ავტორი:

ომით გახლეჩილი ქართულ-აფხაზური ცხოვრების 24 წელი და ომამდელი ნოსტალგიური მოგონებები

ომით გახლეჩილი ქართულ-აფხაზური ცხოვრების 24 წელი და ომამდელი ნოსტალგიური მოგონებები

"წამოსვლისას, ბოლოჯერ გავხედე ჩემს სახლს და დავინახე, რომ მეორე სართულის ფანჯარა ღია დაგვრჩენოდა... სოხუმში ყველანაირი იარაღიდან ისროდნენ და მიბრუნება, რა თქმა უნდა, სისულელე იყო... მას შემდეგ 24 წელი გავიდა და ჩემი სახლი, ყოველთვის ღია ფანჯრით მესიზმრება და ასე მგონია, თუ ფანჯარას მივხურავდი, მას ვერავინ წამართმევდა. არ ვიცი, რა ჰქვია ამ სინდრომს..." - ამბობს ჩვენი რესპონდენტი, რომელიც თავის ღიასარკმლიან სახლში ყოველ ღამე "ბრუნდება"...

ომი, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გრძელდებოდა და ქართული მხარის დღემდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, 300 ათასი ქართველი კი, უსახლკაროდ დარჩა, - 27 სექტემბერს, ქართველების მარცხით დასრულდა... 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, აფხაზური მხარის მონაცემებით დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი, მათი თქმით, ამხელა ადამიანური დანაკარგი მეორე მსოფლიო ომის დროსაც არ ჰქონიათ...

სოხუმის დაცემა

ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის (1992-93) ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა - ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის, რომელთაც ასევე უჭერდნენ მხარს ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, ე.წ. მოხალისეები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად, გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთი... ამის შესახებ, ბოლო წლებში, აფხაზური მხარე ღიად საუბრობს, რაც მათ მიმართ მადლიერებაში გამოიხატება, - თუ როგორ დაეხმარნენ ყველაზე მნიშვნელოვან დროს, "თავისუფლების მოპოვებაში..."

სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში, 27 ივლისს ორ მხარეს შორის დაიდო... შეთანხმება 16 სექტემბრამდე გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და სოხუმზე, ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან, ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს. ეს იყო ახალი ძალითა და ახალი შეიარაღებით შეტევა, რადგან მანამდე კარგი შეიარაღებით არც აფხაზები გამოირჩეოდნენ...

შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან უკვე გაყვანილი ჰყავდა, თუმცა, ბოლო ძალებით, 27 სექტემბრამდე, გააფთრებული ბრძოლები არ შეწყვეტილა... საბოლოოდ, მასიურ შეტევას მცირე შეიარაღების მქონე ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და დიდი ადამიანური მსხვერპლის ფასად, სოხუმი დაეცა...

ადგილობრივი მთავრობის წევრები: ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია, რაულ ეშბა, სულ 17 ადამიანი, რომლებმაც ქალაქი არ დატოვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს. დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ქართველი ჟურნალისტი ალექსანდრე ბერულავა... აფხაზები 27 სექტემბერს მთავრობის შენობაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახლაც დუმან, თუმცა, რამდენიმე წლის წინ, ყაბარდოელი მეტყვიამფრქვევეს მიერ დეტალურად აღწერილმა ფაქტმა, ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი: მონათხრობში აშკარად ჩანს, რომ ქართველ ტყვეები საბედისწერო განსაცდელს ბოლომდე ღირსეულად შეხვდნენ... მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ტყვეები შენობიდან გამოიყვანეს, - შარტავამ რამდენჯერმე გაიმეორა: "ძალიან ბევრი ვიცი. დამიცავით..." მოედანი მინისტრთა საბჭოსთან გაივსო ადამიანებით, რომლებიც ყვიროდნენ "გამარჯვება", "აიაირა" და ისროდნენ ჰაერში.

ყაბარდოელი მოხალისეები არიდებდნენ, იცავდნენ ტყვეებს... ბრბოს დიდი ნაწილი მათ მიმართ აგრესიული იყო, თუმცა, მოხალისეების თქმით, ქართველების თვალებში შიში არ ჩანდა. მშვიდად იყვნენ შარტავა და გაბისკირია..."- იგონებს ყაბარდოელი, მისივე თქმით, გზაში ტყვეთა ჯგუფი დახვრიტეს... საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა...

"დამოუკიდებელი" აფხაზეთი - "რა იქნება ხვალ?!"

2008 წლის აგვისტოს, საქართველო-რუსეთის უთანასწორი ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ნიშნი მოუგო და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობა" აღიარა. რუსეთის გადაწყვეტილებას, ორივე რეგიონში საზიემო განწყობით შეხვდნენ. თუ არ ჩავთვლით, ერთი-ორი სკეპტიკოსის კითხვას, რომლებიც უფრო აფხაზურ საზოგადოებაში იყო შესამჩნევი, - რა იქნება ხვალ?!

საქმე ის არის, რომ ისეთი "ხვალის" მოლოდინი, რომელიც ორივე რეგიონში ზარ-ზეიმით აღნიშნეს, არც 8 წლის შემდეგ დამდგარა და რუსეთთან ყოველდღიური ინტეგრაციის ფონზე, არავითარი წინაპირობა არსებობს, რომ ოდესმე დადგება... ვარაუდის გარეშეა, რომ ეს კარგად იცოდა, ორივე რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელობამ, თუმცა, საყოველთაო დღესასწაულის კვალდაკვალ, რუსეთთან უფრო მეტად დაახლოების ახალ გზებზე დაიწყეს ფიქრი, რათა ძალაუფლებაში ყოფნის ვადა გაეხანგრძლივებინათ...

მაშ ასე, რა შეიცვალა კონკრეტულად აფხაზეთში, ამ 24 წლის განმავლობაში - ამაზე იქ არსებული არასახარბიელო ვითარება მეტყველებს, რომელიც ყველა მიმართულებას, ყველა ე.წ. უწყებასა და სფეროს ეხება. აფხაზური საზოგადოება, ამა თუ იმ პრობლემურ თემაზე საუბრისას მუდმივად იყენებს ფრაზას, - რას დავემსგავსეთ ბოლო 25 წელია?.. უმძიმეს სოციალური ფონი, კორუფცია, ნარკომანია, კრიმინალი, მოუწესრიგებელი "ჯანდაცვისა" და "საკანონმდებლო" სფერო, განათლების უკიდურესად დაბალი დონე და რაც მთავარია, გაღარიბების გზაზე მდგარი რეგიონი, - ასეთია აფხაზეთის დღევანდელი სურათი, პრობლემების არასრული ჩამონათვალით.

აფხაზებს საკუთარ პრობლემებზე ხმამაღალი წუწუნი არ ჩვევიათ, თუმცა, ბოლო წლებში რეგიონში ვითარება რომ ყოველდღიურად უარესობისკენ იცვლება, ამის წაყრუებას დანაშაულად მიიჩნევენ და ცდილობენ, მუდმივი პროტესტით, "ხელისუფლება" აიძულონ ვითარების გამოსწორებაზე იზრუნოს... რაულ ხაჯიმბა ამ მოთხოვნას "თავისებურად" პასუხობს, - აფხაზეთში გავლენებს ნაბიჯ-ნაბიჯ აძლიერებს რუსეთი. ამის ნათელი მაგალითია, "აფხაზეთის ხელმძღვანელობასა" და რუსეთს შორის გაფორმებული "ხელშეკრულება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში თავისებური "განშტოებები" აქვს და რომლის ბოლო "ნაბიჯია" - "ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის" შექმნა, აფხაზეთში დანაშაულების პრევენციისთვის. დანაშაულებმა კი, იქ ბოლო ხანებში პიკს მიაღწია... ასევე, თვალშისაცემია მუდმივი წნეხი, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს და რომელიც აფხაზეთში ბოლოს საქმიანი ვიზიტით მყოფმა ვლადიმირ პუტინმაც გაახმოვანა - ტურიზმის განვითარებისთვის ჩაკეტილობის გახსნა. საუბარია, უძრავი ქონების უცხოეთის მოქალაქეებისთვის დაკანონებაზე, რასაც აფხაზები ჯერ-ჯერობით არ თმობენ...

კრიმინალი, კორუფცია, ჯანდაცვა - აფხაზეთის მოურჩენელი ტკივილი

რუსეთმა ყოველთვის კარგად იცის, რა დროს რომელი სვლა გამოიყენოს, - "დამოუკიდებელი" აფხაზეთის მოსახლეობა ხელფასებსა და პენსიებს რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს, რომელსაც პუტინის ხელისუფლება იმის მიხედვით გასცემს და ზღუდავს, რამდენად "დამჯერად" იქცევა მისი მოკავშირე აფხაზეთი... ამიტომაც, ზემოთ ხსენებული ხელშეკრულების გაპროტესტების შემდეგ, აფხაზეთში რამდენიმე თვის განმავლობაში უხელფასოდ მუშაობა მოუწია...

საქმე ის არის, რომ უმუშევრობის მაღალი დონის გამო, აფხაზეთის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი პენსიით ცხოვრობს. 2010 წლის მონაცემებით, აფხაზეთში, 47 331 (?!) პენსიონერი ცხოვრობს, მათი უმეტესობა, 90-იანი წლების ომის მონაწილეა და ბევრი მათგანი, იმ წლებში მიღებული ჭრილობებით ცხოვრობს... მას შემდეგ, რაც მათ ადგილობრივი ხელმძღვანელობის იმედიც გადაეწურათ და ვერც რუსეთის ჯანდაცვის მომსახურება გახდა მათთვის ხელმისაწვდომი, პირველად, წინა ხელისუფლების დროს, მათ სამკურნალოდ ენგურს აქეთ საქართველოს მიაშურეს...

ადგილობრივი მოსახლეობის მცირე პროტესტის მიუხედავად, - ენგურს აქეთ სამკურნალოდ ჩამოსული აფხაზი პაციენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება... საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ 2017 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, საქართველოს სამედიცინო დაწესებულებში მომსახურებით უკვე ისარგებლა 543-მა აფხაზმა პაციენტმა, მათ შორის, 94 ბავშვია. მათ მკურნალობაზე ამ პერიოდში საქართველოს ბიუჯეტიდან, დახარჯულია 1,294,600.87 ლარი... ცნობილია, რომ უფასო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრები აივ ვირუსით და ცე ჰეპატიტით დაავადებული, ასევე, ნარკოდამოკიდებული ადამიანები სარგებლობენ.

"თბილისში, სამკურნალოდ ჩამოსული ვნახე ისეთი ადამიანები, რომლებიც 90-იანი წლების ომში იბრძოდნენ... როგორც თავად თქვეს, ეს მათ არავინ დაუფასა..." - ასე იგონებს მათთან შეხვედრას "ქართულ-აფხაზური შერეული კავშირების" ხელმძღვანელი, რეზო ბენდელიანი...

"ომის ვეტერანების" უკმაყოფილებამ პიკს მიმდინარე წლის ზაფხულში მიაღწია, - 6 ივნისს, "საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის ინვალიდთა ფონდის" ხელმძღვანელს, ბადრი აგრბას საკუთარ კაბინეტში ესროლეს... "ყელში ამოუვიდა ჩვენს ხალხს, ისინი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და ყურადღებას არავინ აქცევს... პატრონი ჰყავს ამ ქვეყანას?.. სად წავიდა ის ერთსულოვნება, რომელიც 90-იან წლებში გვქონდა?.. რისი იმედი გვაქვს?. ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს?.. ვინმე რამეს გვეკითხება", - ამ კითხვებს სოციალურ ქსელებში აფხაზები ხშირად სვამენ და ამა თუ იმ რაიონში, ქალაქში, ქუჩაზე, სოფელში მომხდარი ყაჩაღობის, ძარცვის, გაუპატიურების, ძალადობის ფაქტებს უზიარებენ ერთმანეთს...

"ჯოჯოხეთი სამოთხეში"

ბოლო წლებთან შედარებით, წლევანდელი წელი აფხაზეთისთვის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა, - არაერთი გახმაურებული კრიმინალური ფაქტის, გაუპატირებების, ე.წ. კანონიერი ქურდების გარჩევების, რუსი ტურისტების დაყაჩაღების, ფიდაუთის სამხედრო ბაზაზე მოხმდარი აფეთქებისა და სხვა, აღურიცხავი დანაშაულობების ფონზე, აფხაზეთში ზღვის სეზონი ჩავარდა, რაც მათივე თქმით, ასე "ითარგმნება", - იმატებს კრიმინალი, რადგან ვალებს გადახდა უნდა, ადამიანებს არსებობა, ფული სჭირდებათ... ერთი სიტყვით, უფრო მძიმე ზამთარი გველის, ვიდრე ოდესმე... რაულ ხაჯიმბას (და ვერც მისი წინამორბედების) "ხელისუფლებამ", დამოუკიდებელი რესურსებით პრობლემების მოგვარებას თავი ვერ გაართვა, - "რაც უფრო მატულობს ქვეყანაში პრობლემები, მით უფრო მივიწევთ რუსეთისკენ" - ირონიულად აღნიშნავენ აფხაზები...

ფაქტია, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების პოლიტიკა წარუმატებელი გამოდგა, - მის თანამოაზრეებად, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ რჩებიან, - ამ ქვეყნების რიგში 2011-2014 წლებში ტუვალუც იყო, რომელმაც გადაწყვეტილება უკვე შეცვალა... ოკუპირებულ რეგიონში რუსული გავლენების გაძლიერება მათ აშკარა გაღიზიანებას იწვევს, თუმცა, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ენგურს აქეთ მათთვის ისევ "მეზობელი საქართველოა", რომელთანაც დრო თანდათან სულ უფრო აშორებთ...

ომამდელი ნოსტალგიის ნაპერწკალი...

სოხუმელ მწერალს, გურამ ოდიშარიას, რომელიც დრო და დრო თავის ქალაქს სტუმრობს, ყველაზე მძიმე მომენტებისთვისაც კი აქვს შემონახული, ქართულ-აფხაზური თანაცხოვრების ემოციური ეპიზოდები - "სოხუმში, ერთი ქართველი ექიმი ცხოვრობდა, - მეტსახელად "ბაჯა". ბავშვობიდან შემორჩა ასე... აფხაზი მეგობარი ჰყავდა. განუყრელი ძმაკაცები იყვნენ... დევნილობის შემდეგ, ბაჯა წამოვიდა, აფხაზი სოხუმში დარჩა... სოხუმში ერთ-ერთი ჩასვლისას, იმ ქუჩაზე მომიხდა სტუმრობა. ჩემს აფხაზ მეგობრებს ვესტუმრე. უცებ შეჩოჩქოლდნენ - რა მოხდა-მეთქი, ვიკითხე, - ერთ კაცზე მიმითითეს, - ახლა ეს დათვრება, ბაჯას სახლს მიადგება და დებოშს ატეხსო... ბაჯას სახლში უკვე სხვა ცხოვრობდა, აფხაზი...

შემდეგ მიამბეს, - ქართველი ბაჯას აფხაზ მეგობარს ნოსტალგია მოაწვება, დათვრება, ძველი მეგობრის სახლს ღამის 2-3 საათზე მიადგება და ბოლო ხმაზე ეძახის, - ბაჯა, ბაჯა!.. გამოვა თურმე ეს აფხაზი და უყვირის - "უბირაისა ატსიუდა, ზდეს ბაჯა ნე ჟივიოტ, ონ უეხალ ვ ტბილისი, იდი ტამ იში..." ამაზე ეს უფრო ბრაზდება, - ბაჯა ტამ ჟილ, ტამ ჟივიოტ ი ბუდეტ ჟიტო... სცემენ, გაკოჭავენ და წაათრევენ... თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, იგივეს აკეთებს... წლებია ასე გრძელდება... ვერ გააგრძელა ცხოვრება ძველი მეგობრის გარეშე და სოხუმში ყოფნა ტანჯვად ექცა, სმა დაიწყო... ეს ერთი და ორი ადამიანის ხვედრი არ არის, ეს ბევრი აფხაზის რეალობაა" - მითხრა მწერალმა, რომლის თქმითაც, ჩვენ ერთმანეთისთვის ნამდვილად ძვირფასები ვიყავით და შერიგებაზე საუბრისას, ასეთ ამბებს უნდა ჩავეჭიდოთო...

ალბათ ასეც უნდა იყოს, რადგან აფხაზებსაც არაერთხელ უთქვამთ, - რომ არა პოლიტიკა, ქართველებთან გასაყოფი რა გვქონდაო, თუმცა, ამდენი წლის შემდეგ, ჩვენი სურვილი შერიგებაზე ისევ ცალმხრივი რჩება, - ომის შემდეგ, აფხაზეთში ხელმძღვანელობა არაერთხელ შეიცვალა, ამ მხრივ, არც დანარჩენი საქართველო ჩამორჩება, თუმცა, ერთ მაგიდასთან დასხდომის შესაძლებლობა ვერ გაჩნდა...

ფოტოების წყარო: cyxymu.livejournal.com

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო