მმართველი გუნდი სახალხო დამცველის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, ნინო ლომჯარიას კანდიდატურას განიხილავს

მმართველი გუნდი სახალხო დამცველის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, ნინო ლომჯარიას კანდიდატურას განიხილავს

არაოფიციალური ინფორმაციით, მმართველი გუნდი სახალხო დამცველის თანამდებობაზე გენერალური აუდიტორის ყოფილი მოადგილის, ნინო ლომჯარიას კანდიდატურას განიხილავს.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, საპარლამენტო უმრავლესობა ლომჯარიას კანდიდატურას ყველაზე მეტად ლობირებს, თუმცა გადაწყვეტილება, თუ ვისზე შეჩერდება საბოლოოდ არჩევანი, მიღებული ჯერ კიდევ არ არის.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ნინო ლომჯარია ერთ-ერთია, რომლის კანდიდატურასაც პარლამენტისთვის შესათავაზებლად არასამთავრობო სექტორიც განიხილავს, თუმცა ლომჯარიას გარდა არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის პოსტზე უჩა ნანუაშვილის შემცვლელად ასევე მოიაზრებენ საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილს, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტ ვახუშტი მენაბდესა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს.

ასევე, გავრცელებული ცნობით, "ქართული ოცნების" ერთი ჯგუფი აღნიშნულ თანამდებობაზე სოფო ხორგუანის კანდიდატურისკენ იხრება, თუმცა მმართველ გუნდში არიან დეპუტატები, რომლებიც მის კანდიდატურას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, მათ შორის ასეთად პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სახელდება.

სახალხო დამცველის წარდგენის უფლებამოსილება საპარლამენტო ფრაქციას გააჩნია. პარლამენტი ომბუდსმენს 5 წლის ვადით, ხმათა უმრავლესობით ირჩევს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."