"მეორე ხარისხის დამწვრობაა, 90% დამწვარია" - რა მდგომარეობაში არიან ბათუმში ხანძრის შედეგად დაშავებულები

"მეორე ხარისხის დამწვრობაა, 90% დამწვარია" - რა მდგომარეობაში არიან ბათუმში ხანძრის შედეგად დაშავებულები

ბათუმში ხანძრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკა "მედინას" მთავარმა ექიმმა ჯუმბერ უნგიაძემ განუცხადა, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რადგან მას მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს.

"პაციენტი ძალიან მძიმედ არის, იმიტომ, რომ სხეულის ძალიან დიდი ნაწილი დამწვარი აქვს. მეორე ხარისხის დამწვრობაა, 90 პროცენტია დამწვარი. პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე", - განაცხადა ჯუმბერ უნგიაძემ.

ასევე მძიმეა კიდევ ერთი პირის მდგომარეობა, რომელიც, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმიდან ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაჰყავთ.

რაც შეეხება მესამე პირს, ის შედარებით მსუბუქი დაზიანებებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება.

ხანძარი აბაშიძის ქუჩაზე უკვე ლიკვიდირებულია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის - გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.

როგორც ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ზარალის შესწავლა მოხდება და მოქალაქეებს სათანადო დახმარება გაეწევათ.

მისივე განცხადებით, ასევე მოხდება მომხდარის დაუყოვნებლივ შესწავლა. მერი არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

როგორც ერმაკოვმა განაცხადა, აღნიშნულ საამქროს მუშაობის უფლებაზე მერიისგან შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა.

ბათუმში გენერალ აბაშიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად ორი სახლი მთლიანად დაინგრა, ორს კი ხანძარი გაუჩნდა და დაზიანდა. აფეთქების შედეგად ასევე დაიწვა 5 მანქანა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია