ჰესები, კრიზისის მიუხედავად, მაინც აშენდება

ჰესები, კრიზისის მიუხედავად, მაინც აშენდება

საქართველოს ენერგოსექტორში დაბანდებების მიმართ ბოლო დროს კერძო ინვესტორთა დაინტერესება იზრდება. უკვე დაწყებული რამდენიმე მშენებლობის გარდა, ენერგეტიკის სამინისტროში წინადადებები შესულია აჭარაში ასაგებ ჰესებზე.

დაწყებულ პროექტებს შორის ყველაზე ადრე გურიაში მდებარე ჰესი უნდა დასრულდეს, თუმცა შემდგომ იქ უკვე ჰესების კასკადის აგებაც იგეგმება. ოზურგეთის რაიონში მდინარე ბახვისწყალზე 6-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა ქართულ-ესტონურმა "ბახვი ჰაიდრო პაუერმა" ორ წელიწადში უნდა დაასრულოს. კომპანია 9,7 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებს. ჰესამდე მოკლე გზის გაყვანაც იგეგმება, რაც ადგილობრივების აზრით, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას სასიკეთოდ წაადგება და შესაძლოა, ტურიზმის განვითარებასაც შეუწყოს ხელი.

"ბახვი III" ერთ-ერთია ჰესების იმ ნუსხიდან, რომლებიც სახელმწიფომ ინვესტორებს შესთავაზა. ენერგეტიკის სამინისტრომ გასაყიდად 2008 წლიდან სულ 80-მდე პოტენციური ჰესი გამოიტანა. ყველაზე დიდი პოტენციალი (70,7 მგვტ) რაჭა-ლეჩხუმში, მდინარე რიონზე "ალპანაჰესს" აქვს, ყველაზე მცირე კი გურიაში, მდინარე გუბაზეულზე მდებარე ჰესს -3,06 მგვტ.

ენერგოსექტორში ინვესტირების მსურველებს სახელმწიფო თავის პირობებს უყენებს. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ 10 წლის განმავლობაში, ზამთრის თვეებში, ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის რეალიზება მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე მოხდეს. წლის სხვა თვეებში კი ინვესტორი ბაზრის არჩევისას თავისუფალია.

ვალერი ჩიტაიშვილი (სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში):

"აუცილებელია, რეგიონს ეკონომიკური განვითარების გეგმა ჰქონდეს, თუმცა ეს არ უნდა იყოს მხოლოდ პროგრამა პროგრამისთვის. გურიას დიდი პოტენციალი აქვს როგორც სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ასევე სწორედ ენერგოსექტორის განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ინვესტორებმა დააბანდონ ფული ჩვენს რეგიონში, მაგრამ მათაც უნდა ნახონ მოგება. მაგალითად, უკვე ცნობილია, რომ "ბახვი ჰესის" პირველი კასკადის მშენებლობისთვის 9 მილიონი დოლარი დაიხარჯება და ის დაახლოებით 7 მეგავატამდე სიმძლავრის იქნება. თუმცა ჰესი კასაკადურია და საერთო ჯამში 44 მეგავატი უნდა გამოიმუშაოს. ჰესთან მისასვლელი გზის მშენებლობა სრულდება და მიმდინარე ზაფხულს კასკადის მშენებლობა დაიწყება. გურია მდინარეებით მდიდარია და აქ რამდენიმე კასკადური ჰესის აშენებაა შესაძლებელი.

ინვესტორების დაინტერესება მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია. უკვე მიმდინარეობს ოზურგეთი-ჯუმათი-ნინოშვილი-ლესას 24-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიონი ლარია. ამ გზის მშენებლობაზე 100-მდე ადგილობრივი დასაქმდა და ის ლანჩხუთისა და ოზურგეთის 14 სოფელს გაივლის.

წლეულს დიდი სოფლების მოასფალტება იგეგმება, დაწყებულია ნატანები-შრომა-ურეკის 18-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. გზის მშენებლობის პროცესი ითვალისწინებს მეწყრული ზონების გამაგრებას, გაბიონების, სანიაღვრე არხებისა და გადასასვლელი ხიდების მოწყობას. ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის სამივე მუნიციპალიტეტში დაიგო 100 კილომეტრამდე გზის საფარი. გურია მდიდარია როგორც ზღვის, ასევე მთის კურორტებით. გრიგოლეთში, შეკვეთილსა და ურეკში გზების რეაბილიტაცია დასრულდა. გომის მთასა და ბახმაროს მიმართულებით კი გზების მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ წლეულს ოქტომბერში გურიაში ეკონომიკური ფორუმის გამართვა იგეგმება, სადაც სხვადასხვა სახის საინვესტიციო წინადადებებს განიხილავენ, მათ შორის წარმოების განვითარებისა და ტურიზმის მიმართულებით. ველოდებით სტუმრებს უკრაინიდან, ლიტვიდან, ჩეხეთიდან და პოლონეთიდან. უკრაინის ხერსონის ოლქი გურიის სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორია. გურიაში ყოველწლიურად მოწეული 16 ათასი ტონა ციტრუსიდან 80% საექსპორტოდ უკრაინასა და ბელორუსიაში გადის, 20%-ის რეალიზება კი ადგილობრივ ბაზარზე ხდება. პირველი ეკონომიკური ფორუმი გურიაში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება".

პროგრამა "განახლებადი ენერგია -2008"-ის ფარგლებში საქართველოში შარშან ორი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. 2010 წლისთვის კი ოთხი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება იგეგმება.

41,5 მგვტ-იან "ზოტიჰესს" "ენერგო-პრო ჯორჯია" ააგებს და ხუთი წლის განმავლობაში 90 მლნ ევრომდე დახარჯავს. 38 მგვტ-იან "მტკვარიჰესს" სს "კავკასიის ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა" (CEI) აშენებს სამცხე-ჯავახეთში და ის 2012 წელს უნდა დაასრულოს, ინვესტიცია $70 მლნ-ია.

78 მგვტ სიმძლავრის "ფარავანჰესს" თურქული კომპანია "ჯორჯიან ურბან ენერჯი" ააშენებს ($147 მლნ). წინა წლებში კი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ჰიდროენერგეტიკულ გარიგებად ჩინელი ინვესტორების მიერ კახეთში "ხადორჰესის" მშენებლობა ითვლებოდა, საინვესტიციო პროექტის საერთო ღირებულებით $25 მლნ. ჰესი 2004 წელს ამოქმედდა და მისი საშუალო წლიური გამომუშავება 100 მლნ კვტ/სთ-ია.

ემა ტუხიაშვილი

"ეკოპალიტრა"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ