"სანამ მსოფლიო ვითარდება, ჩვენ ისევ საბჭოთა განათლების სისტემა გვაქვს..." - რას ყვება 16 წლის თელაველი ბიჭი ამერიკული სკოლის შესახებ

"სანამ მსოფლიო ვითარდება, ჩვენ ისევ საბჭოთა განათლების სისტემა გვაქვს..." - რას ყვება 16 წლის თელაველი ბიჭი ამერიკული სკოლის შესახებ

გიორგი ორკოდაშვილი 16 წლის თელაველი მოსწავლეა, რომელიც პროგრამა - FLEX-ის საშუალებით ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა სასწავლებლად და იქ ერთი წელი დარჩება. როგორც თავად ამბობს, აქტიური ადამიანია, ცდილობს იყოს აქტიური მოქალაქეც - არის ეკო-აქტივისტების დამოუკიდებელი ჯგუფის დამფუძნებელი, ტრენერი და ბლოგერი. გიორგის თქმით, ამერიკაში ყოფნის დროს ყველაფერს გულისყურით აკვირდება, რათა შემდეგში, საქართველოში დაბრუნებულმა, სამშობლოში სიახლეები ჩამოიტანოს.

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქში გამოქვეყნებული მისი პოსტი, სადაც გიორგი ამერიკული სკოლის განათლების დონისა და აღზრდის მეთოდების შესახებ წერდა, ათასობით ინტერნეტმომხმარებელმა წაიკითხა და გააზიარა.

დაწვრილებით, თუ როგორ ცხოვრობს და სწავლობს აშშ-ში 16 წლის ქართველი ბიჭი, გიორგი ორკოდაშვილი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში საუბრობს:

- რთული იყო თუ არა ამერიკაში ჩასვლის პირველი დღეები?

- არა, არანაირად. პირველი რაც ამერიკაში ჩასვლისას გავაკეთე, აღმოსავლეთ სანაპიროზე ექსკურსია იყო. მე და ჩემმა მასპინძელმა ოჯახმა ვნახეთ ვაშინგტონი, ბალტიმორი, ფილადელფია, ნიუ იორკი და შემდეგ ნიუ იორკის შტატიდან ნებრასკამდე მნიშვნელოვანი სანახაობები, შესაბამისად ძალიან მარტივად შევეგუე აქაურობას, რადგან პირველი ორი კვირა მოგზაურობით და ჩემთვის საოცნებო ადგილების ნახვით ვიყავი დაკავებული.

- როგორც ვიცი, თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამერიკულმა სკოლამ, რატომ?

- ნიუ იორკმა ვერ გამაოცა ისე, როგორც ამერიკულმა სკოლამ. თითქმის თვეა, რაც სწავლა დავიწყე და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ვიცოდი ამერიკული სწავლის სისტემის შესახებ, მაინც ყველა მოლოდინს გადააჭარბა. დილით 6 საათზე მიწევს გაღვიძება მაგრამ მაინც დიდი სიხარულით მივდივარ სკოლაში. კომპიუტერები დაგვირიგეს და ყველა საგანში ვიყენებთ, საშინაო დავალებებს ელექტრონულად ვუგზავნით და დედლაინები გვაქვს. მაგალითად 7:24-მდე ან 8:29 მდე, თუ 1 წამით მაინც დამაგვიანდა, მინულდება ის დავალება. ყველა კლასში პროექტორია, ყველა მასწავლებელი თავისი საგნის პროფესიონალია. გაკვეთილები ძალიან სახალისო და ინფორმაციულია - არც ერთი საკითხის მოწოდება ჩვეულებრივი მეთოდით არ ხდება - სულ თამაშები, აქტივობები, საინტერესო დავალებები. თავი ტრენინგზე მგონია ხოლმე. საგნები ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა - უმეტესობა კი ისეთია, ყოველდღიურად რომ გამოიყენებ: პერსონალური ფინანსების მენეჯმენტი, კომუნიკაციების ხელოვნება, თვით-მენეჯმენტი, საჯარო გამოსვლები. ყველა საგანი მე ავარჩიე და მხოლოდ იმას ვსწავლობ, რაც მაინტერესებს და ვთვლი, რომ გამომაგდება.

ერთ-ერთი საგანი ლიტერატურა მაქვს აღებული და რა თქმა უნდა, არც ლექსებს გვაზეპირებინებენ და არც მოთხრობების მოყოლას გვთხოვენ. ვკითხულობთ წიგნებს, განვიხილავთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოგვაქვს, ვიდეოებს ვამზადებთ, დისკუსიები გვაქვს, წარმოდგენებს ვდგამთ, ფილმებს ვუყურებთ, წიგნს და ფილმს ერთმანეთს ვადარებთ. ამ სწავლის სისტემის მეშვეობით, ყველა მოსწავლე ვინც გავიცანი, უკვე ჩამოყალიბებული ადამიანია, იციან რა უნდათ, მუშაობენ, საკუთარი ფული აქვთ, ზოგი უნივერსიტეტისთვის აგროვებს ფულს, ზოგი მანქანისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 18-ის არ არიან, უკვე მშობლებისგან დამოუკიდებლად შეუძლიათ ცხოვრება და მათ ფულს აღარ იყენებენ. ჰოდა ასე, სანამ მსოფლიო ვითარდება, ჩვენ ისევ იგივე განათლების სისტემა გვაქვს რაც საბჭოთა კავშირში გვქონდა, არც ახალი საგნები გვინდა და არც განსხვავებული სწავლის მეთოდები. ძალიან, ძალიან მინდა მალე საქართველოშიც იყოს ასეთი სწავლა და საქართველოში მცხოვრები მოსწავლეებიც მივყვეთ მსოფლიოს განვითარებას.

- სამომავლოდ რა მიზნები გაქვთ?

- სამომავლოდ, პირველ რიგში ამერიკაში წარმატებული წელი მინდა მქონდეს, წარმატება ის იქნება, რომ რაც შეიძლება მეტს ვისწავლი, ყველა შანსს გამოვიყენებ ახალი გამოცდილებების მისაღებად და ბევრ ადამიანს გავაგებინებ საქართველოზე, ქვეყანაზე, რომელიც დღემდე რუსეთის ოკუპაციის და სისასტიკის მსხვერპლია. საქართველოში მაისში ვბრუნდები და ვაპირებ ის გამოცდილება, რასაც ამერიკაში დავაგროვებ, მანდ გამოვიყენო, გავუზიარო ბევრ ადამიანს და ის, რასაც აქამდე საქართველოში ვაკეთებდი, უფრო ახალი მეთოდებით და ახალი სტილით ვაკეთო.

- რას ეტყოდი და ურჩევდი შენს თანატოლებს?

- ალბათ იმას, რომ საკუთარი მიზნების მისაღწევად ენერგია არ დაზოგონ და კიდევ იმას, რომ განათლება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი