"სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის ხელფასი უნდა გაიზარდოს" - მინისტრი განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე

"სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის ხელფასი უნდა გაიზარდოს" - მინისტრი განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის - პედაგოგის, ადმინისტრაციის და ტექნიკური პერსონალის ხელფასი უნდა გაიზარდოს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პედაგოგები მხოლოდ წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

"წამყვანმა და მენტორმა მასწავლებლებმა მიაღწიეს ამ დონეს, მათ შეასრულეს საკმაოდ დიდი სამუშაო და ხდება მათი წახალისება. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ყველას აქვს შანსი, რომ გახდეს წამყვანი და შემდგომ მენტორი მასწავლებელი. ასე რომ, ხელფასების მატება პირდაპირ შეეხო ამჟამად წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, მაგრამ გვინდა, რომ წავახალისოთ მასწავლებელი, რათა გადავიდეს შემდგომ საფეხურზე, რომ მან აიმაღლოს კვალიფიკაცია, შესაბამისად, ეს მათთვისაც არის სტიმული, რომ მიაღწიონ ამ საფეხურს. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად, მასწავლებლის ანაზღაურების საკითხი ძალიან სერიოზული თემაა და ჩემი პირადი აზრია, რომ უკლებლივ ყველა მასწავლებლის ხელფასი უნდა იყოს უფრო მაღალი და ამ მიმართულებით ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ მივაღწიოთ ამ მიზანს საკმაოდ მოკლე ვადებში, რომ ყველა მასწავლებლის ხელფასი გაიზრდოს", - განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, ტექნიკურ პერსონალს სკოლაში საკმაოდ მძიმე სამუშაო აქვს.

"საკმოდ რთულია როგორც პედაგოგის, ასევე ტექნიკური პერსონალის მოღვაწეობა სკოლაში, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის - პედაგოგის, ადმინისტრაციის და ტექნიკური პერსონალის ხელფასებმა უნდა მოიმატონ", - განაცხადა ჩხენკელმა.

ამასთან, როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტის სტუდენტებს მობილობის საშუალება ექნებათ.

"განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მთავარი საზრუნავი გახლავთ განათლების ხარისხი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ სრული სიმართლე უნდა უთხრას ყველა სტუდენტს, ყველა აბიტურიენტს, მშობელს და ეს სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელი უნდა იყოს მხოლოდ ის უნივერსიტეტი, რომელსაც გააჩნია მაღალი აკადემიური ხარისხი. რამდენიმე უნივერსიტეტს შეუჩერდა ავტორიზაცია სწორედ ხარისხის დონიდან გამომდინარე და მინდა, პირველ რიგში მივმართო ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტების სტუდენტებს: მე ადამიანურად ძალიან კარგად მესმის, რომ მათთვის საკმაოდ ძნელი მოსასმენია ის გარემოება, რომ მათ უნივერსიტეტებს შეუჩერდათ ავტორიზაცია, მაგრამ მინდა ყველა სტუდენტი დავარწმუნო, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩება უმაღლესი განათლების გარეშე. მათთვის სპეციალურად გამოცხადდება მობილობის პროცესი და საშუალება ექნებათ, თავისი სურვილისამებრ გადავიდნენ ავტორიზებულ, მაღალი ხარისხის მქონე უნივერსიტეტებში. ჩვენი სამინისტრო და ხარისხის ეროვნული ცენტრი მაქსიმალურად დაეხმარება მათ ამ პროცესში. ეს ითვალისწინებს მათთან კონსულტაციებს, უმაღლეს სასწავლებლებთან კომუნიკაციას, ასევე, ჩვენ მაქსიმალურად ჩართული ვიქნებით ყველა სტუდენტის დაკვალიანებაში", - განაცხადა ჩხენკელმა.

განათლების მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრის მზადყოფნაც გამოთქვა.

"ნებისმიერ მათგანისთვის, ვისაც სურვილი აქვს, კიდევ უფრო დეტალურად ისაუბროს ჩემთან ამ თემაზე, ჩემი კარი ღიაა და მზად ვარ, დღესვე შევხვდე ამ სტუდენტებს", - დასძინა ჩხენკელმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ