14 წლამდე ასაკის ქურდები - 50-მდე ფაქტი ბოლო ორ თვეში

14 წლამდე ასაკის ქურდები - 50-მდე ფაქტი ბოლო ორ თვეში

ბოლო პერიოდში 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. მაღაზიები, აფთიაქები, ოფისები და ავტომობილები მათი ძარცვის ძირითადი ობიექტებია, რასაც სათვალთვალო კამერებიც აფიქსირებს.

არაოფიციალური ინფორმაციით, წელს მხოლოდ თბილისში 50-მდე მსგავსი შემთხვევა მოხდა. არასრულწლოვნები იპარავენ სუპერმარკეტებში, ტანსაცმლისა და ტექნიკის მაღაზიებში და სხვაგან, რაც ზოგჯერ დღის საათებში ხდება.

იმის გათვალისწინებით, რომ 14 წლამდე მოზარდებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება, მოსახლეობის ნაწილი პრობლემის მოგვარებას კანონის გამკაცრებაში ხედავს. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კანონის გადახედვა არ იგეგმება, რასაც იურისტებიც გამართლებულად მიიჩნევენ, რადგან, მათი აზრით, არასრულწლოვნებში სადამსჯელო ღონისძიება გამოსავალი ვერ იქნება და მოგვარების გზებს სხვა მიმართულებით ხედავენ.

შეგახსენებთ, რომ ძარცვა რამდენიმე დღის წინაც მოხდა. დადიანის ქუჩაზე კლინიკა "მედი" გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, საქმეში სამი არასრულწლოვანი ფიგურირებს, მათ შორის ერთი გოგონა, რომლებმაც 60 ლარამდე თანხა წაიღეს. 24 იანვარს ისევ არასრულწლოვნებმა ისანში სურსათის მაღაზია გაქურდეს, რისი ამსახველი ვიდეომასალაც არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზეც გამოძიება დაიწყო. კიდევ ერთი ძარცვა "მაგთის" ოფისში მოხდა, სადაც რამდენიმე არასრულწლოვანმა სტენდიდან მობილური ტელეფონები დღისით წაიღო.

არასრულწლოვანთა დანაშაული რომ გახშირებულია, ამას შს მინისტრიც აღნიშნავს. როგორც გიორგი გახარიამ საპარლამენტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, არასრულწლოვანთა კოდექსმა, რომელიც 2016 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა, გარკვეული შედეგები გამოიღო, თუმცა 14 წლამდე მოზარდებში დანაშაული გაზრდილია.

"რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია ისეთი მიღწევები, როგორიც არის განრიდების პირობებში რეციდივის მხოლოდ 9% შემთხვევები, მაგრამ, ასევე, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ის პრობლემები, რომლებიც გვაქვს 14 წლამდე არასრულწლოვნებში - დანაშაულის ზრდა განსაკუთრებით ისეთი დანაშაულის ზრდა, როგორიც არის ქურდობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კანონმდებლობის გადახედვა და გამკაცრება არ იგეგმება. "ქართული ოცნების" დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, საამისოდ საჭიროა მოზარდების მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობრივი, ასევე, თვისებრივი კვლევა და მიზეზების დადგენა.

"კერძოდ, რა რაოდენობით არის არასრულწლოვანთა დანაშაული გაზრდილი და, ასევე, საინტერესოა, რა არის მოტივაცია. დანაშაული მოტივის გარეშე არ არსებობს. არის თუ არა დანაშაულის მოტივი ახალგაზრდული ცუღლუტობა ან თვითდამკვიდრების მიზნით "ბიჭობის" გამოჩენა - ეს კრიმინალისტიკაში არსებობს როგორც მოვლენა და ამ შემთხვევაში სწორედ ასეთი კვლევა უნდა ჩატარდეს", - აცხადებს ქუცნაშვილი.

უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძეც იზიარებს პოზიციას, რომ კანონის გამკაცრება არ არის გამოსავალი და პრევენციას დანაშაულის ჩადენის მიზეზების დადგენაში ხედავს.

"რეაგირება და დასჯა უნდა იყოს, მაგრამ გააჩნია დასჯასაც. შეიძლება მას დაეკისროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. ჩვენ გაქვს, ასევე, განრიდების პროგრამა და, რაც მთავარია, ამ ბავშვებთან და მათ ოჯახებთან უნდა იყოს ძალიან ხშირი კომუნიკაცია. თვითონ საზოგადოებაში უნდა იყოს ამ ადამიანების მიმართ შეურიგებელი განწყობა. არასრულწლოვანი უნდა ხედავდეს, რომ ეს არის ძალიან ცუდი ქცევა და რომ კარგი ადამიანი ასე არ იქცევა. ასევე, კარგად უნდა ავუხსნათ, ციხეში ყოფნა რას ნიშნავს, როგორ შეიძლება დაასრულოს საკუთარი ცხოვრება იმ ადამიანმა, ვინც კრიმინალურ გზას მიჰყვება. ბევრი სხვა ტიპის მუშაობაა საჭირო და არა კანონის გამკაცრება და მათი ციხეში ჩასმა", - აცხადებს გუგული მაღრაძე და აღნიშნავს, რომ პრევენციისთვის აუცილებელია სხვადასხვა უწყების ერთობლივი მუშაობა და ამ პროცესში საზოგადოების ჩართვა.

იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ სადამსჯელო ღონისძიების შემოღება მდგომარეობას უკეთესობისკენ არ შეცვლის.

"ჩვენთვის არასრულწლოვნების მართლმსაჯულების რეფორმა სიახლეა და ამიტომ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია როგორც ფაქტები, ისე თანდართული პრობლემები. ფაქტია ისიც, რომ კრიმინალური სამყარო ცდილობს, ამ რეფორმის სიკეთით ისარგებლოს და ეს ადამიანები გამოიყენოს იარაღად, რაც გვინახავს სხვა ქვეყნების მაგალითზეც, ფილმებში მაინც, როდესაც არაერთი მძიმე დანაშაულისთვის სწორედ არასრულწლოვნებს იყენებენ.

გამოსავალი და ამ პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტა არის რეფორმის გაგრძელება და მეტი გამჭვირვალობა, თუ რას აკეთებს სახელმწიფო ამ მიმართულებით. ასევე, საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია და, რაც ყველაზე მთავარია, სირთულის გამო რეფორმაზე უარის თქმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, თორემ ჩვენ დავუბრუნდებით ძველ, რეპრესიულ სისტემას", - ამბობს ლევან ალაფიშვილი და აღნიშნავს, რომ კანონის გამკაცრება იქნება რეფორმის შეჩერება და წარსულში დაბრუნება.

კითხვაზე, მშობლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება იქნებოდა თუ არა ერთ-ერთი გამოსავალი, იურისტი პასუხობს, რომ მშობელს სისხლისსამართლებრივი წესით პასუხს ვერ მოსთხოვ, მით უმეტეს, როცა საქმე დასჯად ქმედებას ეხება.

"თუმცა, როდესაც რეფორმაზე ვსაუბრობ, იმიტომ აღვნიშნავ გამჭვირვალობა-გახსნილობას, რომ მასში მშობელთა ჩართვა გადამწყვეტია. ყველაზე მეტ დროს შვილებთან სწორედ ოჯახი უნდა ატარებდეს და აქ მშობელთა საგანმანათლებლო კომპონენტიც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ არასრულწლოვნის ქმედება არის გამოხატულება იმ გარემოსი, რაც არის ოჯახში, მის სოციუმში და მთლიანად საზოგადოებაში. მართალია, ეს ძალიან რთული და კომპლექსური საქმეა, მაგრამ ასეთმა ფაქტებმა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დააყენოს რეფორმის საჭიროება და გაგრძელება.

რასაც მე ვუყურებ, შემთხვევები წარმოჩენილია მხოლოდ კრიმინალურ ჩარჩოში და ისმის კითხვა, სამართალდამცაველები რას აკეთებენ? ისინიც კი უძლურნი არიან - ეს ყველაზე დამღუპველი ტექსტია, რომლის ტირაჟირებასაც მედიასაშუალებები უწყობენ ხელს. ამ რთულ პროცესში შსს-ს დადანაშაულება მხოლოდ წაახალისებს არასრულწლოვნებს და თუკი დღეს დანაშაულის ჩამდენი ერთია, ხვალ შეიძლება გაჩნდეს სხვა პრეცედენტებიც. გულწრფელად გეტყვით, მეც შემხებია. სულ ცოტა ხნის წინ გარაჟში გამიტეხეს მანქანა, ჩანაწერიც არსებობს, არასრულწლოვნები არიან, მაგრამ სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიციის უუნარობის ბრალია", - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

ნინი ქეთელაური

გაზეთი "რეზონანსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ