ბოლო წლებში რუსეთი 27 ქვეყნის არჩევნებში ჩარევას შეეცადა

ბოლო წლებში რუსეთი 27 ქვეყნის არჩევნებში ჩარევას შეეცადა

ბოლო ხანებში, რუსეთი გავლენების მოსაპოვებლად შეცვლილი, ან სულაც კარგად აპრობირებული, დღემდე გაუხმაურებელი მეთოდებით მუშაობდა და "ბრალდებებს" კატეგორიულად უარყოფდა... თუმცა, გერმანიის მარშალის ფონდის მიერ მომზადებულმა ანგარიშმა რუსეთის მისწრაფებებს ნათელი მოჰფინა - 2004 წლის შემდეგ, რუსეთი 27 ქვეყნის არჩევნებში ჩარევას შეეცადა, რაც "ფეისბუქზე", "ტვიტერზე" და სხვა სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის კამპანიას, კიბერ-შეტევებს და სხვა არაციფრულ მეთოდებს გულისხმობს...

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, კონგრესში "ჰელსინკის კომისიის" მოსმენაზე, რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიის ფორმა და შინაარსი განიხილეს. აქტიური ქმედებების საშუალებით, რომელიც დასავლურ არჩევნებში აგრესიულ ჩარევას გულისხმობს, "რუსეთი ცდილობს გაყიდოს შიში, უთანხმოება და პარალიზება, რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ასუსტებს დასავლურ ალიანსებს, როგორიცაა ნატო და ევროკავშირი", - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა კორი გარდნერმა.

ამერიკის აღშფოთება "რაშა თუდეის" და მისი შვილობილი "სპუტნიკის" საშუალებით რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია. "რაშა თუდეის" განცხადებით, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა კომპანიას, რომელიც "რაშა თუდეის" ფლობს და ამერიკაში მაუწყებლობს, მოსთხოვა "უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის" (FARA) აქტის შესაბამისად რეგისტრაცია გაიაროს, რაც ნიშნავს, რომ ყველა პირი, რომელიც დაკავშირებულია უცხო ქვეყნის მთავრობასთან, ვალდებულია საკუთარი კავშირების შესახებ საჯაროდ განაცხადოს. რეგისტრაციის შემთხვევაში, "რაშა თუდეის" და "სპუტნიკს" მოუწევთ თავიანთ მსმენელებს გაუმხილონ, რომ მათ რუსეთის მთავრობა აფინანსებს.

ზოგადად, დასავლეთის ქვეყნები რუსეთის მხრიდან შიდა საქმეებში ჩარევაზე სისტემატურად საუბრობენ. ამჯერად, რუსეთს მიზანში გერმანია ჰყავს, რომელიც 24 სექტემბრის არჩევნებისთვის ემზადება. არც ისე დიდი ხნის, ერთ-ერთი გერმანული პარტია, "ალტერნატივა გერმანიისთვის", მოსკოვში მიმდინარე წელს უკვე მეორედ იმყოფებოდა და დუმის წარმომადგენლებს შეხვდა. პარტიის ჩასვლა და შეხვედრის დეტალები პრესისთვის დახურული იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც ინფორმაციამ პრესაში გაჟონა, მხოლოდ მცირე განმარტებით შემოიფარგლნენ, - მათი თქმით, "ეს ვიზიტი ურთიერთობების განვითარებას ემსახურებოდა".

გერმანულ პარტიასთან შეხვედრას რუსეთის სახელმწიფო დუმის ხელმძღვანელის მოადგილე პეტრე ტოლსტოი და "ლიბერალ-დემოკრატიული" პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი, ასევე დუმის წარმომადგენელი ლეონიდ სლუცკი ესწრებოდნენ.  ადგილობრივი მედიის თქმით, ბოლო ხანებში, ეს პარტია, რეიტინგის მიხედვით, გერმანიაში მესამეა და არჩევნებში, ხმების 10-20%-მდე რაოდენობის მიღების იმედი აქვს.

bbc.com-ის ინფორმაციით, არსებობს სრულიად რეალური საფრთხე, რომ პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის", მესამე ადგილი მოიპოვოს. საქმე ის არის, რომ გერმანიაში მასობრივი ემიგრაციის ფონზე, რამაც უკვე დიდი ხანია ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, პარტიამ ანტიისლამური და ანტიემიგრაციული რადიკალური ლოზუნგებით მხარდამჭერების გული მოიგო...

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შესაძლოა, ბუნდესტაგში მოხვდეს 6 მარტია და მათ შორის "მემარჯვენე ნაციონალისტები"... ახლა გერმანიის პარლამენტში მოსახვედრად სულ 34 პარტია იბრძვის. 

თავის მხრივ, რუსული მედია ცდილობს, მის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებებით სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. არც ისე დიდი ხნის წინ, მარტინ შულცი რუსულ სტატიებში "პუტინის მხარდამჭერ" პერსონად იყო მოხსენიებული,  რასაც მის მომხრეებში აჟიოტაჟი მოჰყვა. მიზანი - ელექტორატში დაბნეულობის შეტანა და კანდიდატების გარშემო ბუნდოვანი სიტუაციის შექმნა იყო. სხვადასხვა კანდიდატების შანსებზე საუბრისას, რუსული გამოცემები არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ანგელა მერკელი კიდევ ოთხი წლის განმავლობაში იყოს გერმანიის სათავეში. თუმცა, არადამაიმედებელ ვერსიას ავრცელებს  bbc.com, მისი ინფორმაციით, ანგელა მერკელს გამარჯვება გარანტირებული არ აქვს, რადგან წინასწარი გამოკითხვებით, ამომრჩეველთა 46% მარტინ შულცს უჭერს მხარს, რაც მერკელს ნამდვილად აძლევს სიმშვიდის დაკარგვის საფუძველს...

ერთი სიტყვით, გერმანია პოლიტიკური ცვლილებისთვის ემზადება. გამოცემის თქმით, რუსეთში, რასაკვირველია კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ გერმანიის არჩევნების შედეგებს ევროპისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ევროპულ სივრცეში გერმანიას ძალიან დიდი გავლენა აქვს. ამიტომაც, სულაც არ არის გასაკვირი, რუსეთი მისთვის ხელსაყრელი მომენტების გამოყენებას ცდილობდეს.  

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე