რას ურჩევენ ამერიკელი ექსპერტები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით - "აფხაზები და ოსები უფრო ხშირად უნდა ჩამოდიოდნენ"

რას ურჩევენ ამერიკელი ექსპერტები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით - "აფხაზები და ოსები უფრო ხშირად უნდა ჩამოდიოდნენ"

ამერიკელი ექსპერტების ნაწილის აზრით, პირდაპირი დიალოგით ცხინვალის და სოხუმის დე ფაქტო ლეგიტიმაციის საფრთხე შეიქმნება.

აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში ჯონ ჰერბსტი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მთავრობები არალეგიტიმური ფორმირებებია. ლეგიტიმური ერთეულის მხრიდან არალეგიტიმურ ფორმირებებთან შეხვედრა კი, როგორც წესი, არალეგიტიმურ მხარეს მხოლოდ აძლიერებს“.

„საქართველო დიდ რისკზე მიდის ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებისთვის კონფლიქტის სრულუფლებიანი მონაწილეების სტატუსის მინიჭებით. ამისთვის მთავრობას ძალიან კარგი მიზეზი უნდა ჰქონდეს. საქართველო დელიკატური პრობლემის წინაშე დგას“, - განაცხადა ჯონ ჰერბსტმა.

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი, თავის მხრივ, ამბობს, რომ პირდაპირი დიალოგის დაწყების ნაცვლად თბილისმა ოკუპირებულ რეგიონებთან ხალხთაშორისი არაოფიციალური ურთიერთობა უნდა გააღრმაოს.

„აფხაზები და ოსები უფრო ხშირად უნდა ჩამოდიოდნენ საქართველოში სამკურნალოდ, განათლების მისაღებად. საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ზოგიერთი შეღავათის გავრცელება ოკუპირებულ რეგიონებზეც უნდა გაავრცელოს. ჩემი აზრით, ეს შესაძლებელია“, - აღნიშნა იალოვიცმა.

მისი აზრით, ოფიციალური კონტაქტის რისკი აღიარების მინიშნებაა.

ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს დეიმონ უილსონს მიაჩნია, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აფხაზებთან და ოსებთან კონტაქტის ქონა, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები მხარე მხოლოდ მოსკოვია.

„არ უნდა შევქმნათ ის მოჩვენებითი განცდა, რომ ეს რეალობა არ არის. მოსკოვშია მარიონეტების ის მმართველი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების და რეგიონში არსებული გაყინული კონფლიქტების მანიპულირებას აგრძელებს“, - დასძინა უილსონმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები