მსოფლიოს ჩემპიონი მრავალჭიდში

მსოფლიოს ჩემპიონი მრავალჭიდში

მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება და საკუთარი თავი დავიჭირე იმ აზრზე, რომ მისი დაწყება იმიტომ კი არ მიხარია, რისთვისაც ადრე მინიმუმ ორი წლით ადრე ვიწყებდი თვეების თვლას (ანუ საკუთრივ ფეხბურთის გამო), არამედ უფრო იმიტომ, რომ მედიაში სხვა თემების ადგილს დიდწილად, სწორედ ფეხბურთი დაიკავებს, ხოლო ერთ-ერთ არხზე ("გვარს" არ დავასახელებ და, ჩვენი "კოლმეურნეობის თავმჯდომარე" როა") საერთოდ, არაფერი იქნება, ფეხბურთის გარდა! მთელი თვის განმავლობაში!!!

ჰოდა, მეც ვეცდები, დღეს უფრო მეტად, სპორტზე (მათ შორის, ფეხბურთზე) ვილაპარაკო... მოკლედ, თუ რუსეთმა ომი არ დაიწყო ან თუ ახალი ხიდი არ გაიხსნა ფეხით მოსიარულეთათვის, ერთი თვე "ვგულაობთ"!..

მოდი, ჩოგბურთით დავიწყოთ: პარიზში "როლან გაროსის" ანუ საფრანგეთის ღია პირველობის ფინალური მატჩი გაიმართა და რაფაელ ნადალმა მეხუთედ, თავისი ქვეყნის დედოფლის თვალწინ, მოიგო ეს ტურნირი. ჩოგბურთის ფანებმა იციან, რომ ესპანელი ოსტატი საკმაოდ ემოციური ახალგაზრდა კაცია და გამარჯვებასაც ამის შესაბამისად აღნიშნავს ხოლმე, მაგრამ გასულ კვირას ნამეტანი მოუვიდა - სიხარულის ცრემლმორეული, კარგა ხანს გორავდა თიხნარიან კორტზე. ჟურნალისტებმა გაიკვირვეს, - ბოლო-ბოლო, მე-40 ტიტული მოიგო, დედოფლის დასწრებაც არ არის პირველი და რამ "გააცოფაო"?..

ჰმ, რა შუაშია დედოფალი სოფია?! გაიხედეთ მისგან მარჯვნივ... კიდევ გვერდით... კიდევ... სტოპ! ნახეთ?! დიახ, მიშაა! მაშ, სად უნდა იყოს?! ეგ ხომ არა მარტო წყალბურთელი (ეს ადრევე "გაბაზრდა"), არამედ ცნობილი ჩოგბურთელიც იყო ახალგაზრდობაში, შალიკო ხვინგიაძესთან ერთად!.. გადაირეოდა ნადალი, ასეთი დიდოსტატი უყურებდა, აბა, რა იქნებოდა?!.

კი ცხელა მაგრად, მაგრამ ზამთრის ოლიმპიადაც ვახსენოთ - იმ ჩემის პუტინმა ოლიმპიური კომიტეტის შეფი ჟაკ როგი ჩაიყვანა სოჭში თავის მოსაწონებლად და უსაფრთხოების დასადასტურებლად. კი უთხრა ფრანგმა, მაგრად გიმუშავიათო, მაგრამ ეგ ზრდილობის ამბავი იყო. სინამდვილეში, მიშამ თქვა, - ჟაკ როგი აუცილებლად ჩვენ გვკითხავს, როგორც ყველაზე საქმეში ჩახედულ და კომპეტენტურ მხარეს, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთი (სხვაც ხომ ბლომად გვაქვს) ბერკეტი გაგვიჩნდება რუსეთზე ზემოქმედებისთვისო! იცის, რასაც ამბობს, ახალგაზრდობაში ეგ ხომ (წყალბურთელობისა და ჩოგბურთელობის გარდა) ოლიმპიადების უსაფრთხოების საკითხების ცნობილი სპეციალისტი იყო, შალიკო ხვინგიაძესთან ერთად!

"ინტერფაქსის" ცნობით, დომინოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, რომლის სხდომაც, ჩვენ ტყუილად ვშაყირობთ და, ლას-ვეგასში ჩატარდა, 2011 წლის დომინოს მსოფლიოს ჩემპიონატი სოხუმში გაიმართება!!!

ესე იგი, მანდ რა მოხდა: მიშას არ ეცალა, ესპანეთში იყო და ნადალს ეხმარებოდა გამარჯვებაში, მერე ის ჟაკ როგი ურეკავდა, - ამ პუტინმა შემჭამა და რა ვუთხრა სოჭის ამბავზეო?.. მოკლედ, ვერ მოიცალა, რამდენად გაიჭრას?! ჰოდა, იხელთეს დრო სეპარატისტებმა, მაგრამ ჩაუვარდებათ კოვზი ნაცარში: ამას წინათ ბატონი მიშა აღმაშენებლის გამზირზე ხარაჩოებზე რომ აძვრა, ხომ გახსოვთ?.. რატომ ავიდა ისე ცქვიტად, იცით?.. რატომ და, სახანძრო კიბეზე აქვს "დამუღამებული" ახალგაზრდობისას - ეგ ხომ (წყალბურთელობის, ჩოგბურთელობის, ოლიმპიადების უსაფრთხოების სპეციალისტობის გარდა) მსოფლიოში ცნობილი მეხანძრეც იყო, შალიკო ხვინგიაძესთან ერთად! აბა, მეხანძრეობა და დომინოს თამაში რა კავშირშია ერთმანეთთან, მაგას ნუ ამახსნევინებთ. ანუ რა გამოდის: დარეკავს ლას-ვეგასში, არა - ჩავა (ლას-ვეგასში სხვა "საქმესაც" ნახავს) და მოაგვარებს: მსოფლიოს ჩემპიონატს თბილისში, მიცკევიჩზე რომ მსოფლიოში საუკეთესო სახანძროა, იქ ჩაატარებენ.

სამაგიეროდ, მოიცალა ხელოვნურ ყინულზე ბათუმში სასრიალოდ. რამდენიმე თვის წინ ზუგდიდში სრიალისას კი "ასრიალდა" და ფეხიც დაიზიანა, მაგრამ ახლა აშკარად ფორმაშია, ჯეელობა გაიხსენა - ეგ ხომ ახალგაზრდობაში (წყალბურთელობის, ჩოგბურთელობის, ოლიმპიადების უსაფრთხოების სპეციალისტობის, დომინოს მოთამაშეობის, სპორტული მეხანძრეობის გარდა) ცნობილი მოციგურავე და ჰოკეისტი იყო (გახსოვთ, როგორ ასწია ელენე გედევანიშვილი?.. თუ სხვა იყო?.. სულერთია, ხომ ასწია)! რა ჰქვია ქართულად იმას, ჰოკეისტებს რომ უჭირავთ? ყვინჯი... ჰო, ყვინჯი!.. ამ სრიალის შედეგი: ჩვენმა ჰოკეისტთა ნაკრებმა ამას წინათ სომხებთან სამარცხვინოდ რომ წააგო 1:22 (ჩვენც ვწერდით), საერთაშორისო ფედერაციამ ჩვენს კეთილ მეზობელ-მოკეთეებს ის რეზულტატი გაუუქმა და დისკვალიფიკაციაც "მიარტყა" (ამჯერად არ ვხუმრობ): პრეზიდენტი თუ ასე სრიალებს, გუნდიც მაგარი ეყოლებათ და ტყუილად არ ჩივიან ქართველები ალბათო.

P.S. დღეისთვის მთავარი - სპორტი კი ბოლოსთვის მოვიტოვე - მისი უდიდებულესობა ფეხბურთი!!! აბა, ვინ გამოიცნობს, ვინ იჯდება საპატიო სტუმართა ლოჟაში ფინალურ მატჩზე?! ვინ არის (წყალბურთელობის, ჩოგბურთელობის, ოლიმპიადების უსაფრთხოების სპეციალისტობის, დომინოს მოთამაშეობის, სპორტული მეხანძრეობის, ჰოკეისტობის, ფიგურულად მოსრიალეობის გარდა) წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, შალიკო ხვინგიაძესთან ერთად?! ვინ ურტყამს ძაააალიან მაგარ პენალტებს ხელოვნურსაფრიანი მოედნების გახსნისას, 5 წლის მეკარეებს?! ყოჩაღ, გამოცნობისა გერგებათ! და რა იქნება შედეგი? შედეგი იქნება - უზარ! მაზარი! მომავალი მსოფლიოს ჩემპიონი იქნება N5!!!

P.P.S. ხომ დაგპირდით, მხოლოდ სპორტზე ვილაპარაკებ-მეთქი?

მართლა, შალიკო ხვინგიაძე ვინც არ იცის და ამიტომ ვერ მიხვდა ხუმრობას, წაიკითხოს ან ტელესპექტაკლი ნახოს და მერე გაიცინოს.

პროვოკატორი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო