"შავი სექტემბერი" სომხურ პოლიტიკაში - რატომ თქვა სომხეთმა უარი ნატო-ს სამხედრო წვრთნებზე?

"შავი სექტემბერი" სომხურ პოლიტიკაში - რატომ თქვა სომხეთმა უარი ნატო-ს სამხედრო წვრთნებზე?

სომხეთის "შავი სექტემბერი" და კიდევ ერთი დარტყმა - ამ სათაურით ეხმიანებიან სომეხი ბლოგერები და ჟურნალისტები სომხეთის მხრიდან ბოლო მომენტში, ნატო-ს მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილეობაზე უარს, რომელიც ორფოლოს პოლიგონზე გაიმართა.

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit (მებრძოლი სული) საქართველოში უკვე მეშვიდედ ტარდება და მასში, საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიისა და აზერბაიჯანის 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გიორგი კაჭარავამ აღნიშნა, რომ სომხეთმა ჯერ თანხმობა განაცხადა ნატო-ს მრავალეროვნულ სწავლებებში, შემდეგ კი, ბოლო მომენტში, სამწუხაროდ, უარი თქვა... თუ რა მიზეზით გამოეთიშა სომხეთი ნატოს სწავლებას, სომხეთის თავდაცვის მინისტრს, არცრუნ ოვანესიანს კომენტარი არ გაუკეთებია... თუმცა, მისმა მოადგილე არტაკ ზაქარიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის უარი, არ გაეგზავნა ჯარისკაცები საქართველოში, გასაკვირი არ არის, რადგან "კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელშეკრულებას სომხეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს"...

სომხური მედიის თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რეალური შანსი, სომხეთი დასავლეთს დაახლოვებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთმა მათ ოცნებას ფრთები დროულად შეაკვეცა. თავის მხრივ, სომხეთის პირველ პირებს გაოცებული ადგილობრივი საზოგადოებისთვის "სტანდარტული პასუხის" გაცემა მოუწიათ, რადგან ასეთი იყო "უმაღლესი მბრძანებლების" ანუ რუსეთის ნება.

"საინტერესოა, რატომ არ ჰკითხა სარქსიანმა რჩევა მათ სწავლებაში მონაწილეობამდე..." - წერს სომხეთის ანალიტიკური გამოცემა Lragir-ის მთავარი რედაქტორი აიკაზნ გაგრიანი. მისივე თქმით, სექტემბერი, სომხურ პოლიტიკაში "შავ თვედ" დარჩება, რადგან შესაძლოა, იგივე პროცესები განმეორდეს, რაც 4 თვის წინ, როდესაც სარქსიანმა, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრების გადაწყვეტილება, ასევე "ერთ ღამეში" მიიღო, რაც შემდეგში სომხეთისა და ყარაბაღისთვის ძლიერი დარტყმა გახდა.

"გასულ კვირას, ამერიკელმა დიპლომატმა, რიჩარდ მაილსმა განაცხადა, რომ ამერიკაში სურთ, სომხეთი თავისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდეს, რასაც სომხეთის ხელისუფლების წევრების ისეთი კომენტარები მოჰყვა, თითქოს სომხეთში მართლა სახელმწიფო ინტერსებიდან იღებდნენ გადაწყვეტილებას" - წერენ სომეხი ბლოგერები და ირონიულად აღნიშნავენ, რომ სარგსიანის გადაწყვეტილებას ძნელია სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით გადადგმული ნაბიჯი უწოდო...

მათივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ კონსტიტუციური, სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები არც არსებობს სომხეთში. მეტიც, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ქვეყნის გარეთ, რუსეთში იღებენ... "ჰოდა, საინტერესოა, მაშ რატომ დართო რუსეთმა გასულ აგვისტოს სომხეთს ამ სწავლებებში მონაწილეობის ნება?!. შესაძლოა, ამას ერთის მხრივ კავშირი ჰქონდეს ამერიკასთან და ასევე, რუსეთთან?.. საქმე ის არის, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის დაპირისპირება ახალ იმპულსს იძენს, - ამერიკაში დაიხურა რუსეთის დიპლომატიური მისიები. ამ ფონზე კი, რუსეთის მხრიდან სომხეთის ამ სწავლებებში მონაწილეობის აკრძალვა, კონტრდაზვერვას, ან სულაც ამერიკის მიმართ საპასუხო სანქციებს ჰგავს...

გარდა ამისა, როგორც ჩანს, რუსეთმა და თურქეთმა, სომხეთის ნატოს სწავლებებში მონაწილეობის პროცესში, გარკვეული საკითხები განიხილეს. საქმე ის არის, რომ სომხეთის ევროკავშირთან ურთიერთობის განვითარებით, მხოლოდ სომხეთი და რუსეთი კი არა, თურქეთი და აზერბაიჯანიც იხეირებენ, რადგან მათ ესმით, სომხეთის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა, გამოსავალი არავისთვის არის და ვერც სომხეთის ეკონომიკას ეშველება რამე..."- წერენ სომეხი ბლოგერები.

სომხური მედიის ერთი ნაწილი ძალზე მტკივნეულად აღიქვამს, რომ რუსეთი მუდმივად აკეთებს იმის დემონსტრირებას, რომ სომხეთის საკითხებს თავად წყვეტს, - "მეორეს მხრივ, სომხეთი, თანდათან სირცხვილის პოლიტიკის ინსტრუმენტად იქცევა..." - წერს სომხური მედია და აქვე დასძენს, რომ სომხეთში მიღებული გადაწყვეტილებები ერთ მიზანს ემსახურება, - ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას. "ხელისუფლების ინტერესი ნათელია, მაგრამ რას იღებს სომხეთი ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ?!"- კითხულობს სომხური მედია...

სომხეთმა, ივლისის ბოლოს საკუთარი სამხედროები აღმოსავლეთ ევროპაში, ნატოს 2017 წლის ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებზე Saber Guardian-ზე მიავლინა. აგვისტოს დასაწყისში კი, ერევანი - სამედიცინო ასეულის დონეზე იყო ჩართული ნატოს "ღირსეული პარტნიორის" სწავლებაში, რომელიც ვაზიანსა და ნორიოს სამხედრო ბაზებზე გაიმართა.

მაშინ ქართველი სამხედრო ექსპრტები ინტერესით კითხულობდნენ, - როგორ დართო რუსეთმა მას ამის უფლება და არც რუსეთის რეაქციამ დააყოვნა... საერთოდ კი, გეგმის მიხედვით, "ღირსეულ პარტნიორში" აზერბაიჯანსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა, ბაქომ გადაიფიქრა...

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთის ზეწოლით სომხეთმა საქართველოს ტერიტორიაზე, ნატოს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, - 2009 წელს, ერევანმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მაისსა და ივნისში გამართულ Saber Guardian-2009-შიც აღარ მიიღო მონაწილეობა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე