პირველად საქართველოში MIT-ს გლობალური სტარტაპ ლაბი BTU-ში იქმნება

პირველად საქართველოში MIT-ს გლობალური სტარტაპ ლაბი BTU-ში იქმნება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერტიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) თანამშრომლობის ფარგლებში ”სილიკონ ველი თბილისის” ტერიტორიაზე გლობალური სტარტაპ ლაბი შეიქმნება. პირველად ამიერკავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, მსოფლიოს საუკეთესო ტექნოლოგიური ინსტიტუტი MIT ქართველ სტუდენტებთან სტარტაპ პროექტებზე იმუშავებს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა აღნიშნულ შეთანხმებას აშშ-ში სპეციალური ვიზიტის ფარგლებში მიაღწია.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, უპრეცედენტო შეთანხმება ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას, ციფრული მეწარმეობის სტიმულირებას, ახალი ინოვაციური ბიზნეს ერთეულების საქართველოში შექმნასა და მის საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაციის მხარდაჭერას გულისხმობს.

”გლობალური სტარტაპ ლაბი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის საუკეთესო გუნდს შეარჩევს და მათი სტარტაპების კატალიზირებისთვის იმუშავებს. ამ პროცესში, სტარტაპების განვითარებისთვის საჭირო მობილური და ინტერნეტ ტექნოლოგიების სწავლება ინტენსიურად მოხდება. MIT-ს გუნდი უზრუნველყოფს მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებით სწავლებას, ვენჩურული გამოცდილების გაზიარებას და სტუდენტთა სამეწარმეო უნარების გაღრმავებას. MIT-ს გლობალური სტარტაპ ლაბის შექმნის მიზანია გააჩინოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის მსოფლიოში საუკეთესო ტექნოლოგიური მეწარმეები. პროგრამის ფარგლებში შეიქმნება მობილურ და ინტერნეტ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნეს ერთეულები, ციფრული საწარმოები, რომლებიც კურსის ბოლოს "Pitch’’ კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. სტუდენტური ბიზნესპროექტების წარდგენა რეგიონის უმსხვილესი ვენჩურული ინვესტორების წინაშე მოხდება. სტატისტიკურად, ლაბში შექმნილი სტარტაპების 72% წარმატებით ინარჩუნებს მდგრადობას საერთაშორისო ბაზრებზე,”- განმარტავს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი.

პროგრამის ფარგლებში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტები, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს 8 კვირის განმავლობაში გადაამზადებენ მეწარმეობისა და სტარტაპის ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით და მოამზადებენ მათ დემო დღისთვის, რომელიც ვენჩურული ინვესტორების წინაშე გაიმართება. გლობალური სტარტაპ ლაბის შექმნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შესაძლებლობას მისცემს ქართველ სტუდენტებს, გაიზიარონ მსოფლიოს საუკეთესო სამეწარმეო კულტურა და შექმნან ისეთი ინოვაციური ბიზნესი, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ ინდუსტრიებზეც. კურსისა და მისი პარტნიორების, აგრეთვე რეგისტრაციისა და შერჩევის პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად განთავსდება BTU-ს ვებგვერდზე.

2000 წლიდან, MIT-ს პროფესიონალთა გუნდი, მსოფლიოს 22 მოწინავე ქვეყანაში გლობალურ სტარტაპ ლაბორატორიებს ქმნის. პროექტის 3000-ზე მეტი ბენეფიციარი სტუდენტები, დღეს უკვე წარმატებული მეწარმეები და ინოვაციური ციფრული საწარმოების მფლობელები არიან.

MIT 1861 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიის ინსტიტუტია, რომელიც ყველა მოწინავე სარეიტინგო სისტემით, მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შედის. ინოვაციებისა და მეწარმეობის მხარდაჭერა ინსტიტუტის მისიაა და საუკუნეზე მეტია, ამ მისიას წარმატებით ახორციელებს. ბოლო კვლევების თანახმად, MIT-ს კურსდამთავრებულებს დაფუძნებული აქვთ 30,000-ზე მეტი აქტიური კომპანია, შექმნეს 4,6 მილიონი სამუშაო ადგილი მსოფლიოში, აგენერირებენ 1,9 ტრილიონ აშშ დოლარის წლიურ შემოსავალს. "MIT Nation’’ - როგორც თავად უწოდებენ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ერთობას, მე-10 უმსხვილესი ეკონომიკაა მსოფლიოში.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის