გულშემატკივრის წერილი "ბორჯღალოსნებს" რუსეთ-საქართველოს მატჩის წინ

გულშემატკივრის წერილი "ბორჯღალოსნებს" რუსეთ-საქართველოს მატჩის წინ

ლადო გოგოლაძის ბლოგი

დღეს რაგბია. კრასნოდარში, საქართველოს ნაკრები მასპინძელ რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. სატურნირო თვალსაზრისით ამ მატჩს არავითარი დატვირთვა არ აქვს, მაგრამ როდესაც საქართველო რუსეთს ხვდება (რაშიც არ უნდა ხვდებოდეს) დატვირთვა ყოველთვის დიდია. რა თქმა უნდა, ბიჭებს არავითარ ტვირთს არ ვკიდებ, მით უფრო მაშინ როცა ჩვენი ბორჯღალოსნებისთვის რუსეთი დიდი ხანია ისეთივე მეტოქეა, როგორც წინა კვირას ესპანეთი იყო და მომდევნო კვირას რუმინეთი იქნება. რაგბი ის იშვიათი სპორტია, სადაც პოლიტიკა არაფერ შუაშია, მაგრამ გულშემატკივარს მაინც გვახარებს მტრის განადგურება და ეს ერთი ნაკლი გვაპატიეთ.

მე თქვენი ერთ-ერთი რიგითი გულშემატკივარი ვარ, რომელსაც თქვენ ასე ძალიან შეაყვარეთ რაგბი. ჩემი მსგავსი საქართველოში ათი ათასობით ადამიანია. ალბათ იმსახურებთ, თორემ საქართველოში უანგარო სიყვარულის დამსახურება იოლი არ არის. ჩვენ არამარტო ძალიან გვიყვარხართ, არამედ ძალიან გვეამაყებით კიდეც. თუმცა, როგორ შეიძლება თქვენით არ ვიამაყოთ?!

არ მახსოვს, მაგრამ ბევრისგან მსმენია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შესაბამისი ტექნიკის არარსებობის გამო, ქართველები ტრაქტორს იყენებდნენ რათა შერკინებაში ევარჯიშათო. ისეთი დროც იყო, როცა ქართველი მორაგბეები შეკრებაზე საკუთარი ხარჯით დადიოდნენ, ხოლო ეროვნული ჩემპიონატი ისე ტარდებოდა, მთელი სეზონი ხელფასს ვერ იღებდნენ მოთამაშეები... თუმცა ერთს არ დაუჩივლია, რადგან რაგბიზე უარის თქმა, საკუთარ პიროვნებაზე უარის თქმას უდრიდა. ეს ასე იყო ადრე და ასეა ახლაც. ამ ხალხმა ხმაური არ იცის, ამ ხალხის ხმაური საქმეა, სხვა ხმაური ამ ხალხმა არ იცის. სუფთები არიან.

რაგბი ჩვენი თამაშიაო. ჩვენია, აბა, რაა! ჩემია, ჩემი ოჯახისაა, ჩემი მეგობრებისაა და ჩვენი ყველასია, რადგან იმ სიხარულმა რაც გუშინ გვქონდა, ყველა გაგვაერთიანა, არადა ყველაზე მეტად ხომ ამ ერთიანობის ეშინია მტერს, ეს ბიჭები კი თავისი საქმით გვაერთიანებენ და ყველას ერთად მეთექვსმეტე მოთამაშედ გვაქვეცენ ხოლმე!

რაგბი ერთადერთი სპორტია, როდესაც იცი, რომ შენს უკან მთელი გუნდია, იცი მარტო შენ არ ხარ და ამავე დროს შენზეა დამოკიდებული გუნდის მოგებაც და წაგებაც. ალბათ ამიტომაცაა და ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ჩვენი ბიჭები მოედანზე 15-ნი არიან, მაგრამ ერთნაირად აზროვნებენ და აქვთ ერთადერთი მიზანი - წარმატების თამასა (რომელიც ძალიან მაღლა აქვთ აწეული) კიდევ უფრო მაღლა ასწიონ.

იციან ამ ბიჭებმა გულშემატკივრის დაფასება და ცდილობენ საკუთარი თამაშით გაგვახარონ, სიხარულის ცრემლი გვადინონ. წაუგებელი ვინ არაა, ჩვენ ნაკრებსაც ბევრჯერ წაუგია, ალბათ კიდევ წააგებს, მაგრამ დედამიწაზე არ მოიძებნება კაცი, რომელიც იტყვის, რომ ვინმემ თავი დაზოგა და თამაშისას ბოლომდე არ დაიხარჯა. სწორედ ამიტომ უყვარს ყველას "ბორჯღალოსნები" - როცა მინდორზე "ბორჯღალოსანი" დგას, ქართველობა ყველაზე მეტად გეამაყება!

ბევრისგან გამიგია, ზელანდიელების "ჰაკას" მსგავსი ჩვენც რომ გვქონდეს ცუდი არ იქნებაო. ჩვენი ბიჭების შესრულებული ჰიმნი რითაა ჰაკაზე ნაკლები?! ერთ რამედ ღირს მათი ყურება ჰიმნის დროს. ჩემო ბორჯღალოსნებო, შეიძლება თქვენ ვერ ამჩნევთ, მაგრამ ჰიმნს კი არ მღერით, არამედ ომობთ, თითქოს საქართველოს ისტორიის მანძილზე გადახდილი ყველა ბრძოლაში იღებთ მონაწილეობას, სულ მინიმუმ მარტო მაგიტომ ღირს თქვენი ყურება. სტადიონზე 15 დგახართ, მაგრამ თქვენ გაცილებით მეტი ხართ ჩვენთვის!

ბიჭებო, ძალიან მიყვარხართ! მინდა, ჩემი შვილიც თქვენი სიყვარულით გავზარდო, რადგან თქვენთან ყველაფერი ნაღდია და არაფერია ყალბი. თქვენ არასოდეს გითამაშიათ გულშემატკივრის სიყვარულით, ბოროტად არ გამოგიყენებიათ ჩვენი ნდობა, ამიტომაც ხართ ყველაზე მაგრები, ამიტომაც გვეიმედებით და ამიტომაც ვართ მსოფლიოში ყველაზე მაგარი გუნდის - საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარები.

დღეს რაგბია, მაგრამ უფრო დიდი რაგბი 18 მარტსაა. ეროვნულ სტადიონზე რუმინეთს დავუხვდებით. ერთად გავავსოთ სტადიონი, რადგან - რაგბი ჩვენი თამაშია!!!

ლადო გოგოლაძის ბლოგი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ