ძმების განსხვავებული ნიშნობები - მეგანმა და ჰარიმ სამეფო პროტოკოლი დაარღვიეს

ძმების განსხვავებული ნიშნობები - მეგანმა და ჰარიმ სამეფო პროტოკოლი დაარღვიეს

ბრიტანეთის პრინცის ნიშნობა არა მხოლოდ ბრიტანელებისთვის, არამედ მსოფლიო მედიისთვის საუბრის მთავარი თემაა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა სამეფო ნიშნობის შესახებ და წყვილი რეპორტიორების წინ პირველად გამოჩნდა, თითქმის ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ჰარი და მეგანი ერთად არაჩვეულებრივად გამოიყურებიან.

მეგანი და ჰარი საზოგადოების წინ გამოჩენისას ფორმალობებს ნაკლებად იცავენ, ხელჩაკიდებულები არიან და გრძნობების გამოხატვას არ ერიდებიან.

რადიკალურად განსხვავდებიან მათგან უილიამი და ქეითი, რომლებიც ხელჩაკიდებულები მხოლოდ სამჯერ დააფიქსირეს, ქორწინების დღეს და შვილების დაბადების შემდეგ, სამშობიაროდან გამოსვლისას. წყვილი მაქსიმალურად იცავს პროტოკოლს.

ჰარი და მეგანი დაუზარლად უღიმოდნენ რეპორტიორებს და პრინცმა მათ კითხვებსაც კი გასცა პასუხი. პრესასთან დამშვიდობების შემდეგ წყვილი ერთმანეთს ჩაეხუტა, რაც ტრადიციული სამეფო ეტიკეტის დარღვევა იყო.

გამოცემა Harpers Bazaar ორ სამეფო ნიშნობას შორის მთავარი განსხვავებების შესახებ წერს.

ფოტოგადაღება

ქეითმა და უილიამმა არჩიეს, რეპორტიორები სასახლის დარბაზში მიეღოთ, ჰარი და მეგანი კი კენსინგტონის სასახლის ეზოში შეხვდნენ ჟურნალისტებს.

ცუდი ამინდის მიუხედავად, წყვილმა ფოტოების გადაღება ეზოში გადაწყვიტა, რაც ნაკლებად ფორმალური იყო, ვიდრე ქეითის და უილიამის ფოტოგადაღება სამეფო დარბაზში.

სამოსი

ფოტოგადაღებისთვის მეგანის ჩაცმულობა ბევრად „ჩვეულებრივი“ და „უბრალო“ იყო, ვიდრე ქეითის, რომელმაც მნიშვნელოვანი დღისთვის Issa-ს აბრეშუმის კაბა ჩაიცვა.

მისგან განსხვავებით, მარკლმა აირჩია კანადური ბრენდის სადა თეთრი პალტო.

ბეჭედი

ორივე ნიშნობის ბეჭედი ძალიან ლამაზია, თუმცა ერთმანეთისგან სრულებით განსხვავებული. მიდლტონს უილიამმა დედის, დაიანას ნიშნობის ბეჭედი აჩუქა. ის 14 ბრილიანტისგან შედგება, შუაში კი დიდი ზომის საფირონია ჩასმული. ბეჭედი თეთრი ოქროსგან არის დამზადებული.

მეგანის ბეჭედი კი ჰარის დიზაინით შექმნეს, მასზე არის ორი ბრილიანტი დაიანას კოლექციიდან და ასევე - ერთი ბრილიანტი ბოტსვანადან. ამ ქვეყნის მიმართ წყვილს განსაკუთრებით თბილი დამოკიდებულება აქვს.

ასაკი და გამოცდილება

ქეითისთვის ნიშნობის შემდეგ გადაღებული ფოტოსესია პირველი იყო, მანამდე ის არასოდეს მდგარა ასობით კამერის წინ. ამერიკელი მსახიობისთვის კი რეპორტიორების წინ პოზირება უცხო არ არის და არანაირ დაძაბულობას არ გრძნობდა, როდესაც სასახლის ბაღში მას და ჰარის ფოტოებს უღებდნენ.

ამას გარდა, მეგანი 36 წლისაა, ჰარი 33-ის. უილიამი და ქეითი ნიშნობის დროს 28 წლისები იყვნენ და მეტად შებოჭილები და გამოუცდელები, ვიდრე ჰარი და მეგანი.

ატმოსფერო

ბევრი მიზეზის გამო ჰარისა და მეგანის ფოტოგადაღება და შემდეგი ინტერვიუ ბევრად მშვიდი იყო და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. ჰარი, უილიამისგან განსხვავებით, არ ელოდება სამეფო გვირგვინს და შეუძლია, ქორწილიც კი არ ჰქონდეს საჯარო. ფოტორეპორტიორების წინ მეგანი და ჰარი ძალიან თავისუფლად გრძნობდნენ თავს და თავის მხრივ, ჟურნალისტებმაც ნაკლები დისტანცია იგრძნეს მათგან, ვიდრე რამდენიმე წლის წინ - ქეითისა და უილიამისგან.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს