ავტორი:

რას წერს რუსული მედია რუსულ-ბრიტანულ დაპირისპირებაზე

რას წერს რუსული მედია რუსულ-ბრიტანულ დაპირისპირებაზე

მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის არმიის გენერალური შტაბის დაზვერვის სამმართველოს ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეში მოსკოვი დაადანაშაულეს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მოითხოვა, 23 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევონ... ბრიტანეთის ხელისუფლების მოსაზრებით ყოფილი რუსი ოფიცრის მოწამვლა, სავარაუდოდ კრემლის მიერ იყო ორგანიზებული.

მანამდე, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ რუსეთისგან მოითხოვეს გაეცა პასუხი, თუ როგორ აღმოჩნდა საშიში ნივთიერება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე. "რუსული აგრესიის" წინააღმდეგ ერთობლივ ქმედებაზე საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც დათანხმდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სკრიპალის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებული ბრალდებების საპასუხოდ "ლონდონი პოლიტიკურ თამაშებში" დაადანაშაულა. მისივე თქმით, - “მოსკოვმა ქიმიური იარაღის მარაგი გაანადგურა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას ამის შესახებ დოკუმენტებიც აქვს”.

მოგვიანებით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის აგრესიის ამსახველი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთის მიერ განხორცილებული აგრესიის ქრონოლოგიაა ნაჩვენები, მათ შორის მოხსენიებულია საქართველოც. “რუსეთი ღია და აშკარა უპატივცემულობას ავლენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ” - ნათქვამია ვიდეორგოლში.

ლონდონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გამწვავებას რუსული მედია ეხმაურება. Ведомости-ის ცნობით, - ბრიტანელი მაღალჩინოსნების განცხადებით, სერგეი სკრიპალი რუსეთში დამზადებული ე.წ. სამხედრო საწამლავით მოწამლეს. კრემლის ქმედებას, პროტესტის ნიშნად, შესაძლოა სხვადასხვა სახის ღონისძინებები მოჰყვეს, მათ შორის, - ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტი, რომელიც ამ ზაფხულს, რუსეთში უნდა ჩატარდეს.

რუსი მაღალჩიოსნებისა და ბიზნესმენების მიმართ, ისეთივე სახის სანქციების დაწესება, როგორც ეს თავის დროზე ამერიკამ გააკეთა; ასევე, ქვეყნიდან რუსი დიპლომატებისა და რუსეთის მოქალაქეების გარკვეული კატეგორიის გაძევება. გამოცემის ცნობით, ეს ყველაფერი არ არის, შესაძლოა, ლონდონსა და მოსკოვს შორის ვითარება კიდევ უფრო გამწვავდეს...

გაზეთ Коммерсант-ის თქმით, - ბრიტანეთში რუსეთის ელჩს ალექსანდრ იაკოვენკოს, რომელიც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, ულტიმატუმი წაუყენეს, - სამშაბათამდე რუსეთმა განმარტოს, თუ რატომ გამოიყენა მომწამვლელი საშუალება “სამხედრო ხარისხის ნერვული აგენტი” რუსეთის ყოფილი ორმაგი აგენტისა და მისი ქალიშვილის მოსაწამლად... წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრიტანეთი განიხილავს ამ თავდასხმას, როგორც “რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბრიტანეთის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო ქმედებას”.

მართალია, ტერეზა მეის არ დაუკონკრეტებია რუსეთისგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, ბრიტანეთი რა კონკრეტული ქმედებებით უპასუხებს, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ფაქტია, რომ “ლონდონი უფრო შორს აპირებს წასვლას”.

ბრიტანელი და რუსი ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ რუსეთმა 2006 წელს, ალექსანდრე ლიტვივენკოს მიმართ ჩადენილი ქმედება, ახლაც გაიმეორა, მიუხედავად იმისა, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა სწორედ ФСБ-ს ყოფილი ოფიცრის მოწამვლის შემდეგ დაიძაბა.

ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორის, დომიტილა საგრამოზოს შეფასებით: "შესაძლოა, 12-წლიანი კონფლიქტი, ამჟამად ახალი სცენარით განვითარდეს. სკრიპალის შემთხვევაში, მრჩება შთაბეჭდილება, რომ სპეცსამსახურებმა ვერ შეძლეს თავიანთ აგენტს გაფრთხილებოდნენ...” - წერს საგრამოზო.

“როგორც ჩანს, ინგლისელები იქნებიან ბოლო, ვინც რუსეთს ოდესმე შეურიგდება. ტერეზა მეის განცხადება - მოსკოვისთვის ულტიმატუმი წაყენების შესახებ, ნიშნავს, რომ ლონდონი მზად არის ნებისმიერი იმ ქმედებისთვის, რომელსაც მას დასავლელი პარტნიორები დაუჭერენ მხარს... ამ ვითარების ყველაზე უარეს სცენარად შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ, - შესაძლოა, ამერიკა, რომელიც ახლა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთში ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, დიდმა ბრიტანეთმა შეცვალოს” - წერს ლონდონში რუსეთის ყოფილი ელჩი ანატოლი ადამიშინი.

როგორ აისახება ეს ყველაფერი, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც რამდენიმე დღეში - 18 მარტს უნდა ჩატარდეს? სამოქალაქო ინიციატივის კომიტეტის ექსპერტი, არკადი ლუბარევა მიიჩნევს, რომ “ქვეყნის გარეთ მიმდინარე კამპანია ამომრჩევლის კონკრეტული მოთხოვნებისგან განსხვავებულია... საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებამდე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰქონდა დავალება, მიეღწია იმისთვის, რომ ლიდერი ამორჩევლის თვალში ყველაზე მკვეთრ ფიგურად წარმოჩენილიყო...”

ასევე ექსპერტების შეფასებით, რუსეთის მოსახლეობის თვალში, ქვეყნის გარეთ არსებული საგარეო დაძაბულობა ყოველთვის პუტინის წისქვილზე ასხამდა წყალს... თუმცა, ახლა შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია ოდნავ განსხვავებულია - შესაძლოა, ამ შემთხვევამ, მისი პოპულარობა არ გაზარდოს, პირიქით, - რეიტინგი დაეცეს კიდეც, რადგან სანქციების ძალა კარგა ხანია რუსეთის მოსახლეობამ იგრძნო...”

Ведомости-ის ცნობით, შესაძლოა, სახელმწიფო მოსამსახურეების ანაზღაურება კიდევ უფრო შემცირდეს. ამის შესახებ უკვე განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა იგორ შუვალოვმა. მისივე თქმით, დაბალი რგოლის თანამშრომლები, რომლებიც ბოლო დროს ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებენ, როგორც კი გარკვეულ კავშირებს მოიპოვებენ და უკეთეს შემოთავაზებას მიიღებენ, მაშინვე სხვა სამსახურში, ან სულაც სხვა ქვეყანაში გარბიან...

რუსული მედიის ინფორმაციით, სანქციების ახალმა ეტაპმა, რომელზეც უკვე საუბრობენ დასავლეთში, შესაძლოა, მოსახლეობაში უარყოფით ძვრები გამოიწვიოს, თუ პუტინი, უკვე თავისი მმართველობის მეთვრამეტე წელს, რამე ახალ, ან სულაც კარგად დავიწყებულ ძველ მეთოდს არ დაუპირისპირებს...

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე