17 ქვეყანა იყო, დღეს 39-ია. ის ქვეყნებიც დაწინაურდნენ, რომლებიც ჩაის მცირე რაოდენობით მოიხმარენ, მაგალითად, კენია. ამ პროცესებს ყველგან ქვეყნის ხელისუფლება მართავს," - ნათქვამი აქვს ჩემთან ინტერვიუში თამაზ კუნჭულიას, დარგის სპეციალისტს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრს.

ძველი ნაშთები

ასე რომ, დღეს საქართველოში მეჩაიეობა არ არის პრიორიტეტული დარგი, რადგანაც თითო-ოროლა მეწარმე სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გახდება... ძველ ჩაის ფაბრიკებში დანადგარები განადგურდა და ჯართად ჩაბარდა, პლანტაციები გაველურდა, გადაჯიშდა და მის ადგილზე თხილი და კივი დაირგო. დაახლოებით, 12-15 ათასი ჰექტრის აღდგენა იყო შესაძლებელი, სადაც ჩაის გაშენება შეიძლებოდა (1 ჰექტრის გაშენება, სავარაუდოდ, 32.000 ლარი ჯდება).

პლანტაციები რომ გაშენდეს უპირველესად აუცილებელია ძველი ჩაის ბუჩქები ამოითხაროს, ნიადაგი კარგად დამუშავდეს და ჩაითოხნოს, სასუქი შეიტანონ.

"ამ საქმის დასაძვრელად მე და ჩემმა კოლეგამ პროექტი კიდევ მოვამზადეთ. წელიწადში 15-17 მილიონი ლარი იყო საჭირო, მაგრამ სახელმწიფომ მხარი ისევ არ დაგვიჭირა... არადა, თუ ხალხის დასაქმება გვინდა, ჩაი უნდა მოიკრიფოს და თანაც, ხარისხიანი. 80-იან წლებში 120 000 კაცი იყო ჩაიში დასაქმებული... ქვეყანას დღემდე ზერელე წარმოდგენა აქვს საბაზრო ეკონომიკაზე. საჭიროა კვლევა, რომელიც ბაზრიდან უნდა დაიწყოს და წარმოებამდე მივიდეს," - ნათქვამია "კვირის პალიტრასთვის" მიცემულ თამაზ კუნჭულიას ინტერვიუში.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ჭარბი წონა და Covid-19 - რა ცვლილებები მიდის ინფიცირებულის ორგანიზმში სიმსუქნის დროს და რატომ არის მნიშვნელოვანი სითხე და C და D ვიტამინები

"ვაძლიერებთ კლინიკურ სასტუმროებს, სადაც ხდება, როგორც თერაპიული სერვისის მიწოდება, ასევე არის ჟანგბადის კონცენტრატორები" - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი

რა ტიპის რეკლამებია ყველაზე აქტუალური დღეს ციფრულ სამყაროში (ინფოგრაფიკა)