ავტორი:

როგორ გადაარჩინეს აფხაზმა სტუდენტებმა ქართველი ისტორიკოსი, რომელმაც ომის დროს ტყვეობაში 100 დღე გაატარა

როგორ გადაარჩინეს აფხაზმა სტუდენტებმა ქართველი ისტორიკოსი, რომელმაც ომის დროს ტყვეობაში 100 დღე გაატარა

ქართველი პროფესორი ზურაბ პაპასკირი, რომელიც სოხუმის დაცემის შემდეგ, აფხაზებმა ტყვედ აიყვანეს, ტყვეობაში 100 დღე იმყოფებოდა... რამდენჯერმე დახვრეტითაც დაემუქრნენ, თუმცა, აფხაზი სტუდენტების წყალობით ის გადარჩა. მათ შორის იყო აფხაზეთის ახლანდელი ლიდერი რაულ ხაჯიმბა...

ქართველი ისტორიკოსი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ტყვეობის მძიმე დღეებს იგონებს:

"მე არასდროს უარვყოფდი, რომ აფხაზები თანამედროვე აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობაა და იქ ქართველებთან (ძირითადად მეგრელებთან) ერთად, სულ ცოტა ბოლო 2 ათასი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ... ამიტომაცაა, რომ ამჟამინდელ აფხაზთა თითქმის ნახევარს გააფხაზებული ქართველები, მათ შორის, ჩემი და თქვენი მოგვარეები შეადგენენ. სოხუმში არსებობს ივანე პაპასკირის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა და მის ღვაწლზე აფხაზები სიამაყით საუბრობენ, თუმცა ის აფხაზური ფესვებიდან არ მოდის... ყველამ ვნახეთ როგორ გაგრძელდა ეს დაპირისპირება და ამაზე ნუ შევჩერდებით... სოხუმის დაცემის შემდეგ, აფხაზების ტყვეობაში 100 დღე გავატარე და ამ პერიოდმა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა...

ჯანმრთელობა არ მიწყობდა ხელს. თან, მეომრის სულიც არ არის ჩემში. თუმცა, თსუ-ში სწავლის დროს სამხედრო კათედრა გავიარე, თადარიგის ოფიცერი ვიყავი. ამიტომაც სამხედრო დაპირისპირების დაწყების შემდეგ, მეც სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩავდექი, საქართველოს შეიარაღებულ ძალების II საარმიო კორპუსის პირად შემადგენლობასთან მუშაობის განყოფილებაში უფროსი ოფიცერი ვიყავი.

ბოლომდე მჯეროდა, რომ ომი მალე დამთავრდებოდა და შევრიგდებოდით, რადგან ვიცნობდი აფხაზებს. ვიცოდი, ისინი პოლიტიკურზე წინ ადამიანურ ურთიერთობებს დააყენებდნენ. როცა აფხაზურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება დაარღვია, ძალიან განვიცადე... სოხუმის II მიკრორაიონი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ყველაზე ბოლოს დაეცა. დარჩენისკენ სხვებს მოვუწოდებდი, აქაურობა როგორ დავტოვო-მეთქი და წასვლა არც კი მიცდია... დედასა და მეუღლესთან ერთად სახლში ვიყავი.

მახსოვს, სოხუმის დაცემის შემდეგ, 10 დღე ჩემი აფხაზი და სომეხი მეზობლების მფარველობის ქვეშ ვიყავით. რამდენჯერმე კარების შემომტვრევა და ჩემი მოკვლა სცადეს, მაგრამ მეზობლები გადაუდგნენ. მახსოვს, ლამის როგორ ჩაუვარდა მუხლებში ჩემს გამო ჩემი სომეხი მეზობელი კალაიჯიანი თავის თანაკლასელ აფხაზს - უშიშროების სამსახურის ოფიცერს, ავადმყოფია და არ წაიყვანოო... ბოლოს 7 ოქტომბერს უშიშროების სამსახურის თანამშრომელმა მაინც იძალა...

სოხუმის უშიშროებამდე მიყვანა ახლობელ აფხაზს ვთხოვე. იმ დღეებში არაერთი ცნობილი ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ასაკოვანი ხალხი უდანაშაულოდ დახვრიტეს და ვერ ვიტყვი, როცა იქ მივდიოდი არ მეშინოდა-მეთქი... უშიშროების სამსახურში, იმ პირთა სამგვერდიანი სია დამიდეს, რომელთაც განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა ქართულ მოსახლეობაში. ჩემი გვარი მეორე გვერდზე ეწერა.

ვნერვიულობდი. ჩემს ყოფილ აფხაზ სტუდენტებსაც მოვკარი თვალი. ერთმა თვალი ამარიდა, მაგრამ მეორე, გვარად აგრბა, გადამეხვია და თბილად მომიკითხა. როცა აფხაზმა მაიორმა იარაღი სახეში ჩამარტყა, ის და მისი მოგვარე, გადამეფარნენ... ძალიან მიმძიმს იმ წუთების გახსენება... იმ დღეს ჩემი დახვრეტაც უნდოდათ, მაგრამ დროებითი დაკავების იზოლატორის უფროსმა ოთარ დელბამ გადამარჩინა...

- იცოდნენ, რომ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდით?...

- დიახ, თუმცა, მათი აგრესიის მთავარი მიზეზი მაინც ჩემი სამოქალაქო საქმიანობა იყო, იდეოლოგი ხარო, მითხრეს, 1989 წელს უნივერსიტეტის გახლეჩა და სისხლისღვრა შენს კისერზეაო... ერთი სიტყვით, ბრალად ორი მუხლი - ერთა შორის შუღლის გაღვივება და ომის პროპაგანდა წამიყენეს. თავის დაცვა არ გამჭირვებია. ღიად ვამბობდი, რომ ქართულ მხარეს მთელი ომის განმავლობაში არასდროს უთქვამს, რომ აფხაზი ჩვენი მტერია, ეს დაპირისპირება ძმათამკვლელ ომად მიგვაჩნდა და აფხაზებს “შეცდენილ” მოძმეებს ვუწოდებდით-მეთქი....

- საკანში როგორი ვითარება იყო?

- მძიმე. საკანში ჩემთან ერთად ძირითადად ქართველები (აქა იქ, სომხები, რუსები და უკრაინელებიც) იყვნენ... ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო კრიტიკული ხდებოდა. ისეთი ნესტი იყო, ფაქტობრივად სველ ლეიბებზე ვიწექით, მაგრამ ეს ფსიქოლოგიურ სტრესთან რა მოსატანია... მეუღლემ მოახერხა და ჩემი დაპატიმრებიდან ერთი კვირის შემდეგ, დედაჩემი ზუგდიდში გამოამგზავრა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, ჩემს სანახავად მოვიდა... დედას რატომ არ გაყევი-მეთქი, ვიდრე არ დავრწმუნდებოდი, რომ ნამდვილად ცოცხალი იყავი, ვერ წავიდოდიო. მან ჩემს ყოფილ სტუდენტს, სეპარატისტული ხელისუფლების მაღალჩინოსან, ტყვეთა გაცვლის კომისიის აფხაზური მხარის თავმჯდომარეს ბესლან კობახიას დახმარება სთხოვა და ბოლოს, მეზობლების დახმარებით, ჭუბურხინჯის გზით გაიყვანეს...

- რაულ ხაჯიმბამ რა როლი ითამაშა თქვენს იქ ყოფნაში?

- რაულ ხაჯიმბას საქართველოს ისტორიას ვასწავლიდი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის “სამართალმცოდნეობის” სპეციალობის რუსულ სექტორზე სწავლობდა ქართველებთან, რუსებთან და სომხებთან ერთად. ძალიან ნიჭიერი, ნაკითხი, ანალიტიკური აზროვნების მქონე (აფხაზურ აუდიტორიაში ასეთი ცოტა შემხვედრია) და კეთილშობილი ახალგაზრდა იყო. მის კურსთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა მქონდა... ამასთან მე ვიყავი ერთადერთი არაიურისტი ლექტორი, რომელიც კურსმა გამოშვების საღამოზე მიიწვია. სურათიც გვაქვს გადაღებული, რომელზეც იურისტ კოლეგებთან და სტუდენტებთან (მათ შორის რაულ ხაჯიმბასთან) ერთად ვარ.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, არ შემხვედრია. შემდეგ გავიგე, რომ უშიშროებაში მუშაობდა... ჩემთან პირველად, დაპატიმრებიდან თვენახევრის შემდეგ მოვიდა, სატელევიზიო ინტერვიუს ჩაწერისას ჩემთან ერთად რომ ყოფილიყო. ეს ინტერვიუ აფხაზმა სამართალდამცველებმა “შემომთავაზეს”. მაშინდელი “გენერალური პროკურორის” მოვალეობის შემსრულებლის სერგეი ბგანბას დაკვეთა იყო, რომელმაც დამკითხა... შვილი ომში მოუკლავთ და აგრესიულად იქცეოდა. დახვრეტით დამემუქრა, მაგრამ 5-საათიანი დაკითხვისას ჩემი მეუღლის დეიდა ვახსენე. ვიცოდი, რომ ეთერ კომახიძე (80-იან წლებში საქართველოს ვაჭრობის მინისტრის მოადგილე) მისი დის ლილი ბგანბას (იმავე პერიოდში აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის) ახლო მეგობარი იყო.

პროკურორი ერთბაშად მოლბა, იცით, ეთერი დედაჩემის დაკრძალვაზე იყოო... ისეთ მძიმე ვითარებაშიც კი, ადამიანური ურთიერთობები გადამწყვეტი აღმოჩნდა და უკვე იმაზე დავიწყეთ ლაპარაკი, ციხიდან გასვლის შემდეგ, აფხაზეთიდან გალის გავლით გამოვსულიყავი თუ ადლერიდან.

ჰოდა, სწორედ მაშინ, დამშვიდობებისას, ბგანბამ უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსანს ზურაბ აგუმავას, რომელსაც თავდაპირველად მიჰყავდა ჩემი საქმე, ჩემთან სატელევიზიო ინტერვიუს ჩაწერა დაავალა, პროფესორია, ვიღაცა ხომ არ არის, თქვას თავისი აზრიო?.. ეს სიტყვები არ მესიამოვნა, მაგრამ რას ვიზამდი? ისღა ვუთხარი, რომ ინტერვიუს გათავისუფლების შემდეგ მივცემ და მხოლოდ იმას ვიტყვი, რასაც აქამდე ვამბობდი-მეთქი.

აი ამ საქმის ორგანიზება ჰქონდა დავალებული ხაჯიმბას. როცა საკნიდან გამომიყვანეს და იზოლატორის სამორიგეო ოთახში შემიყვანეს, იქ დამხვდა რაული. თბილად შემხვდა, ისე გადავეხვიეთ ერთმანეთს, ზედამხედველები გაოცებული გვიყურებდნენ. შემდეგ გადამიყვანა სამინისტროს შენობაში, სადაც უკვე ცნობილი ტელეჟურნალისტი გიორგი გულია მელოდებოდა (დიმიტრი გულიას შვილიშვილი). ის 5 წელი ჩემი სტუდენტი იყო, შემდეგ კი, მოსკოვში საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის” ერთ-ერთი უფროსი.

გავბედე და კამერას ხელი დავაფარე - ჩემი პირობები მაქვს-მეთქი. ჩემი საქციელი გაუკვირდა... ვუთხარი, რომ ამის შესახებ რაულ ხაჯიმბამ იცოდა. მანაც დაუდასტურა. გიორგი ინტერვიუს “ჩავარდნამ” ძალიან გააბრაზა და თავხედურად მელაპარაკა. წავკამათდით კიდეც. რა არ გყოფნიდათ ქართველებს, ყველაფერი თქვენს ხელში იყოო, რაზეც საკადრისი პასუხი გავეცი... ტელევიზიით გამოსვლას ასე გადავურჩი. რაული შემდეგაც მოდიოდა მოსაკითხად. დღემდე ყურებში ჩამესმის მისი და ზურაბ აგუმავას სიტყვები - “ვალერიანოვიჩ, ხომ არაფერი გაწუხებთო?.."

მანამდე ჩემთან იზოლატორში ზემოთნახსენები ბესლან კობახიაც მოვიდა, ერთ ყოფილ სტუდენტ დაურ მარღანიასთან და უნივერსიტეტელ კოლეგასთან, მაშინდელი უმაღლესი საბჭოს დეპუტატ დაურ ბარგანჯიასთან ერთად... რაღაც საკითხებზე სერიოზულად ვიკამათეთ, მაგრამ მათი “ვიზიტი” ჩემთვის მაინც ძალზე მნიშვნელოვანი იყო - ამის შემდეგ ჩემს მიმართ იზოლატორის თანამშრომლების დამოკიდებულება შეიცვალა. ისიც უნდა ვთქვა, რომ აფხაზებს ეშინოდათ, ციხიდან გასვლის მერე ვინმეს არ მოვეკალი... 100-დღიანი ტყვეობის ბოლოს, “წითელი ჯვრის” დახმარებით ადლერში ჩამიყვანეს, საიდანაც თვითმფრინავით თბილისში ჩამოვედი...

"ჯანმრთელი ადამიანები პანიკას აყვნენ... ჰგონიათ, სუნთქვა აღარ ყოფნით, იკავებენ საწოლებსა და ჟანგბადის აპარატებს" - რას ჰყვება ინდოეთში მყოფი ქართველი?

იგეგმება თუ არა ე.წ. კომენდანტის საათის წინ ან უკან გადაწევა - ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი

"ვაქცინირებული ადამიანები ვირუსს სხვაზე ნაკლებად გადასცემენ" -  იმედისმომცემი კვლევა, რომელმაც კორონავირუსთან ბრძოლაში ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს