ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" იანვრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" იანვრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" იანვრის ნომერი #1(85), რომელშიც წაიკითხავთ:

საქართველოს უცნობი ელჩი XIV საუკუნის იერუსალიმში

გრიგოლ ფერაძე დღიურში "იერიქონის ვარდები" მოგვითხრობს 1936 წელს, წმინდა მიწაზე მოგზაურობისას, ერთ ადგილობრივ ქრისტიანთან ეპიზოდური შეხვედრების შესახებ: "ჩემთან ერთი არაბი მამაკაცი მოვიდა. მითხრა, სიკსეკი მქვია, წარმოშობით ქართველი ვარო. მისი წინაპარი ხუთასი თუ ექვსასი წლის წინ ქართველი მეფის ელჩობას იერუსალიმში მდივნად ჩამოჰყოლია. სახელად სიმონი რქმევია, გვარი კი აღარ იცოდნენ და "სიკსეკს" - მისი თანამდებობის, მდივნობის აღმნიშვნელ სიტყვას - უწოდებდნენ".

გრიგოლ ფერაძის დღიურში იერუსალიმელი სიკსეკის სახელი ან ხნოვანება მითითებული არ არის, თუმცა მაინც მოხერხდა აღნიშნული პირის ვინაობის დადგენა. ის ვინმე გიორგი სიკსეკი აღმოჩნდა. დავუკავშირდით მის შვილიშვილს საბერძნეთში, საპასუხო წერილში დიდი მღელვარება იგრძნობოდა, - გიორგი დიდად გატაცებული ყოფილა თავისი ქართული ფესვების გამოძიებით. ქალბატონმა ათენიდან პაპის ხელნაწერიც მოგვაწოდა. გიორგი სიკსეკი წერდა: "ჩვენი გვარი სათავეს იღებს იმ წარჩინებული გვარის ქართველიდან, ვინც იერუსალიმში ექვსასი წლის წინ, დაახლოებით 1300-იან წლებში დასახლებულა. ის იყო ქართველი მეფის მდივანი და ნდობით აღჭურვილი პირი. ქართველმა მეფემ და ბიზანტიის კეისარმა ანდრონიკე II პალეოლოგოსმა (1281-1333) სიმონ მდივნის მეთაურობით, ერთობლივად გაგზავნეს ელჩობა სულთან ალ-ნასერთან მონასტრის ქართველებისთვის დაბრუნების თხოვნით. ჯვრის მონასტრის დახსნის შემდეგ, სიმონი ოჯახთან ერთად მონასტერში დარჩა".

მონასტრის აღაპთა დავთარში, ჩვენთვის საინტერესო პერიოდისთვის "ჯვარის მამებს" შორის სახელით "სიმონ" (სვიმონ, სვიმეონ) სულ ორად ორი პირია ნახსენები: სვიმონ (სვიმეონ) ელმელიქის ძე და სიმონა ციდაშვილი. პირველი, ქრონოლოგიური და ბევრი სხვა ნიშნით, მიესადაგება სიკსეკების შორეულ წინაპარს...

შვეიცარიული გვარდია - უძველესი მოქმედი არმია მსოფლიოში

ისტორიიდან ცნობილია, რომ პოლიტიკური ლიდერები საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად პირად საჯარისო შენაერთებს ქმნიდნენ. ასეთები იყვნენ "უკვდავები" სპარსეთის იმპერიაში, "მეფის გვარდია" - ტაილანდში, "საიმპერატორო გვარდია" - საფრანგეთის იმპერიაში, "მონასპა" - საქართველოს სამეფოში და სხვა. ჩამოთვლილ შენაერთთა უმრავლესობა პასუხს საერო ხელისუფლის სიცოცხლეზე აგებდა. ამ თვალსაზრისით, ვატიკანის შვეიცარიული გვარდია სრულიად განსხვავებული ფენომენია.

პაპის შვეიცარიული გვარდიის შექმნას XV საუკუნიდან ჩაეყარა საფუძველი. შვეიცარიელ დაქირავებულებს იყენებდნენ საფრანგეთთან ალიანსის პერიოდში. საინტერესოა, რომ ხშირად იქმნებოდა პარადოქსული ვითარება - დაქირავებული შვეიცარიელები ერთმანეთს ებრძოდნენ საფრანგეთის, პაპის ოლქის თუ საღვთო რომის იმპერიის სამხედრო ძალების შემადგენლობაში. იტალიურმა ომებმა (1494-1559) ბიძგი მისცა პაპის გვარდიის ჩამოყალიბებას... 1505 წლის სექტემბერში, კასპარ ფონ ზილენენის მეთაურობით, ურის კანტონიდან იტალიისკენ 150 შვეიცარიელი დაიძრა. მათი მარში რომამდე იანვრამდე გაიწელა. 22 იანვარს მათ შეაბიჯეს რომში, გაიარეს ავრელიანეს კედელი და პაპ იულიუს II-ს ეახლნენ, რომელმაც ისინი დალოცა. ოფიციალურად, სწორედ ეს თარიღი მიიჩნევა პაპის შვეიცარიული გვარდიის დაარსების დღედ.

"ვეფხვის ბუდე" - ტაკწანგ-ლაკხანგი

ბუტანში, ქალაქ პაროს მახლობლად მდებარე სახელგანთქმული ჰიმალაური მონასტერი ტაკწანგ-ლაკხანგი ბუდისტური ტაძრების კომპლექსია, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. "ვეფხვის ბუდე" ზღვის დონიდან 3120 მეტრის სიმაღლეზეა, კლდის სიმაღლე კი ვაკიდან 700 მეტრზე მეტია. მონასტრის ნაგებობები კლდოვან ლანდშაფტშია ჩაშენებული.

საზოგადოდ, ლაკხანგს ბუტანში (და ტიბეტში) უწოდებენ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მცირე ბუდისტურ ტაძარს, სადაც ძვირფასი რელიკვიები ინახება. ტაკწანგ-ლაკხანგში ყველაფერი დაკავშირებულია რეგიონის ქვეყნებში ბუდიზმის გამავრცელებელ VIII საუკუნის ინდოელ გურუსთან, რომელსაც თაყვანს სცემდნენ, როგორც მეორე ბუდას. ლეგენდის თანახმად, ტაკწანგში ის ვეფხვად გარდასახული მეუღლის - იეშე ცოგიალის ზურგზე ამხედრებული მოფრინდა...

ოთხი ტაძრისა და საცხოვრებელი სახლებისგან შემდგარი ბუდისტური სავანე გასაოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. ეზოში სალოცავი ბორბალია - დოლი, რომელზეც გარედანაც მანტრებია დაწერილი და მთლიანად გამოვსებულიც არის უთხელეს ქაღალდზე დაწერილი მანტრებით. დოლის სრული შემობრუნება ყველა ამ მანტრის წარმოთქმას ნიშნავს. აქაური ბერები ბორბალს ყოველ დილით აბრუნებენ და სამყაროს ახალი დღის დაბადებას ამცნობენ.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

უძველესი ქართული პალიმფსესტი მსოფლიო მეხსიერების ნუსხაში

"ზეციური" ხანჯლები ბრინჯაოს ეპოქიდან

ძაღლი და ისტორია

"როგორ დავწეროთ ისტორია"

მარიამ ლორთქიფანიძის "რჩეული ნაწერები"

წიგნი ქართველი ხალხის ისტორიულ და კულტურულ მეხსიერებათა თავისებურებებზე

"გააცოცხლე" ქართველი მეფეები შენს ბიბლიოთეკაში / "პალიტრა L"-ის მორიგი სიურპრიზი მკითხველს

ქართველი მოდილიანის დაბრუნება - სვიმონ დადიანი ჯერჯერობით ერთადერთი ცნობილი ქართველია, ვინც ამერიკული დროშის ქვეშ მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა

ქართველი და ბალტიელი წარჩინებულების ქორწინებათა ისტორიიდან (ნაწილი I)

ქართული ოქრომჭედლობა. უნიკალური ყელსაბამის თავგადასავალი

მეფე-პლეიბოი დიდ ბრიტანეთში

დამოუკიდებლობისთვის ომი, ამერიკის რევოლუცია და აშშ-ის შექმნა (ნაწილი II)

ბრინჯაოს კალამი 1800 წლისაა

ფრთოსანი პეგასიდან გურულ მხედრებამდე

ჯაშუშთა მეფე ვილჰელმ შტიბერი - "კაცი, რომელმაც შექმნა გერმანული სპეცსამსახურები და გერმანიის გაერთიანებაში უდიდესი წვლილი შეიტანა"

უახლესი ისტორია. "ომი, რომელიც არ მომხდარა?!" - მიხაილ ზიგარის "კრემლის ლაშქარი"

ფურცლები წარსულიდან. ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს