სააკაშვილი მისი მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსნებზე, უკრაინულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე

სააკაშვილი მისი მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსნებზე, უკრაინულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამერიკაში მუშაობის დროს მისი ხელფასი ათეულობით ათას დოლარს შეადგენდა. ამის შესახებ სააკაშვილმა გამოცემა „მედუზასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„იყო პერიოდი, როდესაც მე შედარებით მშვიდი ცხოვრება მქონდა. მე ბოსტონში, ტაფტსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში ლექციებს ვკითხულობდი. მაშინ იქ სპეციალურად ჩემთვის გამოიგონეს რაღაც სტატუსი - „მსხვილი უცხოელი პოლიტიკური მოღვაწე“. ჩემი წასვლის შემდეგ ამ თანამდებობაზე კოფი ანანი მოიყვანეს. ლექციებში საკმაოდ კარგ ფულს მიხდიდნენ - ათეულობით ათას დოლარს. ჩემი აზრით, ეს საკმაოდ კარგი ხელფასია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას მას არანაირი ქონება არ დაუგროვებია.

„მინდა იცოდეთ, რომ ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მინისტრი, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარდა, შემდეგ ის თბილისის პირველი ვიცე-მერიც იყო, ახლა ამერიკაში მშენებლობაზე რიგით მუშად მოეწყო. კიდევ ერთი ჩვენი ყოფილი მინისტრი აშშ-ში სატვირთო ავტომობილის მძღოლად მუშაობს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის საქართველოში დარჩა, შიმშილით ხომ არ მოკვდებოდა? თუ ეკონომიკა იცი, შეგიძლია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ვერა ქობალიასავით მოეწყო, რომელიც ახლა ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველია. ყოფილმა პრემიერმა შექმნა რეფორმების სააგენტო და მთელ მსოფლიოში მოგზაურობს - აფრიკაში, ალბანეთში. მას ხელფასს ქათული რეფორმების გამოცდილების გაზიარებაში უხდიან“, - აღნიშნა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, საქართველოს ციხეში თუ ჩასვამდნენ, რევოლუცია მოხდებოდა. მისივე თქმით, ის ერთადერთი გუბერნატორი იყო უკრაინაში, რომელიც კარდინალური რეფორმების გატარების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ ეს ვერ შეძლო, ვინაიდან უკრაინაში გუბერნატორებს არც ავტორიტეტი და არც ბიუჯეტი არ აქვთ.

„ეს ფაქტობრივად ფორმალური თანამდებობაა. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევქმენით მოქალაქეთა მომსახურების პირველი ცენტრი, რომელიც ბევრად ჩამორჩება ანალოგებს საქართველოში, მაგრამ აღემატება უკრაინულ ანალოგებს. ამ ცენტრმა რამდენიმე თვის განმავლობაში კარგად იმუშავა, ახლაც სხვებზე უკეთესად მუშაობს, მაგრამ მაინც დაკარგა პოზიციები. ოდესაში საბაჟოზე სამუშაოდ სრულიად ახალი ადამიანები მოვიყვანეთ, გავაკეთეთ ტერმინალი, სადაც ტვირთი რამდენიმე წუთის განმავლობაში ავტომატურად შედიოდა და სადაც ყველას ღიმილით ემსახურებოდნენ, სადაც ვერ იქნებოდა კორუფცია. თითქმის დავასრულეთ მისი მშენებლობა, მთლიანად აღვჭურვეთ, რაც მთავარია, ვიპოვეთ სრულიად ახალგაზრდა ადამიანები, მაგრამ ბოლოს პოროშენკომ პირადად დაბლოკა ეს ინიციატივა“, - განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა, რომ საოლქო ადმინისტრაციის თანამშრომელთა რიცხვი 40%-ით შეამცირა, ოდესა-რენის გზა ააშენა.

„მე გზაზე კარავში ვიმყოფებოდი. კარავში მჯდომი გუბერნატორის დანახვა პოროშენკოსთვის უსიამოვნო იყო და რამდენჯერმე მთხოვა, რომ იქიდან გამოვსულიყავი. მე ვთქვი, რომ არ გამოვიდოდი, ვიდრე ფულს არ მომცემდნენ. ისინი იძულებულნი გახდნენ ფული მოეცათ. ეს სტრატეგიული მნიშვნელობის გზაა, რომლისთვისაც 40 წლის განმავლობაში არავის უხლია ხელი“, - აღნიშნა სააკაშვილმა და დაამატა, რომ იქ ისეთი ორმოები იყო, BBC და სხვა კომპანიები თითქმის კომედიურ ფილმებს იღებდნენ.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, მას არ ჰქონია შეხება ოდესის მერიასთან. მისი განცხადებით, ის სრულად ბანდიტების ხელშია, რომლებსაც ფული ყოველთვიურად პირდაპირ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიაქვთ.

„მე ვთქვი, რომ თუ უკრაინის ხელისუფლება ჩემს ექსტრადირებას მოახდენდა და იქ ციხეში ჩამსვამდნენ, საქართველოში რევოლუცია მოხდებოდა, ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებამ პოროშენკოს უფლება არ მისცა ჩემი საქართველოში გაგზავნის“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, უკრაინაში მარშის მოწყობას გეგმავენ, სადაც 100 000 ადამიანი გამოვა ქუჩაში, რამდენიმე ასეთი მარშის შემდეგ, კი ეს რიცხვი მილიონს მიაღწევს.

„ეს იქნება კრიტიკული რიცხვი, როცა ყველა გაიგებს, რომ ხალხის მოტყუება აღარავის გამოუვა... ვერავინ ვერასოდეს შესძლებს ჩემს გაჩუმებას. ამასწინათ რუსულ არხებზე ძველი „ფეესბეშნიკი“ იგორ გიორგაძე აჩვენეს, რომელმაც განაცხადა, რომ თუ არ გავჩერდები, მე გამაჩერებენ. მინდა მათ ვუთხრა: არაფერი გამოგივათ. მე აქტიური ვიქნები და ჩემს მიზნებს მივაღწევ. ევროპაში ჩემს ყოფნას თავის პლუსები აქვს. როგორც ვიცით, თავის დროზე ბაბუა ლენინს ყველაფერი გამოუვიდა, თუმცა მას არ ჰქონდა ინტერნეტი, კომუნიკაციის სხვა საშუალებები და იმ დროს თვითმფრინავებიც კი არ დაფრინავდნენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ჰოლანდიაში ის დაცვის გარეშე გადაადგილდება.

„რა დაცვა? არანაირი დაცვა არ მყავს. კიევში მყავდა დაცვის ერთი წევრი, რომლის დეპორტირება მოხდა. როდესაც მე კაფეში ვიყავი, სადაც დამაკავეს, ჩემთან ანტიტერორისტული ოპერაციის ორი ვეტერანი იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, მათ იარაღი არ ჰქონდათ“, - აღნიშნა მან.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მის ოჯახს ნორმალური შემოსავალი აქვს და საწყისისთვის ეს საკმარისია.

„რამდენიმე ათასი აშშ დოლარი მაქვს. ჩემი ოჯახი მდიდარი არ არის, მაგრამ ნორმალური შემოსავალი გვაქვს ჰოლანდიაში. საწყის ეტაპზე ეს საკმარისია. მე არ დავიკარგები. მაქვს შემოთავაზებები ლექციების წაკითხვაზე და ბევრი სხვა შესაძლებლობები მექნება ასარჩევად“, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები