"აჭარაში წითელას ეპიდაფეთქებაა" - არის თუ არა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის საკმარისი მარაგი ქვეყანაში

"აჭარაში წითელას ეპიდაფეთქებაა" - არის თუ არა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის საკმარისი მარაგი ქვეყანაში

შეიძლება ითქვას, რომ აჭარაში წითელას ეპიდაფეთქებაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 29 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში უკვე აღირიცხა წითელას 102 შემთხვევა, მათ შორის აჭარაში - 86.

გამყრელიძის ინფორმაციით, აქედან ბათუმი დაფიქსირდა - 52, ქობულეთში -14, ხელვაჩაურში - 14, ხულოში - 2, ქედაში - 3 და შუახევში - 1 შემთხვევა.

”საქართველოში 1990 წლიდან წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდემია რეგისტრირებული არ ყოფილა 2004-2005 წლამდე, როდესაც აღირიცხა დაავადების 8 391 (უპირატესად უფროსი ასაკის ბავშვებში და ახალგაზრდებში) და დაფიქსირდა გარდაცვალების 9 შემთხვევა.

წითელას შემდეგი დიდი აფეთქება აღინიშნა 2013-2015 წლებში, როცა დაავადდა 11 000-ზე მეტი ადამიანი, უპირატესად მოზრდილები და 5 წლამდე ასაკის ბავშვები. აღნიშნული აფეთქებისას ლეტალურად დასრულდა 4 შემთხვევა.

2016 - 2017 წლებში წითელას ეპიდაფეთქებები დაფიქსირდა ევროპის რეგიონში, აღირიცხა 14 939 წითელას შემთხვევა, 34 დასრულდა ლეტალურად (რუმინეთი იტალია, საბერძნეთში, ბულგარეთი, გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი, ესპანეთი).

საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა კვლავ აღინიშნა 2017 წლიდან. 2018 წელს, 29 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში უკვე აღირიცხა წითელას 102 შემთხვევა, მათ შორის აჭარაში 86”, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში არის საკმაო მარაგი წითელას დამატებითი იმუნიზაციისთვის და ვაქცინის ხარისხი მაღალია.

ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფენციაზე მოუწოდა ქალებს, 20-დან 40 წლამდე ასაკის ყველა ადამიანს, ექიმებს, ბაღების ხელმძღვანელებსა და აღსაზრდელებს, სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს, მშობლებს, გადაამოწმონ თავიანთი, შვილების, აღსაზრდელების სტატუსი წითელასთან მიმართებაში და თუკი აცრა არ აქვთ გაკეთებული, წითელას ვირუსის ვაქცინაცია გაიკეთონ.

"ეს ყველაფერი ხდება სახელმწიფო ხარჯზე და აცრა არის უფასო. ქვეყანაში არის საკმაო მარაგი დამატებითი იმუნიზაციისთვის. მისი ხარისხი არის მაღალი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გადაკვალიფიცირებული. აღნიშნული ვაქცინა არის სამკომპონენტიანი და აცრა წითელა-წითურა-ყბაყურას იმუნიზაციისთვის ხდება", - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მოსახლეობამ დროულად უნდა გააცნობიეროს რასთან გვაქვს საქმე და უნდა ჩაიტაროს დროული ვაქცინაცია.

"ჩვენ დროულად უნდა დავიწყოთ ე.წ. შემაკავებელი ღონისძიებები. მოსახლეობამ დროულად უნდა გააცნობიეროს რასთან გვაქვს საქმე და უნდა ჩაიტაროს დროული ვაქცინაცია. წითელა გახლავთ დაავადება, რომელიც იმართება მხოლოდ ვაქცინაციით. წითელას სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს, მისი პრევენციის ერთადერთი საშულება არის ვაქცინაცია. ბავშვები იცრებიან ორჯერადად, ერთი წლის და 5 წლის ასაკში. დამცველობითი ეფექტი წითელას საწინააღმდეგო აცრის, ძალიან მაღალია. ასევე მოგეხსენებათ, რომ წითელას გადატანის შემდეგ იმუნიტეტი არის ძალიან მაღალი და ხელმეორედ ადამიანს წითელა თითქმის აღარ უნვითარდება. დღევანდელი მონაცემები მიუთითებს, რომ საქართველოში დაფიქსირებული 102 შემთხვევიდან ვირუსი ძირითადად ფიქსირდება 0-დან 1 წლამდე ასაკში და მოზრდილ, 15 წლის ზემოთ ასაკში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ქალბატონებში. თუ ქალები არ არიან აცრილები, მათ შვილებს წითელას საწინააღმდეგო იმუნიტეტი არ გადაეცემათ. თუ დედა აცრილია ან გადატანილი აქვს აღნიშნული ვირუსი, მაშინ პირველი თვეების განმავლობაში შვილი დაცულია წითელას განვითარებისგან", - განაცხადა გამყრელიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი