გაიცანით 15 წლის ქართველი ბიჭი, რომელმაც ინფორმატიკის ევროპულ ოლიმპიადაზე ურთულესი ამოცანა ამოხსნა

გაიცანით 15 წლის ქართველი ბიჭი, რომელმაც ინფორმატიკის ევროპულ ოლიმპიადაზე ურთულესი ამოცანა ამოხსნა

15 წლის ნიკა ბირკაძემ ევროპის ჯუნიორ მოსწავლეთა ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში ურთულესი ამოცანა ამოხსნა, რის შედეგადაც ჩემპიონი გახდა, ოქროს მედლით დაჯილდოვდა, საქართველო კი ევროპის სამ გამარჯვებულ ქვეყანას შორის მოხვდა.

ევროპის ჯუნიორ მოსწავლეთა ოლიმპიადის გამარჯვებული 11 წლიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ "მზიურში" სწავლობს პროგრამირებას. ნიკა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე სკოლის მოსწავლეა.

"მათემატიკა თავიდანვე მომწონდა. მესამე კლასში ვსწავლობდი, როცა გამიყვანეს მათემატიკის ოლიმპიადაზე და გავიმარჯვე. მეხუთე კლასიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ "მზიურში" დავიწყე ინფორმატიკის სწავლა, რამაც ასევე ძალიან დამაინტერესა, საბოლოო ჯამში კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შესარჩევი ეტაპების გავლის შემდეგ მოვხვდი. მათემატიკაც მაინტერესებს და ინფორმატიკაც, მაგრამ მომავალში ალბათ უფრო ინფორმატიკას და პროგრამირებას ავირჩევ," - აღნიშნავს ნიკა.

ნიკა ინფორმატიკის ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების სამ წევრთან ერთად იყო წასული, სადაც მათი დავალება 6 ამოცანის ამოხსნა გახლდათ. მათგან ერთ-ერთს მხოლოდ ნიკამ და ბულგარეთის ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა გაართვა თავი.

"ამოცანის პირობა ასეთი იყო: პირობის მიხედვით, ჭადრაკის ახალი ფიგურა ჰქონდათ გამოგონებული და აღწერილი იყო რა პრინციპით მოძრაობდა. ვიცოდით ჭადრაკის დაფის ზომები და ჭადრაკის ფიგურის გზა ისე უნდა გამოგებეჭდა, რომ ყველა უჯრა მოევლო და საწყის წერტილში დაბრუნებულიყო. ამ ამოცანას მთელი შეჯიბრის განმავლობაში ამოხსნიდი, რომელი 7-13 სექტემბრის განმავლობაში გრძელდებოდა, თუ მაშინვე, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი იყო, შენი პროგრამა რა სისწრაფით გაივლიდა და ჩაეტეოდა თუ არა მეხსიერების შეზღუდვებში," - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ნიკა ბირკაძე. ოლიმპიადაში გამარჯვებისთვის მას ოქროს მედალი და რობოტი გადასცეს, რომელიც თავად უნდა ააწყოს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჯუნიორ მოსწავლეთა ოლიმპიადაში მონაწილეობას ნიკა ბირკაძესთან ერთად მისივე ასაკის თეიმურაზ თოლორაია, ივანე კაპანაძე და გიორგი კობახია იღებდნენ, რომელთაც საქართველოს ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლები მოუტანეს. საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი ინფორმატიკაში, გოჩა მანდარია აღნიშნავს, რომ ნიკამ მიღწეული შედეგით მოლოდინს გადააჭარბა:

"წარმატების მოლოდინი, რა თქმა უნდა მქონდა, მისგან ოქროს მედალს ველოდებოდი, მაგრამ ევროპის ჩემპიონი თუ გახდებოდა, ამაში დარწმუნებული არ ვიყავი, რადგან ამ კონკურსში მონაწილეობას ძალიან ჭკვიანი და ძლიერი ბავშვები იღებენ. ძლიერი მონაწილეები ყავდათ რუსეთს, ბულგარეთს, უკრაინას, პოლონეთს, რუმინეთს და სხვა ქვეყნებს, მაგრამ ჩვენ ევროპის სამ უძლიერეს ქვეყანას შორის მოვხვდით. მეორე ოქროს მედლის აღებაც შეგვეძლო, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოვიპოვეთ," - დასძენს ნაკრების ხელმძღვანელი.

გოჩა მანდარიას თქმით, ნიკა ბირკაძეს წარმატება სხვა ოლიმპიადებშიც მრავლად ჰქონია. მაგალითად, მოზრდილთა მსოფლიო ოლიმპიადაზე, რომელშიც მონაწილეობას 85 ქვეყანა იღებდა, ნიკამ ვერცხლის მედალი მოიპოვა:

"მომავალში ამ ბავშვების წარმატების იმედი, რა თქმა უნდა, მაქვს, რადგან ეს შედეგები არა უბრალოდ, არამედ მძიმე და ბევრი შრომის შედეგად მოდის. არც ერთი ბავშვი ეროვნულ ნაკრებში შემთხვევით არ მოხვედრილა, მათი შედეგებიც გვაძლევს იმედს, რომ მომავალშიც ასეთივე წარმატებულები იქნებიან,"- აღნიშნავს გოჩა მანდარია.

ოლიმპიადის შედეგით ძალიან გახარებულია ნიკას დედა, ლელა ნონიაშვილი:

"მათემატიკა ძალიან უყვარს, აქამდეც გაუმარჯვია კონკურსებში, ზოგიერთში ვერცხლის მედალიც მოიპოვა, ახლა კი ჯილდოდ ოქროს მედალი მიიღო და უკან ძალიან გახარებული დაბრუნდა. მოლოდინი მქონდა, რომ წარმატებას მიაღწევდა, თუმცა ამ კონკურსში გამარჯვება ჩემთვის მოულოდნელი იყო," - აღნიშნავს ის.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

მე-12 კლასელი ქართველი ბიჭი, რომლის ნიჭიც მსოფლიომ აღიარა

მწერები, დარღვეული სანიტარული ნორმები  -  მაღაზიებისა და კაფეების ნაწილში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

“აბაშიძეზე გამაჩერეს და მითხრეს, ყველს ხომ არ გასინჯავთო?...” - gemrieli.ge-ს რედაქტორის ბლოგი