განხეთქილება აფხაზეთში საეკლესიო პირებს შორის - რას პასუხობს მათ საქართველოს საპატრიარქო

განხეთქილება აფხაზეთში საეკლესიო პირებს შორის - რას პასუხობს მათ საქართველოს საპატრიარქო

აფხაზეთის თვითგამოცხადებული ეკლესიის ჯგუფში განხეთქილება იზრდება, - აფხაზეთის ეკლესიის სათავეში ბესარიონ აპლია დგას, რომელიც რუსეთში მიღებული პერსონაა და რომელსაც ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას სრული მხარდაჭერა აქვს... მეორე მხარეს დგას, არქიმანდრიტი დოროთეი დბარი, რომელიც აფხაზური ეკლესიის დამოუკიდებლად განვითარების მომხრეა. ის საზოგადოების საკმაოდ დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.

რუსეთი ორივე მხარესთან საუბრობს... რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი ილარიონ ალფეევი, ერთი დღით, თბილისში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სტუმრობდა, რაც დროსაც, მიტროლიტი ილარიონი აფხაზეთის საკითხებსაც შეეხო. მისი თქმით, რუსეთის მხარე მზად არის სამუშაო ჯგუფი შექმნას, რაზეც ილია II და კირილე წინა შეხვედრაზე შეთანხმდნენ, - არსებული ინფორმაციით, მხარეები აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული "პრობლემების" მოგვარებას, სპეციალური, ერთობლივ ჯგუფით შეეცდებიან, რომელმაც აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი ეკლესიის განხეთქილების აღკვეთაზე უნდა იმუშაოს.

ამ ეტაპისთვის, სხვა დეტალები უცნობია. აფხაზეთის ე.წ. მიტროპოლიტი, არქიმანდრიტი, დოროთეი დბარი, რომელსაც ბოლო წლებია ბესარიონ აპლიასთან დაპირისპირება აქვს, სოციალური ქსელის თავის კედელზე წერს, რომ ილია II-სა და მიტროპოლიტ ილარიონთან საუბრის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ "მათ მიერ არჩეული, დამოუკიდებლობის გზა საუკეთესო გამოსავალია და წლების წინ გაკეთებულ კურსს არ გადავუხვიოთ..."

რუსული მედიის ცნობით, თბილისში სტუმრობისას, ვოლოკოლამის მიტროპოლიტმა ილარიონმა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, რუსეთის პატრიარქის კირილის მოწვევა გადასცა, - რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა.

"დიალოგის პროცესში ასევე შევეხეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის, ორ ძმურ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის ურთიერთობის განვითარებას" - რაც შეეხება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პასუხს, მათ მოწვევაზე, ილია II პასუხობს, - "თუ ჯანმრთელობა შეუწყო ხელი, შესაძლოა ესტუმროს მათ..."

"ჩვენ გვყავს ეპისკოპოსი აფხაზეთიდან, გრიგორი კაცია, ასევე გვყავს, ეპისკოპოსის მოგვარე, რომელიც მჭიდრო კავშირშია რელიგიურ და სახელმწიფო ორგანიზაციებთან, ასევე, პარლამენტთან... შეიძლება, ის ჩამოვიდეს აქ... ბევრი მიიჩნევს, რომ ურთიერთობების დარეგულირება აუცილებელია და ეს დრო, და გამოცდილებამ არაერთხელ გვიჩვენა..." - კათოლიკოს-პატრიარქის ამ ციტატას, რუსული მედია აქვეყნებს.

მიტროპოლოტმა ილარიონმა ასევე აღნიშნა, რომ "აფხაზეთში სიახლე არაფერია... ის, ჯგუფი, რომელიც ახალ ათონს დაეუფლა და ავტოკეფალიის დამოუკიდებელობა თავად აღიარეს, ისევ თავიანთ პოზიციაზე რჩებიან... მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მაგრამ მთლიანობაში, ის ჯგუფიც ლოცულობს მათი პატრიარქისთვის. ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვაგვაროთ ურთიერთობები" - აცხადებს რუსი მიტროპოლიტი.

თავის მხრივ, საქართველოს პატრიარქის თქმით, მას ჰქონდა ინფორმაცია, ბესარიონ აპლიასა და დანარჩენებს შორის უთანხმოების არსებობის შესახებ. "ამიტომაც, საჭიროა, ვიჩქაროთ და სიტუაცია დავარეგულიროთ... აფხაზეთის წარმომადგენელი მოვიდა ჩვენთან და ამ უთანხმოების შესახებ გვიამბო... ასევე შემატყობინა, რომ ჩემთვის სახლს გამოყოფდნენ, - მე მქონდა სახლი აფხაზეთში, მაშინ შევიძინე, როდესაც იქ ვცხოვრობდი, მაგრამ ახლა იმ სახლში სხვა ცხოვრობს" - ამბობს პატრიარქი.

გამოცემის ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. საეკლესიო საბჭოს ბესარიონ აპლია ხელმძღვანელობს, თუმცა, ამავდროულად, ახალ ათონში, 2011 წლიდან, პოზიციებს არ თმობს, "არქიმანდრიტი" დოროთეი დბარი, რაც აფხაზ მორწუნეებში გაურკვევლობას ზრდის. ამ განხეთქილებით შესანიშნავად სარგებლობენ, იეჰოვას მოწმეები, რომლებიც აფხაზეთში საკმაოდ ბევრია და ასევე, ისლამის მიმდევრები, რომელთა თქმითაც მართლმადიდებლები პოლიტიკურ დონეზეც კი ავიწროებენ მათ...

საკლესიო საზღვრების შეცვლის ხელშეუხებლობაზე საუბრობს რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნავს, რომ "საზღვრების პოლიტიკური ცვლილება, ეკლესიას ჯერჯერობით არ შეხებია."

"თუ ჩვენ საეკლესიო საზღვრებს შევცვლით, როგორც კი ახალი პოლიტიკური ზონები წარმოიქმნება, ყოველი პოლიტიკური საზღვრების ცვლილებისას, ახალი ეკლესიები აღმოცენდება..." - აცხადებს მიტროპოლიტი ილარიონი.

ადგილობრივი ჟურნალისტების კითხვაზე, - "ბოლო რამდენიმე წელია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში შესვლას ითხოვენ, რატომ არ თანხმდება ამაზე მოსკოვის საპატრიარქო?.." - მიტროპოლიტი ილარიონი პასუხობს, - "არსებობს პრინციპი, რომლის თანახმადაც პოლიტიკური საზღვრების ცვლილებას, საეკლესიო საზღვრების ცვლილება არ უნდა მოჰყვეს..."

ცნობისთვის, აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიოს საბჭოს სამდივნომ მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ის სახელზე 2017 წლის 9 თებერვალს ოფიციალური წერილი გაგზავნა. წერილის მთავარი გზავნილი, როგორც წინა წლებში, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობიდან გასვლა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ჩარჩოების გადახედვის თხოვნა იყო.

აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიოს დღეს აფხაზეთში დიდი მხარდაჭერა აქვს და რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე, რუსეთისგან თუნდაც სასულიერო დამოუკიდებლობის სიმბოლოდ მიიჩნევა... ის ცდილობს კავშირი დაამყაროს მსოფლიო საპატრიარქოსთან და მის იურისდიქციაში შევიდეს.

არსებობს მეორე მხარეც, - აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში არსებობს ასევე, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია. ის რუსეთთან თანამშრომლობას არჩევს. სწორედ მისი მხარდამჭერია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.

აფხაზეთში მართლმადიდებელ სასულიერო პირთა შორის ორ დაპირისპირებულ დაჯგუფებას - "აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიოს" და "აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიას" შორის, საეკლესიო-საერო კრების ჩატარების საკითხზე დავა წლებია გრძელდება.

აფხაზეთში საეკლესიო საკითხზე და კონკრეტულად დაპირისპირებულ მხარეებზე ოფიციალური პოზიცია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 2015 წლის მაისში გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ორივე მათგანის პოზიცია მიუღებელია და სრულიად ეწინააღმდეგება მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ აღიარებულ კანონებს, რასაც, რა თქმა უნდა, როგორც კონსტანტინეპოლის, ისე რუსეთის საპატრიარქო ვერ დაარღვევს.

საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესიის განცხადებით, ის მზად არის, მისი სასულიერო პირები ჩავიდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე და იქუარ ტაძრებში მღვდელთმსახურება აღავლინონ.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე