ამერიკელი კონგრესმენი - ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო, რუსეთმა საფასური უნდა გადაიხადოს

ამერიკელი კონგრესმენი - ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო, რუსეთმა საფასური უნდა გადაიხადოს

ამერიკელი კონგრესმენი, ”რესპუბლიკური პარტიის” წევრი ტედ პო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევების ესკალაციაზე საუბრობს.

„რუსული დათვი“ არ ტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი ბოროტი ზრახვები და საერთაშორისო სამართლისა და უბრალოდ ადამიანური წესიერების უგულებელყოფა წარმოაჩინოს. მხოლოდ გასული თვის განმავლობაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი, არჩილ ტატუნაშვილი გახდა წამების მსხვერპლი და ციხეში ტრაგიკულად გარდაიცვალა. ცხედრის მისი ოჯახისთვის გადაცემაზე კი რუსეთის მხარდაჭერით მოსარგებლე სეპარატისტების ხელისუფლება ამ დრომდე უარს ამბობს“, - განაცხადა ტედ პომ.

მისივე თქმით, გარდაცვლილთა ცხედრების გადაცემაზე უარის თქმა მხოლოდ ტერორისტებსა და სიძულვილზე დამყარებულ რეჟიმებს შეუძლიათ.

„ვლადიმერ პუტინის ტირანიული რეჟიმი არ კმაყოფილდება საკუთარი მოქალაქეების გატაცებითა და მოკვლით, მას სურს საკუთარი ტირანია ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში მიიტანოს და აღმოსავლეთ ევროპაში მორიგი რუსული მტრული დაშინების ბნელი დრო დადგეს. რუსეთის ეს ნაბიჯი არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო, რუსეთმა საფასური უნდა გადაიხადოს“, - ნათქვამია კონგრესმენის განცხადებაში.