წითელას 102 შემთხვევა ბოლო 1 თვეში - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

წითელას 102 შემთხვევა ბოლო 1 თვეში - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

2017 წლიდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათი ცნობით, 2018 წელს 29 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში უკვე აღირიცხა წითელას 102 შემთხვევა, მათ შორის აჭარაში - 86.

"შემთხვევათა 34% მოდის 20 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფში, მაღალია ასევე 1 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წილი 19,5%, რომელშიც ასევე ყველაზე მაღალია ავადობის მაჩვენებელი, 100000 მოსახლეზე - 58.5, რაც თანდაყოლილი იმუნიტეტის დეფიციტზე მიუთითებს.

აუცრელი ბავშვები, განსაკუთრებით ჩვილები, წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს წითელათი დაავადების, მისი გართულებების და გარდაცვალების მხრივ. ასევე დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან არავაქცინირებული ორსული ქალები.

დაავადების შემდგომი გავრცელების შეზღუდვის მიზნით წითელას ყველა შემთხვევის ირგვლივ ტარდება პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები ეპიდზედამხედველობის ლაბორატორიული დიაგნოსტირების ჩათვლით და იმუნიზაციის მიმართულებით: ბავშვთა გეგმური იმუნიზაციით მოცვის გაუმჯობესება და დროული ვაქცინაციის უზრუნველყოფა; წითელაზე საეჭვო შემთხვევებთან კონტაქტირებულთა ვაქცინაცია; 20 - 40 წლის არაიმუნური მოსახლეობის ვაქცინაცია; 40 წლამდე ყველა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების/თანამშრომლების იმუნიზაცია;

წითელა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ განცხადება ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

მისი თქმით, აღნიშნული ვირუსის პრევენციის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაცია უფასოა და მის ხარჯს სახელმწიფო ანაზღაურებს.

გამყრელიძე კოლეგა ექიმებს მოუწოდებს, რომ ვაქცინაცია ჩაიტარონ.

"დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისას ვაქცინაციაზე უკეთესი მეთოდი არ არსებობს. ჩვენ არავის ვაშინებთ, უბრალოდ, მოსახლეობას ვაფრთხილებთ და მოვუწოდებთ გაიკეთონ აცრა", - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განმარტებით, ტრადიციულად, წითელა ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი თუ მას აცრის შემდგომი ან ადრე გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არა აქვს.

როგორც ცენტრში განმარტავენ, წითელა ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადებაა - ვირუსთან კონტაქტის შემდეგ ავადდება იმუნიტეტის არმქონე ინდივიდების 90%-ზე მეტი.

"ტრადიციულად, წითელა ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი თუ მას აცრის შემდგომი ან ადრე გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არა აქვს. წითელას ვირუსის გადაცემა ხდება ჰაეროვანი გზით. კლინიკურად, წითელა ხასიათდება ცხელებით, სპეციფიური გამონაყარით და ზედა სასუნთქი გზებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით. შემთხვევათა 30%-ში ადგილი აქვს დაავადების ისეთ გართულებებს, როგორიცაა ოტიტი, პნევმონია, დიარეა და პოსტინფექციური ენცეფალიტი. წითელას იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული შორეული გართულებაა ქვემწვავე მასკლეროზირებელი პანენცეფალიტი, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს დაავადების გადატანიდან რამდენიმე წლის შემდეგ.

ბოლო წლებში, წითელას ეპიდემიოლოგიამ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც გამოიხატა შემთხვევათა შორის უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილების წილის ზრდაში.

საქართველოში 1990 წლიდან წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდემია რეგისტრირებული არ ყოფილა, 2004-2005 წლამდე, როდესაც აღირიცხა დაავადების 8 391 (უპირატესად უფროსი ასაკის ბავშვებში და ახალგაზრდებში) და გარდაცვალების 9 შემთხვევა.

წითელას შემდეგი დიდი აფეთქება აღინიშნა 2013-2015 წლებში, როცა დაავადდა 11 000 მეტი ადამიანი, უპირატესად მოზრდილები და 5 წლამდე ასაკის ბავშვები. აღნიშნული აფეთქებისას ლეტალურად დასრულდა 4 შემთხვევა. წითელას ეს ეპიდაფეთქებები უკავშირდება ერთი მხრივ, 1990-იან წლების დასაწყისში იმუნიზაციის პროგრამის და 2008 წელს წითელას საწინაარმდეგო აცრების კამპანიის ჩავარდნას, რის შედეგადაც არასრულად აცრილ მოსახლეობაში დაგროვდა დიდი რაოდენობით არაიმუნური პირი, რომელიც უკვე მოზრდილ ასაკში დაავადდნენ, მეორე მხრივ კი, არაიმუნური ფენის დაგროვებას უმცროსი ასაკის ბავშვებში გეგმური ვაქცინაციით არასათანადო მოცვის გამო", - ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი