"ამ ქალმა შეძლო გაელღო ჩემთვის ქვის გული. მასთან ერთად ჩემში ადამიანური სითბოც მოკვდაო" - სტალინის ბავშვობის მეგობრის მოგონებები

"ამ ქალმა შეძლო გაელღო ჩემთვის ქვის გული. მასთან ერთად ჩემში ადამიანური სითბოც მოკვდაო" - სტალინის ბავშვობის მეგობრის მოგონებები

როგორ წარმოიშვა ბელადი, რომელიც აზანზარებდა წარსულს და აფორიაქებს მომავალს... რთული თემაა. თუმცა წერილში, რომელსაც გთავაზობთ, ალბათ ამის ახსნას როგორღაც იპოვით. ეს არის უცნობი მოგონებები სტალინზე, რომელსაც მისი ბავშვობის მეგობარი იოსებ ირემაშვილი გერმანიაში წერდა. ამ მოგონებებში სტალინის ბავშვობაა. როგორც წესი, ყველაფერი ბავშვობიდან იწყება... სტალინიც ბავშვობიდან დაიწყო. წიგნი "სტალინი და საქართველოს ტრაგედია" ირემაშვილების ოჯახმა რამდენიმე ხნის წინ გამოსცა.

***

ის ის იყო მოწაფეებმა სასკოლო რვეულებში 1890 წელი ჩავწერეთ, რომ კლასში უცნობი ბიჭი შემოიყვანეს. მასწავლებელმა დაფაზე დაწერა მისი სახელი: სოსო ჯუღაშვილი. ჩვენ ყურადღებით მივაცქერდით მას... მოგრძო, ჭორფლიან სახეზე ბევრი ნაიარევი ჰქონდა. გამხდარი იყო, მაგრამ ძლიერი აღნაგობისა. თაფლისფერ თვალებში შეუდრეკელ ხასიათს ამოიკითხავდით. ძალზე ძუნწად ლაპარაკობდა და ყველაფერს უარყოფდა. ამიტომაც არავის მოგვეწონა. ფიზიკურად კი ყველას გვჯობდა, ამიტომაც ვერიდებოდით.

ერთ დილას სემინარიის ეზოში კავკასიურ ჭიდაობაში ვვარჯიშობდით, რომ სოსომ ძიძგილაობა დამიწყო. ერთმანეთს დროდადრო გააფთრებული დავეძგერებოდით ხოლმე. ბოლოს გულშემატკივრებმა ყაიმი გამოაცხადეს. ის იყო მე ტანსაცმლის სწორებით ამხანაგებისკენ შევტრიალდი, რომ სოსო მწვდა, ჰაერში გადამატრიალა და ბალახზე ისე დამცა ზურგით, რომ თავდაცვაც ვერ მოვახერხე. მაგრამ წესი იყო, ხელი უნდა ჩამომერთვა. მივუახლოვდი. მან ხელი გამომიწოდა და იმ დღიდან ჩვენი მეგობრობა დაიწყო. ავდიოდით "გორიჯვარზე", საიდანაც თოვლიანი კავკასიონი მოჩანდა. სოსოს ძალიან უყვარდა ბუნება და კავკასიონს დიდხანს გასცქეროდა. თუ მიზანს დაისახავდა, ეს სიყვარული ვერ უშლიდა ხელს, თავისი ჟინიანი ბუნება გამოევლინა. მაღალ მწვერვალებზე ასვლა, გამოქვაბულებში და ხეობებში ძრომიალი მისი ყველაზე დიდი სიამოვნება იყო. თუკი წადილს ვერ აისრულებდა, მარტო მიდიოდა და იმდენს ვარჯიშობდა, სანამ მიზანს არ მიაღწევდა. საათობით იდგა მდინარის პირას და ქვებით მიზანში სროლაში ვარჯიშობდა. ამ ვარჯიშს ეწირებოდნენ ჩიტები - მიზნის მიღწევისთვის შეეძლო არავინ და არაფერი დაენდო. მტირალი არასოდეს მინახავს. გამარჯვება და სხვების დაშინება მას ტრიუმფალურ სიხარულს ანიჭებდა. ერთადერთი, ვისაც აღმერთებდა და თაყვანს სცემდა - ეს დედამისი იყო.

***

მალე სემინარიაში ქართველი მასწავლებლები რუსებმა შეცვალეს. ბავშვები დამუნჯებულები ვიდექით, რადგან რუსულად ვერც ერთ სიტყვას ვერ ვამბობდით. ამიტომ არც საუკეთესო მოსწავლეები იყვნენ დაზღვეული მუშტისა და ჯოხის ცემისგან. ყველაზე შეურაცხმყოფელი ორი საათი კენჭებზე შიშველი ფეხით დგომა იყო. სოსო ჯუღაშვილი ჩვენი შურისძიების წამქეზებელი იყო, განსაკუთრებით გვძულდა სკოლის ინსპექტორი. ერთ დილას დერეფანში გაგვამწკრივა და ისეთი სტვენა მოვრთეთ, ვერავინ დაგვამშვიდა. სოსო გაცხარებით იქნევდა მუშტებს. იმ დღეს მკაცრად დასაჯეს. შემდეგ თითქმის ყოველდღე სჯიდნენ. რადგან თავად ღარიბულად ცხოვრობდა, ზაფხულის არდადეგებზე ხშირად მიმყავდა ხოლმე ჩემს სოფელში. ეკლესიაში ჩემთან სიმღერა დიდად ეამაყებოდა, მაგრამ რელიგია მასზე ვერავითარ გავლენას ვერ ახდენდა. მას ისეთი იდეები ჰქონდა, რომელიც აზრადაც არ მოგვივიდოდა.

***

სხვა დროს კი მეც ხშირად მივდიოდი მის სახლში, გორში, გომბორის ქუჩაზე. ეს იყო ხის ღობით შემოღობილი ძველი, ბნელი სახლი, რომელიც ქარსა და წვიმას იოლად ატარებდა. სახლი ერთი ოთახისაგან შედგებოდა. ოთახში აგურის იატაკი ეგო და ნესტით დამძიმებული არასოდეს ნიავდებოდა. ოთახის მორთულობას ოთხუჯრიანი ძველი კომოდი და რამდენიმე ძველი ავეჯი შეადგენდა. ხის ჯამში ჭერიდან ჩამოსულ წყალს აგროვებდნენ. ერთი კუთხე, იმ დროისთვისაც კი, ძველმოდურ საკერავ მანქანას ეკავა. სოსოს დედა, ეკატერინე, მოფერებით "კეკე", როდესაც მათთან მივდიოდი, თავის მეორე სოსოს მეძახდა. მას ძალიან უყვარდა ყველა, ვისაც სოსო უყვარდა. სოსოსავით ჭორფლიანი სახე ჰქონდა, მთელი დღეები მანქანასთან იჯდა და კერვაში აღებული კაპიკებით ცდილობდა სოსოსთვის მეწაღის ხელობა შეესწავლებინა.

განაგრძეთ კითხვა

სოსო გოგაშვილი ეჭვობს, რომ 5 წლის წინ სამებაში ხანძარი შეგნებულად გააჩინეს, რათა "ფული მოეტეხათ" - ვის ადებს ხელს ექსმაღალჩინოსანი?

"შორენა თეთრუაშვილს შეფარებული ჰყავს ორი ტერორისტი და დაიჭირეთო, დაჟინებით ითხოვდა" - გოგაშვილის თქმით, ოხანაშვილმა "საქმის შეკერვა" სთხოვა

"ეს არის დაუმორჩილებლობის აქტი... ვაპროტესტებთ შეზღუდვებს" - ზურა  ჯაფარიძემ ბარი "ჯაფარასთან" გახსნა