ის, რაზეც ყველა მკითხველი ოცნებობს - როგორ უნდა გახდეთ ერთი დღით წიგნის მაღაზიის კონსულტანტი

ის, რაზეც ყველა მკითხველი ოცნებობს - როგორ უნდა გახდეთ ერთი დღით წიგნის მაღაზიის კონსულტანტი

წიგნებისა და სტამბის სუნი, ფერადი, საინტერესო, ლამაზი სამყარო, რომელიც იმდენად მიმზიდველია, რომ აქ შემოსვლის შემდეგ გიჭირთ ამ სიმყუდროვის დატოვება და ყოველდღიურ რუტინაში დაბრუნება. სწორედ ასეთია წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსის" თავგადასავლებით სავსე, ისტორიებით დახუნძლული გარემო.

მკითხველისთვის, რომელიც განსაკუთრებით ბევრ დროს ატარებს წიგნის მაღაზიაში, წიგნის პოვნა თაროზე, შერჩევა და ყიდვა ერთი დიდი სიამოვნებაა. ხოლო სწორი არჩევანის გაკეთებაში გეხმარებათ ის ადამიანი, რომელიც მაღაზიაში წარმოდგენილ წიგნებს 5 თითივით იცნობს. ეს კონსულტანტია, რომლისაც თითქოს შორიდან, როგორც იტყვიან "თეთრი შურითაც კი გვშურს", ის ხომ ასე ახლოს არის იმ წიგნებთან, რომლებიც თქვენ ასე ძალიან გიყვართ. წარმოიდგინეთ დგახარ და შენს გარშემო უამრავი წიგნია, ლამაზი შესახედაობით და ოქროსფერი ასოებით მორთული ყდები გიბიძგებს თავისკენ, აღძრავს შენში ინტერესს და გიწვევს მათ წასაკითხად.

მოკლედ, "ბიბლუსს" თქვენთვის საინტერესო სიახლე აქვს: შანს გაძლევთ, რომ ერთი დღით წიგნის მაღაზიის კონსულტანტი გახდეთ, თქვენთვის საყვარელ წიგნებს პოპულარიზაცია გაუწიოთ და მომხმარებელს გააცნოთ ისინი. ეს როლი უკვე მოირგეს ქართველმა ცნობილმა ადამიანებმა.

ხატია შამუგია (პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელის "ისი-პარი" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი): "მე "ბიბლუსის" აქტიური მომხმარებელი ვარ. გამომდინარე იქიდან, რომ 15 წლის შვილი მყავს. ეს არის გარემო, სადაც შეგიძლია ყველაფერი აღმოაჩინო, რა თქმა უნდა, კონსულტანტების დახმარებით. განსაკუთრებით ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე "ბიბლუსი" მაქვს ამოჩემებული, რადგან აქვე ვცხოვრობ. ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნეში, კომპიუტერის ეპოქაში, ძალიან მნიშვნელოვანია წიგნის პოპულარიზაცია. მე ალბათ სხვა თაობას წარმოვადგენ და ელექტრონულად წიგნებს ვერ ვკითხულობ. აი წიგნის სუნი, მისი გადაფურცვლა და კითხვის კულტურა ჩემს ბავშვობასთან არის დაკავშირებული. მე ვფიქრობ ყველა ადამიანს და მითუმეტეს დედას,  უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ ჰქონდეს მეტი შეხება ისეთ სამყაროსთან, როგორიც არის წიგნის მაღაზია".

გოგა ჩანადირი (ფოტოგრაფი): "ძალიან მიხარია, რომ "ბიბლუსმა" ასეთი აქცია დაიწყო - მე ასე დავახასიათებდი ამ აქციას "გახდი ბიბლუსის მრჩეველი". მომეწონა ეს პროცესი, ძალიან სახალისო ყოფილა. თავიდან გამახსენდა იმ წიგნების შინაარსი, რომლებიც უკვე წაკითხული მქონდა, მათი ავტორები და ბევრი საინტერესო მივიწყებული ინფორმაცია. ხომ გაგიგიათ, გამეორება ცოდნის დედააო. როდესაც ადამიანებს უზიარებ შენს შთაბეჭდილებებს და განცდებს ეს საკმაოდ საინტერესო პროცესია. მინდა, რომ გირჩიოთ თქვენც გახდეთ "ბიბლუსის მრჩეველი", მოხვიდეთ ერთი დღით და ადამიანებს თქვენი საყვარელი წიგნები ურჩიოთ".

დავით ტურაშვილი (მწერალი): "ძალიან დიდი მადლობა ამ შემოთავაზებისთვის, რადგან გარდა იმისა, რომ საინტერესო იყო წიგნების შეძენის მსურველებთან კონტაქტი, სასიამოვნოც იყო მათი დახმარება. სიამოვნებით ვიმუშავებდი კიდევ ერთხელ და არაერთხელ წიგნების მაღაზიაში რიგით კონსულტანტად".

ალბათ ყველას გახსოვთ რომანტიკული კომედია "თქვენთვის წერილია" ტომ ჰენქსისა და მეგ რაიანის მონაწილეობით, რომელთა სასიყვარულო ისტორიაც წიგნს უკავშირდება... ვინ იცის, იქნებ თქვენს მეორე ნახევარს სწორედ "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიაში შეხვდეთ. ამისათვის თქვენ მხოლოდ ერთი სურვილი უნდა აისრულოთ, მოირგოთ ერთი დღით კონსულტანტის როლი და დაელოდოთ, ვინ შემოაღებს წიგნის მაღაზიის კარს...

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს