ამ ამბის წაკითხვის დროს, თქვენ რეალობას მოწყდებით - რეპორტაჟი თოვლიანი სვანეთის ზღაპრიდან (+ფოტო)

ამ ამბის წაკითხვის დროს, თქვენ რეალობას მოწყდებით - რეპორტაჟი თოვლიანი სვანეთის ზღაპრიდან (+ფოტო)

პირველად მივდივარ სვანეთში, მესტიაში... ისე კი, თავის დროზე კოდორის ხეობაში ვყოფილვარ და არ მიკვირს მათი, ვინც ამბობს, რომ მთა ერთი ნახვით უყვარდებათ... ახლა სვანეთის დათოვლილ ზღაპარში უნდა მოვხვდე, თეთნულდზე უნდა ავიდე, ჰაწვალი უნდა ვნახო და თუ გამბედაობა მეყოფა, უნდა ჩამოვსრიალდე...

"მოემზადე" - მეუბნება ჩემი მეგობარი, რომელიც მეოთხედ ლაშქრავს აქაურობას... თუ სვანეთში წასვლა გადაწყვიტეთ, განსაკუთრებით ზამთარში, ზუსტად იმ გზის გავლა მოგიწევთ, რასაც ქართული ზღაპრის გმირები გადიან – ცხრა მთა და ცხრა ზღვა უნდა გადაიაროთ, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ღირს, რადგან ერთია ფოტოებსა ან ვიდეოებში ნანახი სვანეთი, მაგრამ როდესაც იმ ზღაპარში გიწევს ცხოვრება, გრძნობ, რომ სისხლში ადრენალინი შხუილით დაქრის და სადღაც გულის წვერზე ჩერდება. აი ისე, როგორც მთის წვერზე თოვლის თეთრი ქუდები... შემდეგ ასე თანდათან გიგროვდება და მთელ სხეულში მზედ და სითბოდ გეღვრება, რომელსაც აქაურების ფერად თვალებში ხშირად ამოიკითხავთ...

ხაიშში შევდივართ. ჩვენი მძღოლი და ჩემი მეგობრები მსჯელობას იწყებენ, რამდენი გვირაბის გავლა გვიწევს მესტიამდე - ვერსიები ბევრია... ვინმეს დაგითვილიათ რამდენია? - ათია... არც მეტი არც ნაკლები - ათი. 2015 წელს, ამ ზღაპრულ მხარეში, ჟურნალისტები მედიატურზე ორსართულიანი ავტობუსით აუყვანიათ. პირველივე გვირაბთან შეფიქრიანდა თურმე მძღოლი - აქ რომ გავიჭედო, რა მეშველებაო...

სხვათა შორის, ორგანიზატორი სულაც არ ყოფილა სვანი... მოკლედ, როგორც იქნა, გადალახეს თუ შელახეს ათივე გვირაბი წიქარა და მისი "მხედარივით" და მშვიდობით ააღწიეს მესტიაში, - "ყველა ჩვენ გვიყურებდა, მართლა ამ ავტობუსით ამოხვედითო?.." - ემოციურად იგონებდა ჩემი ექსტრემალი მეგობარი და კოლეგა თამთა კაკაურიძე...

ძალზე შეგნებული მძღოლი შეგხვდა. "რა ლამაზია... მზე ნახე როგორ არის მთებს შუა... ბუნება ყველაზე ლამაზი მხატვარია" და ასეულობით ასეთი შინაარსის შეძახილზე სიჩქარეს ანელებდა, მაგრამ შემდეგ დელიკატურად მიგვახვედრა, - შემოგვაღამდებაო... არადა, რაც უფრო მაღლა ავდიოდით, სვანეთის მადლიანი ბუნება უფრო ლამაზ პეიზაჟებს გვათავაზობდა...

ენგური, რომელიც ზოგჯერ გრიალით მოდის, ახლა, რაღაცნიარი მოკრძალებულია, კალაპოტზეც ეტყობა. ალბათ გაზაფხულს ელოდება, თოვლის დნობას, რომ ერთიანად იხუვლოს... გზადაგზა კიდევ რამდენიმე მდინარე შემოგვხვდა - ნავეშარი, ქიხირი, ნაკრა, დოლრა... ზოგი ნაკადულივით წვრილ ზოლად მოედინებოდა... ყველას თავისი ისტორია და სახელი აქვს, ყველა რაღაც საიდუმლოს ინახავს, ამ გოროზი მთებივით და სიტყვაძუნწი, გულჩათხრობილი სვანებივით...

მესტიამდე ნარქელვარი, იდლიანი, ხაიში, დიზი, ნაკრა, ნოღარი, ლახამულა, ზემო ლუჰა, ფარი, ებუთი, ბეჩო, ლატალი, ლენჯერი და კიდევ რამდენიმე სოფელი გავიარეთ... ეს არ არის სრულყოფილი ჩამონათვალი იმ ადგილებისა, რაც მესტიამდე გავიარეთ, რადგან გარშემო საოცარი ხედებია - ცად აზიდულ მთებში ჩაქარგული წიწვოვანი ტყეები, ერთმანეთში ჩახვეული, კლდეებს შორის სხვადასხვა ფერებად გაბნეული მზის სხივები და უცებ, ტრიალ მინდორში, თოვლის სიქათქათეში ამოსული წყვილი ხე, რომლებიც თითქოს ერთმანეთს სიყვარულს ეფიცებიან... ეს ყველაფერი ისეთ სილამაზეს ქმნის - ძნელია ცოტა ხნით რეალობას არ მოწყდე... კენტად მდგარი ხეებიც შევნიშნე, ულამაზესი, სივრცეში ლაღად გაშლილი ტოტებით...

აქ ტურისტები არ უკვირთ, მაგრამ მაინც ყურადღებით გაკვირდებიან... გზადაგზა ცხენიანი ადგილობრივებიც შემოგხვდნენ, მათ შორის ქალებიც. ადვილი არ არის იქ ცხოვრება და თავის გატანა, მით უფრო, ბუნების ასეთ მკაცრი პირობებში... მესტიაში ასვლამდე უკვე შებინდდა. განათებულმა სვანურმა კოშკებმა, დღის განმავლობაში მიღებული ემოციები დააგვირგვინა...

ის, რომ მთაში მადა გეხსნება, სულაც არ არის საფუძველს მოკლებული... ჰაერში სვანეთის სავიზიტო კუბდარის, ჭვიშტარის, თაშმიჯაბისა და სხვა გემრიელი კერძების სურნელი ირევა... ისე კი, კვების ობიექტებში ისეთ ასტრონომიულ ფასებსაც შევხვდით, რაც ჩვენ ხმამაღლა გავაპროტესტეთ, მხარზე თხილამურებგადებული ტურისტები კი, შეიშმუშნენ...

მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ 2017 წლის ზაფხულში დაწყებული მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა დასრულდა. საბაგირომ ფუნქციონირება 2017 წლის 23 დეკემბრიდან დაიწყო და ადგილობრივი დამსვენებლები და უცხოელი ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ...

ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს. ახალი საბაგიროთი კი დამსვენებელს შეუძლია კურორტზე 4 წუთში ავიდეს... თეთნულდზე კი 5 საბაგირო და 30 კილომეტრიანი სათხილამურო გზაა, რომელიც ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის არის გათვლილი... თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ზემოდან დანახული სვანური კოშკები ის კომპოზიციაა, რომლის დანახვა ნახევარ სიცოცხლედ ღირს და ყველანაირ სიცივეს გავიწყებს...

ამასთან, სრიალი ჩემთვის ის სიამოვნებაა, რომელსაც ვერანაირი შიში ვერ მიქრობს. ჰოდა, ჩემი მეგობრების გამამხნევებელი შეძახილების ფონზე საკმაოდ გაბედულად დავეშვი ჰაწვალიდან... თუმცა, რამდენიმე მეტრიანი ნავარდის შემდეგ, მოულოდნელი დაღმართის დამსახურებით, ისეთი კამარა შევკარი, მეგონა, სულ მცირე ტვინის შერყევა მექნებოდა. მოულოდნელ "პრიჟოკს", მხოლოდ სათვალე შეეწირა. დანარჩენი, დაახლოებით, 4,550 კმ-ის ჩასრიალებამ კი, თვალებმოჭუტულს მომიწია... ის სიამოვნება ერთ გულიან "დახეთქებად" ნამდვილად ღირდა...

საბაგიროსთან, ადგილობრივები ცხელი და გემრიელი წვნიანით გვიმასპინძლდებიან... დრო ვიხელთე და კვების ობეიქტების მეპატრონეებს გამოველაპარაკე... ქალბატონი უკმაყოფილოა, ტურისტების სიმცირეს უჩივის. მამაკაცები ცდილობენ გააჩუმონ, - სტუმრებს ნუ ეწუწუნებიო, - აშკარად ფრთხილობენ, მაგრამ სვანი ქალის გაჩუმება ასე ადვილი არ არის. მედგრად დადგა და ბოლომდე თქვა სათქმელი: - რომ სვანეთს, მართლაც დიდი პოტენციალის მქონე რეგიონს, მეტი ხელშეწყობა სჭირდება; ზამთარში გზები უფრო ხშირად უნდა გაწმინდონ, რომ ტურისტი არ დაფრთხეს და უკან არ გაბრუნდეს; სვანეთი, მხოლოდ გასართობი და სასრიალო ადგილი არ არის, ის უძველეს კულტურასა და ტრადიციებს ინახავს...

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, იქ წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ტურისტი ადის, თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ვიზიტორები შეუმცირდათ... მათივე თქმით, შესაძლოა, ეს იმანაც გამოიწვია, რომ ბოლო წლებში ბევრმა საოჯახო სასტუმრო გახსნა.

მოკლედ, ვისაც არ უნახავს უშგული, თეთნულდი, ჰაწვალი, ბეჩო და ღამე სანთლებივით "ანთებული" სვანური კოშკები, ბევრი რამე არ უნახავს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

როდის და სად დადგამენ თბილისში საახალწლო ნაძვის ხეს?

რა განცხადებას აკეთებს შსს არასრულწლოვანთან დაკავშირებით, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები გრიპისგან თავის დასაცავად - "შეამცირებთ დაავადების რისკს, თუ არ შეეხებით ხელებით სახეს"