"ითქვა, რომ რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და დროს წელავდნენ უცხოეთში გადაყვანაზე..." - უპასუხო კითხვები მაჩალიკაშვილის საქმეში

"ითქვა, რომ რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და დროს წელავდნენ უცხოეთში გადაყვანაზე..." - უპასუხო კითხვები მაჩალიკაშვილის საქმეში

"ვიცოდით, რომ დღეებს ითვლიდა, ექიმები ტვინს ძალით აცოცხლებდნენ, თორემ მას სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა... ასევე ისიც თქვეს რომ, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და ახლა გამოტყდნენ, ამიტომაც წელავდნენ დროს უცხოეთის კლინიკაში გადაყვანაზე... ახლა კი, როდესაც თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ თანხმობა განაცხადა, იძულებული გახდნენ, გაემხილათო. თუმცა, ახლობლებს ეჭვი კი ჰქონდათ, რომ რაღაც "ისე არ იყო" - აცხადებს პანკისელი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ახლობელი ჩვენთან საუბარში.

AMBEBI.GE-ს რესპონდენტი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, ამბობს, რომ ბოლო დღეებში ისიც კი გაიგეს, რომ მძიმედ დაჭრილ ახალგაზრდას გამოძიების დასრულებამდე აუცილებლად უნდა ეცოცხლა, თუმცა, მისივე თქმით, "სხვა საკითხია რა შეცვალა სუს-ის მიერ ბოლო გავრცელებულმა ინფორმაციამ და საქმის გარშემო რას მოჰფინა ნათელი, რადგან თემირლანის ჩატაევის გარემოცვასთან ერთად ნახვა არაფერს ცვლის, რადგან პანკისელები, ყველა ერთმანეთს იცნობენ და შესაძლოა, მაჩალიკაშვილი იქ შემთხვევით აღმოჩენილიყო..." - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

"მოკლედ ბევრი ვერსია გახმოვანდა. მე მას ახლოს არ ვიცნობდი და როგორც ყვებიან, არც იყო ისეთი გახსნილი ბიჭი, ბევრი მეგობარი ჰყოლოდა. საერთოდ, ჩვენი ხალხი დიდად გახსნილი არ არის და არც ბევრი საუბარი ჩვევია... მის ახლო მეგობრებს ვიცნობ, მაგრამ არც ეს ნიშნავს, რომ მათ მასზე მეტი ეცოდინებოდათ... აქ ერთმანეთზე თითქოს ყველაფერი იციან, მაგრამ ამავდროულად არაფერი იციან, რადგან ზოგ შემთხვევაში, ადგილობრივებს ისე სწრაფად და მოულოდნელად მიუღიათ გადაწყვეტილება, ოჯახის წევრებიც კი გაოცებული დარჩენილან. არ ვიცი, ეს ბიჭი შეგნებულად თუ გულუბრყვილობით რამე კავშირში იყო ჩატაევთან, მაგრამ თუ სამართალდამცავ უწყებას მართლაც ჰქონდა რამე ხელმოსაჭიდი, ეს ისე უნდა გაეკეთებინათ, კითხვები არ დარჩენილიყო...

საერთო ახლობლებისგან ვიცი, რომ წინა დღეს, მთელი დღის განმავლობაში ქუჩაში, სოფლის ცენტრში ტრიალებდა თემირლანი და ასაყვანადაც უკეთესი სიტუაცია იყო. თუ კი, მას რამეში სდებდნენ ბრალს, - რატომ გადაწყვიტეს მისი სახლში აყვანა, ისე როგორც ეს გააკეთეს, თან გამთენიას, სახლში შევარდნით? - ამ კითხვაზე ოჯახს და ახლობლებს პასუხი არ აქვთ. თითქოს ყველაფერზე საუბრობენ, ამაზე - არა. ისე თქვეს, ალბათ იმიტომ, რომ ამასობაში ოჯახი მისი ტერორიზმთან კავშირის კვალს წაშლიდაო, თუ მას მართლა რამეს ედავებოდნენ, შეეძლოთ, ეს ორი საქმე ერთდროულად გაეკეთებინათ და ამდენი კითხვაც არ დარჩებოდა..." - ჰყვება ჩვენთან საუბარში პანკისელი, რომლის თქმითაც ოჯახი ამ ტრაგედიის გამო შოკშია. ახლობლები და პანკისის უხუცესთა საბჭო კი აქციებს აანონსებენ...

26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. სუს-ში აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. დაჭრილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. ამასთან, მათი თქმით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს და ხელში, ხელყუმბარა კი არა, მობილური ტელეფონი ეჭირა.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ექიმების თქმით, ის დღეს დილით, დაახლოებით 8 საათისთვის გარდაიცვალა. მისი ექიმის, ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, მაჩალიკაშვილის მდგომარეობა დღეს, გამთენიისას გართულდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ოჯახი თემირლან მაჩალიკაშვილის გერმანიაში, ბერლინის კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, რაზეც ოფიციალური უარი გუშინ მიიღეს. ამის შემდეგ პაციენტის თურქეთში, კლინიკა "კოჩ-ჰოსპიტალში" გადაყვანას გეგმავდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან - ახმედ ჩატაევთან და მისი ჯგუფის წევრებთან კავშირი და მათი დახმარება ედებათ ბრალად.

2018 წლის 4 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც მათი ინფორმაციით, ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში ახმედ ჩატაევის დაჯგუფის წევრები - რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევი, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. ასევე, ოპერატიულად დადგენილია, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა, - რუსეთის მოქალაქე იბრაჰიმ ადაშევი, რომელიც, 2010-2012 წლებში საქართველოში სხვადასხვა ყალბის პასპორტით იმყოფებოდა და რუსეთის მოქალაქე, ასლანბეგ სოლტახმადოვი... გარდა ამისა, დაკავებულია ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ ძებნილი შოაიფ ბორზიევი.

"ახლა, ერთადერთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის გამოძიებამ დროულად გასცეს იმ კითხვებს პასუხი, რომელიც ამ საქმის გარშემო გამოიკვეთა, - ოჯახი სრულად საფუძვლიანად სვამს კითხვას, - რატომ არ აიყვანეს ის ქუჩაში, დღისით, მით უფრო, რომ სპეცოპერაცია ნაკლები ძალისხმევით მოხერხდებოდა.. ეს კითხვა მეც მაწუხებს... ასევე აუცილებლად უნდა გამოიძიონ, რომ სპეცოპერაციის ჩატარებისას, ხომ არ მოხდა ძალის გადამეტება..." - ამბობს ჩვენთან საუბარში კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე.

მისივე თქმით, სხვა საკითხია, როგორ გამოეპარათ საქართველოს შესაბამის სამსახურებს ასეთი წონის ძებნილი პირების ქვეყანაში შემოსვლა:

"დანარჩენ დაკავებულებს, ჩემი ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ბინის გაქირავებას ედავებიან, რადგან ამას ჰქონდა ბინის გასაღები, თუმცა, ის ადამიანების არალეგალურად გადაყვანაში არ მგონია ყოფილიყო ჩართული, რადგან ჩვეულებრივი ხელოსანი იყო. მეორეს კი, თურქეთში სამუდამოდ დეპორტაცია ჰქონდა და შესაბამისად, ასე აქტიური ვერ იქნებოდა... ასევე, ჩნდება კითხვა, ეს ერთი ჯგუფია თუ ბევრი ასეთი ჯგუფია კიდევ შემოსული და ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს?..

ვიცი, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" კონტროლი დაეკარგა მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და ამის შემდეგ, როგორც ვიცით, გადარჩენილების დაბრუნების საკითხი დადგებოდა. აქ საუბარი არ არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, რუსეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ჩრდილო კავკასიიდან და აზერბაიჯანიდან რამდენიმე ათასი ადამიანი იყო წასული და სირიიდან დაბრუნებისას, მათთვის ყველაზე მოკლე მარშრუტი საქართველოს დერეფნად გამოყენება იყო..." - აცხადებს ექსპერტი, რომლის თქმითაც, შემდეგი გაუთვალისწინებელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, აუცლებელია ამ საკითხის საფუძვლიანად შესწავლა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ