ლუკ კოფი - ნატო-ში გასაწევრიანებლად თქვენ MAP-ი არ გჭირდებათ

ლუკ კოფი - ნატო-ში გასაწევრიანებლად თქვენ MAP-ი არ გჭირდებათ

საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველის ლუკ კოფის განცხადებით, ბრიუსელის სამიტზე საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს.

როგორც კოფი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს, თუ ქართულ საზოგადოებაში MAP-ის მიღების მოლოდინი იქნება, შემდგომ იმედგაცრუებას რუსეთი პროპაგანდისთვის გამოიყენებს. ამასთან, კოფი მიიჩნევს, რომ ნატო-ში გასაწევრიანებლად საქართველოს MAP-ი არ სჭირდება.

"მნიშვნელოვანია საქართველოს ლიდერებმა დაიწყონ მოლოდინების მართვა. არც ერთ სხვა ასპირანტ ქვეყანას არ აქვს იმდენი ინიციატივა ნატო-სთან, რამდენიც საქართველოს. ქართველებმა უნდა გააცნობიერონ, რომ სწორ გზაზე არიან. ვფიქრობ, ქართველებმა მოთმინება უნდა გამოიჩინონ და ნატო-ს წევრობისთვის რამდენიმე წელიწადი მოთმენა ღირს. ამის პარალელურად შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად მხარდაჭერა. ჩემი აზრით, არ იყო ჯანსაღი წევრობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული მოლოდინები. ახლა ნატო-ს ყოველი სამიტის წინ ქართველებს MAP-ის მოლოდინი აქვთ. ბევრი ქვეყანა ნატო-ს MAP-ის გარეშე შეუერთდა. სანამ MAP-ის საკითხი არსებობს, რუსეთს შეუძლია ის პროპაგანდისთვის გამოიყენოს. ბრიუსელის სამიტზე საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს, იმიტომ რომ ალიანსის ზოგიერთი წევრი თავს კომფორტულად არ გრძნობს. თუ იქნება MAP-ის მიღების მოლოდინი, რაც ბრიუსელში არ მოხდება, მერე ამას რუსეთი პროპაგანდისთვის გამოიყენებს. ნატო-ში გაწევრიანებას MAP-ი არ სჭირდება. თქვენ MAP-ი არ გჭირდებათ", - განაცხადა ლუკ კოფიმ.

კოფის თქმით, ის ისურვებდა, რუსეთის შესაჩერებლად სამიტზე ნატო გამოვიდეს აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის იდეით, მაკედონიის მიღებას ალიანსში, ასევე, საქართველოსთვის ცალკე კომუნიკეს მიძღვნას, რომელიც აღნიშნავდა რომ ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის შემდეგ ნატო კვლავ მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველის აზრით, კარგი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრების ნაცვლად ნატო-საქართველოზე დისკუსიები სახელმწიფოების მეთაურების დონეზე გაიმართოს; კიდევ ერთი პრაქტიკული იდეა იქნებოდა, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე მომუშავე ნატო-ს ცენტრის გახსნა საქართველოში.

ლუკ კოფი, ასევე, საუბრობს "ჰერიტიჯის ფონდის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მის მიერვე გამოთქმულ რეკომენდაციაზე რომ საქართველო დაჩქარებულად გახდეს ნატო-ს წევრი და კოლექტიური თავდაცვის შესახებ მეხუთე მუხლი დროებით არ გავრცელდეს ოკუპირებულ რეგიონებზე.

"ჩემი რეკომენდაციაა, ნატო-მ შეცვალოს მეექვსე მუხლი. მეექვსე მუხლი ხსნის იმას, თუ ვისზე ვრცელდება მეხუთე მუხლით გარანტირებული კოლექტიური თავდაცვა. ამის შემდეგ საქართველო, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, შედის ნატო-ში და მხოლოდ ნატო-ს მეხუთე მუხლი არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს მანამ, სანამ კონფლიქტი და ოკუპაცია მშვიდობიანად არ მოგვარდება. ვფიქრობ, ეს პრაქტიკული, რეალისტური და პრაგმატული მიდგომაა საქართველო დაჩქარებული წესით შევიდეს ნატო-ში. ეს რუსეთს გაუგზავნის ძლიერ მესიჯს, რომ მისი არალეგალური ოკუპაციებით ის ვერ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ. მინდა ქართველებმა იცოდნენ, რომ ეს არ ნიშნავს ამ ტერიტორიებზე ხელის ჩაქნევას, მათზე უარის თქმას. ეს არის ნატო-ში შესასვლელად ყველაზე სწრაფი გზა", - განაცხადა ლუკ კოფიმ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."