ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ოქტომბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ოქტომბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ოქტომბრის ნომერი #10(82), რომელშიც წაიკითხავთ:

კორეის ომის გაკვეთილები. როგორ იწყებოდა კონფლიქტი 67 წლის წინ

ომი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის 1950 წელს დაიწყო და სამ წელიწადს გაგრძელდა. ცივი ომისდროინდელ ამ კონფლიქტს ხშირად მიიჩნევენ არაპირდაპირ ომად, ერთი მხრივ, აშშ-ისა და მის მოკავშირეების, და მეორე მხრივ, ჩინეთისა და სსრკ-ის ძალებს შორის.

ომის დასრულების შესახებ ოფიციალური ხელშეკრულება დღემდე არ დადებულა. ჩრდილოეთ კორეის გენშტაბის ოპერატიული სამმართველოს ყოფილი უფროსის მტკიცებით, სამხრეთ კორეაზე თავდასხმისთვის ჯერ კიდევ 1948 წლიდან ემზადებოდნენ. 1950 წლისთვის წითელი კორეის არმია ყველა კომპონენტით აღემატებოდა სამხრეთელებისას. ბოლოს, საკმაო ყოყმანისა და კიმ ირ სენის დაჟინებული მიმართვების შემდეგ, 1950 წლის გაზაფხულზე სტალინი სამხედრო ოპერაციის გამართვას დათანხმდა.

კვირას, 25 ივნისს, გათენებამდე, ჩრდილოეთი კორეის ჯარებმა სამხრეთი მეზობლის საზღვარი გადალახეს. საბჭოთა სპეციალისტების მიერ გაწვრთნილი არმია 175 ათას ჯარისკაცს ითვლიდა, 280 ტანკითა და 210 საბრძოლო თვითმფრინავით, ხოლო ამერიკელების გაწვრთნილ და შეიარაღებულ სამხრეთელების ჯარს - 93 ათას სამხედროს თითქმის არ ჰქონდა ჯავშანტექნიკა და ოციოდე მსუბუქი სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი ჰყავდა. ჩრდილოელთა ჯარები წინ მიიწევდნენ. სამი დღის შემდეგ დაიკავეს სეული და მისი აეროპორტი დაანგრიეს. მრავალი დეპუტატი ტყვედ ჩავარდა. მართალია, ელვისებური გამარჯვება არ გამოვიდა, მაგრამ აგვისტოს შუა რიცხვებისთვის ჩრდილოეთელებმა სამხრეთ კორეის ტერიტორიის 90% დაიკავეს!

ორი ერის მღვდელმოწამე - წმინდა გრიგოლ ფერაძე

გრიგოლ ფერაძე დააპატიმრეს 1942 წლის 5 მაისს, თავის ბინაში. მისი დაპატიმრების უშუალო საბაბი იყო პროვოკაცია და დაბეზღება. პროფესორი გიორგი ნაკაშიძე თავის ინტერვიუში ამბობს: "ის დააბეზღეს... ვიცი, რომ მისი დღიური მიჰქონდათ გესტაპოში. ჩემთვის მათი გვარებიც ცნობილია. ეს ჩვენი სირცხვილია. მაგრამ ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი... გამოიძახეს ქართველი ოფიცრები, რომლებიც პოლონეთის არმიაში მსახურობდნენ. სამმა ოფიცერმა, რომელთაც პირადად ვიცნობ, განაცხადა, ყველაფერი ისეა დაჩხაპნილი, რომ წაკითხვა შეუძლებელიაო. მაგრამ ისინი ყოველთვის მოძებნიან მტრებს და გამოჩნდნენ კიდეც ამ უბედური ადამიანის მტრები".

ამასვე ადასტურებს სევდია დარეჯანი (აკა) ლუკაჩ-უგრეხელიძე: "ჩემთვის ძნელია (...) რამე დავამატო იმას, რაც უკვე არაერთხელ განმიცხადებია და რაც ყოველთვის მესმოდა მამაჩემისგან ჯერ კიდევ ვარშავაში. კერძოდ, რომ "ა" და "კ" უსაფრდებოდნენ ფერაძეს და დამნაშავე იყვნენ მის დაპატიმრებასა და სიკვდილში". მსგავს ჩანაწერს ვნახულობთ "ბრალდების ოქმში", რომელიც ქართველმა საკონტრაქტო ოფიცრებმა მოამზადეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ: "თუ "ა" ადვილად გაუსწორდებოდა დაუცველ სამხედრო ტყვეებსა და ებრაელებს, ასევე ადვილი არ იქნებოდა ჩვეულებრივი დაბეზღების გზით არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის დადანაშაულება და დაპატიმრება. მას უნდა დაესაბუთებინა მამა გრიგოლის წინააღმდეგ აღძრული ბრალდება"...

თამაშები სამეფო კარზე. ინგლისის ცხრადღიანი დედოფალი

1554 წლის 12 თებერვალს, ლონდონში, ეშაფოტზე აიყვანეს და თავი მოჰკვეთეს ინგლისის ყოფილ დედოფალს, 16 წლის ჯეინ გრეის, რომელმაც მხოლოდ ცხრა დღეს იმეფა. ის იყო პირველი ქალი, უგვირგვინო დედოფალ მატილდას შემდეგ (XII საუკუნე), რომელიც ინგლისის ტახტზე ავიდა. მისი ხანმოკლე მეფობის ისტორია ერთ-ერთი დრამატული ეპიზოდია ინგლისის ტახტისთვის ბრძოლაში. ჯეინ გრეის მამამ, ჰერცოგმა საფოლკმა, თვითონ ჩამოიყვანა თავისი ასული სამეფო ტახტიდან: "ჩამოდი, ჩემო შვილო, - მწუხარედ თქვა მან, - აქ უკვე აღარ არის შენი ადგილი". ჯეინის ბედი დიდხანს იყო გაურკვეველი. დედოფალ მერის არ სურდა თავისი ბიძაშვილის სიკვდილით დასჯა. ყოფილი დედოფლის ხვედრი გადაწყვიტა 1554 წლის იანვრის აჯანყებამ კენტის საგრაფოში, რომელშიც საფოლკის ჰერცოგი და მისი ძმაც მონაწილეობდნენ, ისინი შეეცადნენ, ჯეინი კვლავ გამოეცხადებინათ ინგლისის დედოფლად. აჯანყების ჩახშობიდან ორი დღის შემდეგ, მერიმ ხელი მოაწერა ჯეინისა და მისი ქმრის განაჩენს... ჯეინმა ილოცა, ფსალმუნი წაიკითხა, თვითონ აიხვია თვალები თეთრი სახვევით და წაიჩურჩულა: "გთხოვთ, მალე დაამთავრეთ".

ცხოვრება და ღვაწლი "ქისტი ჩობანისა". მათე ალბუთაშვილი - პირველი ქისტი მკვლევარი

XIX საუკუნის მიწურულიდან ქართული პრესის ფურცლებზე გამოჩნდა ფსევდონიმი "ქისტი ჩობანი", რომლის მასალები, ძირითადად, "ივერიაში" იბეჭდებოდა. ამ ფსევდონიმით წერდა მათე ომანის ძე ალბუთაშვილი (1863-1953) - სასულიერო მოღვაწე, მწერალი, ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი და პედაგოგი. ეს პირველი ქისტი მკვლევარი იმავდროულად, მართლმადიდებლობისთვის თავდადებული განმანათლებელიც გახლდათ.

მათე ალბუთაშვილის წინაპრები, გვარად აიაურები - ღილღოდან მითხოში გადასახლებულან. მათ სხვადასხვა დროს უცხოვრიათ ჯარეგოში, ჩაბანოსა და ხორბალოში, ხოლო შემდეგ პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში დასახლებულან. აქვე უნდა ითქვას, რომ ალბუთაშვილების გვარისანი არიან როგორც ქისტები, ასევე ქართველებიც...

მათე ალბუთაშვილის XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაწერილი ნაშრომი "პანკისის ხეობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი" შეიცავს ბევრ უცნობ, მეცნიერულად ღირებულ მასალას პანკისის ქისტების ყოფისა და კულტურის შესახებ.

ანტიკური კაპიტელებიდან ქრისტიანულ კანკელამდე - დაკვირვებანი ცაიშის ტაძრის ისტორიისთვის

ცაიშის ტაძარი სამეგრელოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ძველი და მრავალფეროვანი ისტორიით. ტაძრის დღევანდელი კანკელის ადგილას რამდენიმე წლის წინ საკურთხევლის კედლებთან, სადიაკვნოსა და სამკვეთლოს კუთხეებში დამაგრებული იყო მასიური, ორ მეტრამდე სიმაღლის წყვილი მარმარილოს სვეტი. 2015 წელს სვეტები კაპიტელებთან ერთად მოიხსნა და სამუზეუმო სივრცეში გადასატანად მომზადდა. ამჟამად არტეფაქტები ტაძრის დასავლეთ ნაწილშია შენახული. საქმე გვაქვს ლამაზ, თეთრი მარმარილოსგან დამზადებულ შესანიშნავ ნიმუშთან. ეს არის კორინთული ტიპის კაპიტელები. ძველ კანკელში თავის დროზე სამი კაპიტელი ყოფილა ჩაშენებული, სულ კი ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსის ტერიტორიაზე თეთრი მარმარილოსგან დამზადებული ექვსი კაპიტელი აღირიცხა. ჩნდება ლოგიკური კითხვა, როგორ აღმოჩნდა ცაიშის ტაძრის ტერიტორიაზე ანტიკური პერიოდის მარმარილოს კაპიტელები?..

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

5000 წლის "სარეკლამო ბილბორდი"

ანგლოსაქსური ხელოვნების "დამალული" შედევრი

კახეთ-ჰერეთის მეფის საფლავი სოფელ კალაურში აღმოაჩინეს

ბაკურციხეში წმინდა გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნა

მეფეთა ზეთისცხება - ლეგიტიმაციის უზენაესი ფორმა ბიბლიასა და შუა საუკუნეების მონარქთა კორონაციაში

დაუსრულებელი ფინალი - 1972 წლის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირში დამარცხებას წაგებული გუნდი დღემდე არ აღიარებს

უახლესი ისტორია. ოლიგარქის შეცდომა

ნაცისტური რაფსოდია. ფერენც სალაში - სომეხი, რომელიც უნგრეთის ფიურერი გახდა

ქართული ძეგლები. წალენჯიხის საკათედრო ტაძარი

ახალი ამბები. ლატვიის მეცნიერებათა აკადემიამ ქართველი მეცნიერი დააჯილდოვა

ფურცლები წარსულიდან. ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს