უკრაინის საიმიგრაციო სამსახური დავით სააკაშვილს დეპორტაციისთვის ამზადებს

უკრაინის საიმიგრაციო სამსახური დავით სააკაშვილს დეპორტაციისთვის ამზადებს

"საიმიგრაციო სამსახური და პოლიცია დავით სააკაშვილს დეპორტაციისთვის ამზადებენ" - აღნიშნულის შესახებ უკრაინულ ტელეარხს 112-ს უკრაინის შს მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა ილია კივამ განუცხადა.

"მიხეილ სააკაშვილის ძმა დაკავებულია უკრაინაში ყოფნის რეჟიმის დარღვევის გამო. საიმიგრაციო სამსახური და პოლიცია მას დეპორტაციისთვის ამზადებენ", - განაცხადა ილია კივამ.

უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ექს-პრეზიდენტმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა:

"დღეს დილით ავაკოვის შს სამინისტროს თანამშრომლებმა ჩემი ძმა, დავით სააკაშვილი კიევში სახლიდან გამოსვლისას დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლება ამგვარად ცდილობს ჩემზე გავლენის მოხდენას, რათა მე

უკრაინაში არ დავბრუნდე. ცუდად მიცნობთ. პირიქით, ეს სიტუაცია უფრო გააძლიერებს ჩემს მტკიცე განზრახვას დავიცვა უკრაინა და უკრაინელები ბარიგებისგან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის დასავლეთ საზღვრებზე კიევიდან მობილური ჯგუფები გააგზავნეს, რადგან ადგილობრივ მესაზღვრეებს არ ენდობიან.

"მობილური ჯგუფების მიზანია საზღვარზე არ შემიშვან და პასპორტი წამართვან. საზღვარზე შეხვედრამდე!" - დასძინა სააკაშვილმა.