გიორგი გახარიას კომენტარი პოეტ ზვიად რატიანისა და საპოლიციო კონტროლის შესახებ

გიორგი გახარიას კომენტარი პოეტ ზვიად რატიანისა და საპოლიციო კონტროლის შესახებ

იმ შემთხვევაშიც, თუ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა ზვიად რატიანის მხრიდან, პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და უფლებამოსილების გადამეტება ამით ვერ გამართლდება, თუმცა, უფლებამოსილების გადამეტების ფაქტიც დასადასტურებელია, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ "იმედის კვირის" ეთერში, პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებული ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.

"ეს სამწუხარო ფაქტია. მე არ მინდა კონკრეტულ დეტალებში შესვლა და მარტივად აგიხსნით რატომ - ვფიქრობ, რომ ჩვენი მიზანი, აღვადგინოთ ნდობა სამართალდამცავსა და მოქალაქეს შორის, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ჩვენი ყველა ნაბიჯი იყო გათვლილი იმაზე, რომ მსგავსი ექსცესი და ინციდენტი არ მომხდარიყო. მე ვერ ვიტყვი ფაქტობრივად ზუსტად იქ რა მოხდა, ამისთვის არსებობს სასამართლო და პროკურატურა, თუმცა, ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო, ჩვენ ამ სტიგმიდან, როდესაც სუბიექტურად თუ ობიექტურად ერთმნიშვნელოვნად ვადანაშაულებთ მოქალაქეს ან პოლიციელს, არ არის სწორი. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი ერთმანეთის მიმართულებით. უნდა მივცეთ საშუალება სასამართლოს და პროკურატურას, დეტალურად განიხილონ ეს საკითხები", - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, თუ დადასტურდება პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, თითოეული პოლიციელი აგებს პასუხს, თუმცა, ამავდროულად ზვიად რატიანსაც მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა და ახსნა-განმარტების გაკეთება, ჰქონდა თუ არა ადგილი მისი მხრიდან პოლიციელის შეურაცხყოფას ან წინააღმდეგობის გაწევას.

"დარწმუნებული ვართ, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ზვიად რატიანის პოზიციას იცავენ, ის ადამიანები არიან, ვინც ჩვენ აუცილებლად გვჭირდება იმ რეფორმების გასატარებლად, რომელიც მომავლისთვის გვაქვს დაგეგმილი. ამ ადამიანების მხარდაჭერის და საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე ამ რეფორმების გატარება უბრალოდ რთული იქნება. ჩვენ ვპირდებით ყველას, რომ ვიქნებით მაქსიმალურად გახსნილები, თუმცა ობიექტურობა იქნება ჩვენი ძირითადი პრინციპი", - განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, სამართალდამცავები იძულებული იყვნენ მიემართათ საპოლიციო კონტოლისთვის. მისი თქმით, საპოლიციო კონტროლის შედეგები საკმაოდ მასშტაბურია, განსაკუთრებით ნარკოტიკების ნაწილის მიმართულებით.

"სპეციალური საპოლიციო ღონისძიება პრევენციის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ეს არ არის საუკეთესო ინსტრუმენტი. ჩვენ ყველას გვესმის, რომ მსგავსი ღონისძიებები რაც უფრო იშვიათად ჩატარდება, მით უკეთესია, თუმცა, ჩვენ იძულებით მოგვიწია ამ ღონისძიების ჩატარება, რამეთუ გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია და სტატისტიკური მონაცემები ერთმნიშვნელოვნად მიგვანიშნებდა, რომ საახალწლოდ მოხდებოდა სტატისტიკის გაფუჭება - სამართალდარღვევის შემთხვევების ზრდა. ამიტომ ჩვენ იძლებული ვიყავით მიგვემართა ამ ინსტრუმენტისთვის. ასევე, ისიც კარგად გვესმის, რომ ეს არ არის ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებასა და სამართალდამცველს შორის ნდობის აღდგენას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა მთელი საზოგადოების ინტერესშია, ამიტომ რეფორმის პროცესში საზოგადოებასა და სამართალდამცავ სისტემას შორის თანამშრომლობა აუცილებელია.

„პოლციელიც ჩვენი საზოგადოების ნაწილია. ჩვენ ვამბობთ ასეთ რამეს - შეუძლებელია ერთ დღეში პოლიციის 40 000 თანამშრომელი გახდეს სრულიად ახალი ადამიანი. ჩვენ ვამბობთ, რომ რეფორმების გარეშე და რეფორმების შინაარსობრივი ნაწილის გარეშე ერთ დღეში სახეცვლილ პოლიციას ვერ მივიღებთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინმეს რაიმე ინდულგენციას ვაძლევთ. ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ცნობად სახეებსაც ასეთ ინდულგენციას ვერ მივცემთ. ჩვენ საზოგადობასთან ერთად გვესმის, რომ გვჭირდება შინაარსობრივი რეფორმები. ამ შინაარსობრივი რეფორმების არსი უნდა მდგომარეობდეს როგორც საკადრო პოლიტიკის, საგანმანათლებლო ნაწილის, ასევე, მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზმებში, რათა ეს გაუცხოეობის ელემენტი ნელ-ნელა გადავლახოთ. გამართული, პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა ჩვენი საზოგადობის ინტერესშია. ჩვენ ასევე გვესმის, რომ საზოგადოებას არ აქვს ვალდებულება, ითმინოს პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ ერთ დღეში მსგავსი შედეგის დადგომა შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ საზოგადოებას, რეფორმირების პროცესში იყოს ჩვენთან ერთად. ჩვენ ამ პირობის და ამ მოთხოვნის უფლებას გვაძლევს ის მაქსიმალური ტრანსფარენტულობა, რომელსაც ვაპირებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ