სოხუმში "ბრეხალოვკასთვის" სახელის გადარქმევაზე ლაპარაკობენ

სოხუმში "ბრეხალოვკასთვის" სახელის გადარქმევაზე ლაპარაკობენ

სოხუმში ქალაქის მაცხოვრებელთა საყვარელი ადგილისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივით გამოდიან. ქალაქის ამჟამინდელი მაცხოვრებლების თქმით, "ბრეხალოვკა" - ადგილი, სადაც ადამიანები ყავის დასალევად იკრიბებიან, მუჰაჯირების სახელობის სანაპიროსთან ახლოს არის და ასეთი "გადასვლა" მათთვის მიუღებელია.

ამ ინიციატივის მხარდამჭერებმა უკვე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ადგილს რაიმე უფრო შესაბამისი სახელი უნდა მოუძებნონ.

Апсныпресс-ის ინფორმაციით, იდეის ერთ-ერთი ინიციატორია აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკური კომიტეტის კულტურის მუშაკი პროფესიული კავშირებიდან, გურამ ბაზბა, რომელსაც ამ ცვლილებასთან დაკავშირებით, თავისი არგუმენტები აქვს.

"ყველა ასაკის ადამიანისთვის გამორჩეულად საყვარელი ყავის დასალევი ადგილი, ზღვის სანაპიროსთან, სასტუმრო "რიცას" მოპირდაპირედ, მუჰაჯირებისა და ლეონ მეფის ქუჩაზე მდებარეოიბს. ეს არის უნიკალური ადგილი. იქვეა, სადაც აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენცია.

მის პირდაპირ კი აფხაზი ხალხისთვის ორი ძალზე მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლი. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყავის დასალევი ადგილი პირველია აფხაზეთში და სახელი "ბრეხალოვკა" მის გარშემო არსებულ რეალობას ვერ პასუხობს", - ირწმუნება ბაზბა.

მისივე თქმით, აფხაზეთში, კონკრეტულად კი სოხუმში, უამრავი ცნობილი სტუმარი ჩამოდის, მათ შორის მეგობარი სახელმწიფოებიდან და იქიდან არავინ წასულა ისე, რომ სანაპიროზე, ბრეხალოვკის ყავა არ დააგემოვნოს.

"დელეგაციის წევრები და სახელმწიფოს წარმომადგენლები სიამოვნებით სტუმრობენ მასპინძლების მიერ რეკომენდებულ ადგილს სანაპიროზე, ასევე, მიირთმევენ ცხელ და გამორჩეულად არომატულ ყავას აღმოსავლურად. ამ დროს კი წარწერა "ბრეხალოვკა" არაფერს ეუბნება მათ, ცარიელი ლაყბობა, ტყუილი, სისულელე.

შემდეგ კი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ჟურნალისტები წერენ, რომ ეს საქმიანი საუბარი სანაპიროზე "ბრეხალოვკაში" გაიმართა. ადგილობრივთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს სამარცხვინო და არასწორია", - ამბობს ბაზბა.

"ბრეხალოვკაში" ყავის დალევის სიამოვნებაზე უარი არც მიმდინარე წლის გაზაფხულზე სოხუმში ჩასულ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს უთქვამს. მან ქვიშაზე მოდუღებული ყავა დააგემოვნა და ადგილობრივი ქალბატონები ყავაზე მიიპატიჟა. მისმა იუმორნარევმა რეპლიკამ - ჰქონდათ თუ არა იქ დასხდომის უფლება ქალბატონებსაც, - ადგილობრივების ერთ ნაწილში აგრესიაც გამოიწვია.

ადგილობრივები სოხუმის "ადმინისტრაციისთვის" შემდეგი შინაარსის მიმართვას ამზადებენ: "ჩვენ გთავაზობთ შევცვალოთ დასახელება ბრეხალოვკა, არის რამდენიმე ვერსია, მაგალითად, "იუმორის ადგილი", ან სულაც, რომელიმე ზღაპრული პერსონაჟის სახელი, თუნდაც, "ტაჩკუმი". ან ისეთი ზოგადი სახელები, როგორიც არის "ზღვასთან", "კოლონადასთან". ეს ბევრი რამის გათვალისწინებით, გამართლებული ნაბიჯი იქნებოდა".

ამ ინიციატივას ადგილობრივებში უკვე ჰყავს უამრავი მოწინააღმდეგე. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის ერთ-ერთი მორიგი სულელური წამოწყება, რომელსაც იმედია, ადმინისტრაცია არ აჰყვება.

"ეს არის ყველაზე არასერიოზული განაცხადი, რაც კი ბოლოს დროს გახმოვანებულა. თითქოს სხვა სადარებელი არ გვქონდეს, - ქვეყანა თავზე გვენგრევა და ესენი ყავის დასალევი ადგილისთვის სახელის შეცვლაზე ფიქრობენ, მგონი, რაც კი სოხუმი არსებობს, ის სახელიც არსებობს. ეს არავითარ ლოგიკაში არ ჯდება...

გუდაუთაში ადამიანი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს, 30-ზე მეტი ტყვია აქვს მოხვედრილი, სხვადასხვა მოდელის იარაღიდან, რაც ნიშნავს, რომ რამდენიმე ერთად ესროდა. პატივცემულო უსაქმურებო, გსმენიათ ამაზე რამე?", - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.

ლალი პაპასკირი

AMBEBI. GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?