მიხეილ სააკაშვილი - მოსამართლემ, მიუხედავად პირადად პრეზიდენტის ზეწოლისა, სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო

 მიხეილ სააკაშვილი - მოსამართლემ, მიუხედავად პირადად პრეზიდენტის ზეწოლისა, სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო

მოსამართლემ, მიუხედავად პირადად პრეზიდენტის ზეწოლისა, სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ უკრაინული პოლიტიკური პარტიის "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მისი "სახლში ჩაკეტვა".

"ერღვევათ სისტემა. ამათთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სახლში ჩავეკეტე და გარეთ არ გამოვეშვი. მოსამართლემ, მიუხედავად ზეწოლისა პირადად პრეზიდენტისგან, მიიღო სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება. დღეს მთელი უკრაინის პოლიტიკური სპექტრი იყო აქ. აქ იყო უკრაინის მომავალი პრეზიდენტი, მომავალი მინისტრები და ა.შ.", - განაცხადა სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბარში.

კიევის პეჩერსკის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა.

პროცესს თავად ბრალდებული სააკაშვილიც ესწრებოდა, თუმცა ის განსასჯელთა საკანში არ მოუთავსებიათ და ადვოკატების გვერდით დასვეს.

აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის შეფარდების შუამდგლომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. დღევანდელ პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი და უკრაინის ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის იულია ტიმოშენკო.

მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ბოლო სამი დღის განმავლობაში წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო მოთავსებული.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"