"მომეცით ჩემი შვილი! ჭკუიდან გადახვედით?!" - მიხეილ სააკაშვილი ბორისპოლის აეროპორტში მივიდა

"მომეცით ჩემი შვილი! ჭკუიდან გადახვედით?!" - მიხეილ სააკაშვილი ბორისპოლის აეროპორტში მივიდა

მომეცით ჩემი შვილი, სულ ჭკუიდან გადახვედით?!, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ბორისპოლის აეროპორტში მივიდა.

"დაცვის თანამშრომელი, რომელიც ჩემს შვილს თან ახლდა, ექვსმა მესაზღვრემ დააკავა. კონსტიტუციის თანახმად, ჩემი შვილი დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტია. დაცვის თანამშრომელი თვითმფრინავში ჩასვეს. თქვეს, რომ ჩემს შვილს აქ გადმომცემდნენ. აქ არავინ იყო. ჩვენ ახლახან მოვედით. ავიაკომპანიაში არაფერი იციან. ამბობენ, რომ შსს დანიშნულების ადგილამდე მიიყვანს, თითქოს ეს ბანდეროლი იყოს. ეს ყველა კანონის დარღვევაა. სპეციალურად გამოვედი პირდაპირ ეთერში. აქ ვდგავარ. სრული იდიოტები ხართ. მომეცით ჩემი შვილი. ჭკუიდან გადახვედით?! 40 წუთია, სადღაც გაქრა. ის არასრულწლოვანია. სად არის ჩემი შვილი?! პოროშენკოს ვეკითხები, სად არის ჩემი შვილი?! პეტია, მოგეწონებოდა, შენს შვილს ასე რომ მოქცეოდნენ?! სწრაფად მომეცით ჩემი შვილი!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.

მანამდე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა, რომ მისი 11 წლის შვილი ბორისპოლის აეროპორტში ჰყავთ დაკავებული. "ორი საათის წინ ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს ჩემი 11 წლის შვილი და მასთან მყოფი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი. სახელმწიფო დაცვის თანამშრომელი, რომელიც თან ახლდა ჩემს შვილს, ოფიციალურ მივლინებაში იმყოფება. მათ ყველა საბუთი წესრიგში აქვთ, მაგრამ ორი საათია უკვე, რაც ცალკე ოთახში ჰყავთ გადაყვანილი, მიზეზების ახსნის გარეშე. აეროპორტში მივდივარ, რათა გავარკვიო, თუ რა ხდება", - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.