პარლამენტარი კობა ნაყოფია უკრაინაში არ შეუშვეს

პარლამენტარი კობა ნაყოფია უკრაინაში არ შეუშვეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქართველი დეპუტატი კობა ნაყოფია უკრაინაში არ შეუშვეს. როგორც ნაყოფიამ "უკრაინსკაია პრავდას" განუცხადა, მას ბორისპოლის აეროპორტში მესაზღვრეებმა გადასცეს დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული აქვს.

საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრის განცხადებით, ის უკრაინის ტერიტორიაზე სამართალდამცავი ორგანოების მითითების გამო არ შეუშვეს, თუმცა, კონკრეტული მიზეზები ჯერჯერობით არ განუმარტავთ.

როგორც ნაყოფიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ დრომდე ბორისპოლის აეროპორტში, სატრანზიტო ზონაში იმყოფება და ადვოკატებთან შეხვედრას ელოდება, რომლებიც უკრაინელ მესაზღვრეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

"საზღვარს ვკვეთდი, როდესაც მესაზღვრემ მითხრა, დაგველოდეთო. წაიღეს ჩემი პასპორტი; დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში ველოდებოდი, რის შემდეგაც მოვიდა მესაზღვრეების უფროსი და მთხოვა მის კაბინეტში შევსულიყავი, სადაც მითხრა: მე არაფერ შუაში ვარ, ასეთი განკარგულება არის გაცემული, მიზეზი არ ვიციო. მოვითხოვე მიზეზების განმარტება, რადგან ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი და ვსარგებლობ დიპლომატიური პასპორტით. მიზეზები არ ვიციო, რამდენჯერმე გამიმეორა. მას შემდეგ აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვარ.

დავუკავშირდი ჩემს ადვოკატებს, უკვე აქ არიან და მესაზღვრეებთან მიზეზებს არკვევენ. ძალიან ღიმილით ვუყურებ ამათ საქციელს, დაცინვის გარდა არაფერი შემიძლია, აბსურდული გადაწყვეტილებაა. არანაირი განკარგულების გამცემი პირი არ დაუსახელებიათ. მხოლოდ ის მითხრეს, რომ სისტემაში წერია, თქვენ არ უნდა შემოგიშვათ უკრაინის ტერიტორიაზეო, დანარჩენის საქმის კურსში არ ვართო.

აქ იმყოფებოდნენ ჩემი კოლეგა დეპუტატები უკრაინის პარლამენტიდან. უკვე მოვაწერე ხელი საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებას.

ბოლო ინფორმაცია რაც მაქვს, არის ის, რომ ადვოკატებს უთხრეს, სამართალდამცავი ორგანოებისგან გვაქვს მითითებაო. ვერანაირ სამართლებრივ ჩარჩოში ვერ ჯდება მათი ეს ქმედება, ყველაფერი გასაგებია. მათი პარტნიორი ქვეყნის პარლამენტის წევრი კვეთს საზღვარს, რა მიზეზი უნდა იყოს მისი არშეშვების? აბსოლუტურად პოლიტიკური მოტივია, იციან, რომ მე ვარ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ვარ იმ გუნდის წევრი, რომელიც საპატიო თავმჯდომარეც დღეს არის უკრაინაში მთავარი ოპოზიციური ლიდერი, ამის გამო მოხდა ეს, თანაც 17-ში რაღაც აქცია იმართება და როგორც ჩანს ამას მიაბეს. ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, აბსოლუტურად იდიოტური გადაწყვეტილება მიიღო ვიღაცამ", - აცხადებს ნაყოფია და დასძენს, რომ მას არ ჰქონია არანაირი ინფორმაცია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვებდნენ.

"ჩვეულებრივად გადავკვეთე რამდენიმე დღის წინ უკრაინის საზღვარი დაახლოებით 10 წამში. პრობლემა არ შემქმნია. მინიშნება, შენიშვნა ან გაფრთხილება არ მქონია. ახლა, დილის რეისით ჩამოვედი და მას შემდეგ აეროპორტში ვარ. აბსოლუტურად ზღვარს გადასული, გაუგებარი გადაწყვეტილების გასაჩივრებას ვაპირებთ, მაქვს ამის უფლება. ჩემს ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას აქ უნდა დავრჩე თუ გამოვფრინდე თბილისში და ისევ უკან დავბრუნდე. უკვე მივმართე საქართველოს საკონსულოს უკრაინაში, ვესაუბრე ელჩს და კონსულს. მითხრეს, რომ საგარეოს უნდა მივმართო ხვალ, შემდეგ ისინი გადმოაგზავნიან შეტყობინებას, პროცედურებია გასავლელი", - აღნიშნა ნაყოფიამ.

დეპუტატი ვიზიტის მიზეზზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მისი უკრაინაში ჩასვლა 17 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას არ უკავშირდება.

"ბევრი მეგობარი, ნაცნობი ადამიანი მყავს აქ. აქ არის ჩემი პარტიის ლიდერი. არანაირად არ უკავშირდება ჩემი ვიზიტი უკრაინაში 17 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას. 5 დღის წინაც ვიყავი და ბოლო 2 წლის განმავლობაში არც ვიცი რამდენჯერ ვარ ჩამოსული აქ", - განაცხადა ნაყოფიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."