უახლესი ინფორმაცია ბათუმიდან, სადაც გენერალ აბაშიძის ქუჩაზე გაზგასამართ სადგური აფეთქდა

უახლესი ინფორმაცია ბათუმიდან, სადაც გენერალ აბაშიძის ქუჩაზე გაზგასამართ სადგური აფეთქდა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი, რომელიც კლინიკა "მედინაშია" მოთავსებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც ზაალ მიქელაძე განმარტავს, დაშავებულს სხეულის 90% პროცენტი დამწვარი აქვს. მინისტრის ინფორმაციით, კიდევ ერთი დაშავებული ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ხუთამდე მოქალაქეს გაუწია დახმარება, ამბოლატორიული მომსახურება ერთ მეხანძრეს დასჭირდა, რომელმაც ხანძრის ლოკალიზებისას კვამლი ჩაყლაპა.

"28 წლის მამაკაცი დამწვრობით სამედიცინო ცენტრ "მედინაშია" გადაყვანილი. სხეულის თითქმის 90% აქვს დამწვარი. ამასთან, სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს მიღებული. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ასეთი დამწვრობა შოკურ მდგომარეობას იწვევს. დამწვრობის ცენტრში მისი გადაყვანის საკითხი ჯერჯერობით არ დგას, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე. მეორე დაშავებული, რომელსაც 32 პროცენტი დამწვრობა აღენიშნება, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში არის მოთავსებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია. აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით, ოჯახის გადაწყვეტილებას ველოდებით, რადგან ისინი წინააღმდეგი არიან პაციენტის დამწვრობის ცენტრში გადაყვანის. მათ ჩვენ რისკების შესახებ ვესაუბრეთ, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება მესამე დაშავებულს, მე პირადად ბათუმის ყველა კლინიკა მოვინახულე, თუმცა დაშავებული არსად არ ფიქსირდება. შემთხვევის ადგილზე დაახლოებით ხუთამდე პაციენტს პირველადი დახმარება გაეწია, ერთი მეხანძრე ამბოლატორიულ განყოფილებაში გადავიყვანეთ, რადგან კვამლი ჩაყლაპა", - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, დაზარალებულ ოჯახებს უახლოეს პერიოდში ბათუმის მერია თავშესაფრით უზრუნველყოფს. რაც შეეხება დაზიანებულ შენობებს, მათი განმარტებით, მოხდება დროებითი გადახურვა ბრეზენტით.

"ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი მამუკა თურმანიძე, მერიისა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. შემთხვევის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათგან ორი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. აფეთქებამ მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი სახლები დააზიანა. აფეთქების მიზეზებს გამოძიება ადგენს. გიორგი ერმაკოვის განცხადებით, დაზარალებულ ოჯახებს თავშესაფრით უახლოეს პერიოდში ბათუმის მერია უზრუნველყოფს. რაც შეეხება დაზიანებულ შენობებს, მოხდება დროებითი გადახურვა ბრეზენტით", - ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად ორი სახლი მთლიანად დაინგრა, ორს კი ხანძარი გაუჩნდა და დაზიანდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 3 ადამიანი. აფეთქების შედეგად ასევე დაიწვა 5 მანქანა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია