ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" დეკემბრის ნომერი #12(84), რომელშიც წაიკითხავთ:

რატომ სწირავდნენ კახთა მეფენი ზარებს სვანეთის ეკლესიებს?

საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში - სვანეთში დაცულია თორმეტი წარწერიანი ზარი, რომელთაგან ცხრა შეწირულია XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე, კახეთის იმდროინდელი გვირგვინოსნების, მამა-შვილის - ალექსანდრე II-ისა და დავით I-ის მიერ.

ბუნებრივია ჩნდება კითხვა: რატომ სწირავდნენ კახთა მეფენი ზარებს სვანეთის ეკლესიებს, რა ინტერესი გააჩნდათ მათ? მით უმეტეს, რომ იმხანად უკვე საუკუნეზე მეტი დრო იყო გასული საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლიდან.

კახეთის გვირგვინოსანი მამა-შვილის მიერ სვანეთის ეკლესიებისთვის შეწირულ ზარებზე ამოტვიფრული წარწერებიდან ირკვევა, რომ რვა ზარი თავიდანვე ყოფილა განკუთვნილი კონკრეტულად ამ თუ იმ ეკლესიისთვის. მხოლოდ ერთადერთ, მეცხრე ზარზე არ არის მითითებული, კონკრეტულად რომელ ეკლესიას შესწირეს. აღნიშნულია, რომ ეწირება "ზარი ესე სუანეთს, მთავარანგელოზთ". ცხრავე ზარი შეწირულია კახთმეფეთა გრემში "გასამარჯუებლად, სადღეგრძელებლად, მეფობისა წარსამართებლად, ცოდვათა შესანდობელად და დღესა განკითხვისასა მფარველობისათვის".

ზარებიდან მხოლოდ ერთზეა მითითებული მისი კახეთიდან სვანეთში გაგზავნის თარიღი (ექვთიმე თაყაიშვილის მოსაზრებით, 1600 წ.), დანარჩენი ზარების სვანეთში გაგზავნის პერიოდად მიჩნეულია ათწლიანი მონაკვეთი - 1592-1602 წლები. თუ გავითვალისწინებთ, რომ ზარებზე წარწერები ამოკვეთილია მათი გაგზავნის წინ, მაშინ ნათელი ხდება ისიც, რომ კახეთის იმდროინდელ სამეფო კარზე ზუსტად სცოდნიათ სვანეთის იმ სოფლების დასახელებებიც, სადაც ეს ეკლესიები მდებარეობდა...

ბრიტანეთის იმპერიის დედოფალი ვიქტორია და აბდული

ეს თითქმის დაუჯერებელი ამბავი, ვიქტორიანული ეპოქის დასასრულს, ნამდვილად მოხდა დიდ ბრიტანეთში. მასზე მრავალი რამ დაწერილა და ფილმებიც გადაუღიათ. აბდულ კარიმი დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას (1819-1901) მოსამსახურედ ინდოეთიდან ჩაუყვანეს. ის მოკლე ხანში იქცა დედოფლის ნდობით აღჭურვილ პირად და ინდოეთის საკითხებში მრჩევლად. დედოფალზე 44 წლით უმცროსი აბდულ კარიმი იშვიათი სილამაზის, მოხდენილი მუსლიმანი იყო. ბრიტანეთის კოლონიის, ამასთან, უმდაბლესი სოციალური ფენის წარმომადგენელი, ინგლისის დედოფლის ფავორიტი გახდა.

ამ ამბით დაინტერესდა მწერალი ქალი შრაბანი ბასუ. ვიქტორიას სასახლის კარზე ძალიან ხშირად, ზოგჯერ ყოველდღეც კი, მიირთმევდნენ ეგზოტიკურ საჭმელს - ინდურ კარის. როცა ბასუ ვიქტორიას მსახურის დღიურებს გაეცნო, იგი მიხვდა, რომ ამ "სამზარეულო რევოლუციის" ავტორი სწორედ აბდულ კარიმი იყო, რომელიც სამეფო კარზე 1887 წელს ჩაიყვანეს. მას სადილების დამზადება ევალებოდა. თუმცა, აბდულმა როგორღაც შეძლო, გამხდარიყო დედოფლის ფავორიტი და საგანგებო მრჩეველი ინდოეთის საკითხებში.

გრემი - კახეთის მეფეთა რეზიდენცია

კახეთის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, ციხე-ქალაქი გრემი მდებარეობს თელავიდან აღმოსავლეთით 20, ხოლო ყვარელიდან - 16 კილომეტრზე. იგი ორი საუკუნის განმავლობაში კახეთის მეფეთა რეზიდენცია იყო. გრემის, როგორც ქალაქის ისტორია XV საუკუნიდან იწყება, როცა იგი კახეთის პირველმა მეფემ გიორგიმ (1466-1476 წწ.) კახეთის სამეფოს დედაქალაქად აქცია. ეს სტატუსი გრემმა ორი საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნა. აქ მიმდინარეობდა აქტიური მწიგნობრული საქმიანობა, აქ გადიოდა საქარავნო გზები. სწორედ ამიტომ იგი იქცა კახეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრად. ქალაქ გრემის შესახებ მწირი ისტორიული ცნობებია შემონახული, რამდენადაც იგი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ეტაპზე გაჩნდა და სხვა ქალაქებთან შედარებით, მალევე გაუჩინარდა.

გრემის არქიტექტურული კომპლექსი მრავალფეროვანი ნაგებობებისგან შედგება. აქ არის გუმბათოვანი მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია, სამსართულიანი სასახლე- სამრეკლო, სამეურნეო ნაგებობანი, გალავანი, მდინარე ინწობისკენ საიდუმლო გასასვლელი. აქვეა აბანოები, ბაზარი და ქარვასლა. სასახლე მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარზე უფრო ადრე უნდა იყოს აგებული - სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც გრემი კახეთის მეფეთა რეზიდენცია გახდა. სასახლესა და ტაძარს გარს მაღალი გალავანი შემოსდევს, რომელიც მოგვიანებით მეფე ერეკლე მეორესაც შეუკეთებია.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

გალილეველი ქალები ადრექრისტიანულ ეკლესიაში

ეგვიპტური მელნის საიდუმლო

როგორ იბრძოდნენ აქილევსი და ჰექტორი... ჰომეროსამდე - "ილიადაში" აღწერილი ბრძოლის ისტორია შესაძლოა რამდენიმე ასწლეულით "დაძველდეს"

მატარებლები შუა ქალაქში

4000 წლის წინანდელი შეთანხმება უშვილობის შესახებ

ამილახვრებისა და თუმანიშვილების ქიშპი - ორაგულის და ლობიოს "არგუმენტები" ქართლის დიდგვაროვანთა დაპირისპირებაში

მოქვის ავბედობა - რას შეეწირა ტაძრის ამშენებელი დიდოსტატი...

ეთნოლოგია. სწორფრობა და "შენახვა" - ერთი ხალხური წეს-ჩვეულების გაგებისთვის

დამწვარი გვამების საქმე - დამოუკიდებელი საქართველოს სპეცსამსახურები საბჭოთა რუსეთის დაზვერვის წინააღმდეგ

ახალი სამყაროს ისტორია. დამოუკიდებლობისთვის ომი, ამერიკის რევოლუცია და აშშ-ის შექმნა

სარედაქციო ფოსტა. მზის სხივები კორინთოდან

თვალსაზრისი. ვინ იყო დიდი მოურავი

გიორგი ლეონიძე - 120. გიორგი ლეონიძის შემოქმედების "სასწაულმოქმედი ძალა"

სადაზვერვო თამაშები. სასიკვდილო თაიგული ჰიტლერისთვის

უახლესი ისტორია. "უარესი რაღა იქნება?" / მიხაილ ზიგარის "კრემლის ლაშქარი"

ფურცლები წარსულიდან. ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს