ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალური და საბაზრო კურსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

 ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალური და საბაზრო კურსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მიმდინარე წლის 5 იანვრიდან ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენის წესში ცვლილება შედის. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აქამდე არსებული წესით, იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ბანკთაშორის ბაზარზე ვაჭრობის მოცულობა არ აღემატებოდა 3 მილიონ ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) დოლარს, ლარის ოფიციალური კურსის გაანგარიშებაში მონაწილეობდა წინა დღის გარიგებებიც.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ამის გამო იყო იშვიათი შემთხვევები, როდესაც ოფიციალური და საბაზრო კურსი ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, რისი მიზეზიც კონკრეტულ სავაჭრო დღეს ბაზარზე დაბალი აქტივობა იყო. აღნიშული ცვლილებით ზემოთ ნახსენები ლიმიტი განახევრდება (1.5 მილიონ აშშ დოლარამდე), რის შედეგადაც ოფიციალური კურსი უფრო მეტად დაუახლოვდება საბაზროს.

”აქვე შეგახსენებთ, რომ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ითვლება სამუშაო დღეებში, დღეში ერთხელ და წარმოადგენს წინა სავაჭრო დღეს, სავალუტო ბაზარზე, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების საშუალო შეწონილ კურსს, რომელიც ძირითადად გამოიყენება საბუღალტრო აღრიცხვისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისათვის, ასევე სხვადასხვა სახის ხელშეკრულებებში. უცხოური ვალუტის მიმდინარე საბაზრო კურსის შესახებ ინფორმაციის სხვადასხვა წყარო არსებობს. ამისათვის ზოგჯერ მიმართავენ ბლუმბერგის ვებსაიტს, რომელზეც ქვეყნდება არა რეალურად შემდგარი გარიგებების კურსები, არამედ ამ სისტემის მომხმარებლების მიერ ვალუტის ყიდვის და გაყიდვის გამოცხადებული კურსების საშუალო მაჩვენებელი. ინტერნეტის ამ ბმულზე ნაჩვენები კურსით გარიგებები შესაძლოა საერთოდ არ დაიდოს. ლარის ოფიციალური კურსი კი ითვლება ფაქტობრივად შემდგარი გარიგებების საფუძველზე. კომპანია Bloomberg თავის ვებგვერდზე ანალოგიური პრინციპით სხვა ქვეყნების სავალუტო კურსებსაც აქვეყნებს.

უცხოური ვალუტის საბაზრო კურსზე ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ საიტებით, სადაც ვალუტის ყიდვის და გაყიდვის პერიოდულად განახლებადი კურსები ქვეყნდება”, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი