ავტორი:

"მინდა ჩემი ახალი ნაწარმოები, მათ წმინდა სულებს მივუძღვნა..." - ნიკოლოზ რაჭველმა ჰამბურგში ევროპელ მსმენელს ემოციური სიტყვით მიმართა

"მინდა ჩემი ახალი ნაწარმოები, მათ წმინდა სულებს მივუძღვნა..." - ნიკოლოზ რაჭველმა ჰამბურგში ევროპელ მსმენელს ემოციური სიტყვით მიმართა

ნიკოლოზ რაჭველმა ჰამბურგის ელბფილარმონიაში საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად 2 აპრილს კონცერტი გამართა. სიმფონიური მუსიკის დარბაზი - ელბფილარმონია, ჰამბურგში გასულ წელს გაიხსნა და მის მშენებლობაში გერმანიის სახელმწიფომ 800 მილიონი ევრო დახარჯა. კონცერტზე დასასწრები 2000-ზე მეტი ბილეთი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გაიყიდა და დარბაზში სრული ანშლაგი იყო. ორკესტრის დიდმა შემადგენლობამ გერმანიაში მოღვაწე პიანისტ დუდანა მაზმანიშვილთან ერთად მაყურებელს რახმანინოვის მეორე საფორტეპიანო კონცერტი წარუდგინა, ხოლო ორკესტრმა ჰამბურგის ფილარმონიის თხოვნით გია ყანჩელის მე-5 სიმფონია და "Warzone" შეასრულა (კონცერტს თავად გია ყანჩწლი ესწრებოდა, რომელსაც რამდენჯერმე წამოუდგა ფეხზე ევროპელი მსმენელი).

აჟღერდა ნიკოლოზ რაჭველის ორი საორკესტრო ნაწარმოებიც - "ვერცხლისფერი მზე" და "რატომ!", რომლითაც დირიჟორი გამოეხმაურა სხვადასხვა ტრაგედიებს და უბედურ შემთხვევებს, რომელთაც მრავალი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. რუსთაველის პრემიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი ნიკოლოზ რაჭველი 2017 წელს გაეროს გადაწყვეტილებით UNISEF-ის კეთილი ნების ელჩი გახდა და მის უპირველესი მოვალეობა საქართველოში ბავშვებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პრობლემების მიმართ საზოგადოების ყურადღების გამახვილება და აღმოფხვრის გზების ძიებაა.

საკუთარი საპრემიერო ნაწარმოების შესრულების წინ ნიკოლოზ რაჭველმა დარბაზში შეკრებილ სამიათასამდე საერთაშორისო მსმენელს ინგლისურ ენაზე მიმართა და საქართველოში რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა:

"თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ ჩვენი სამშობლოს ტერიტორიის დიდი და გამორჩეული ნაწილი ოკუპირებულია. სამწუხაროდ დღესაც ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა აგრესიას და ძალადობას ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან. 26 დღე ველოდებოდით ქართველი გმირი ჯარისკაცის ცხედარს, რომელიც გაიტაცეს და წამებით მოკლეს. ეს იყო საშინელი 26 დღე ყოველი ქართველისთვის, მათ შორის ჩემთვის და ჩვენი ორკესტრის თითოეული წევრისთვის. ჩვენი საკონცერტო პროგრამა დედამიწის წამყვან სიმფონიურ სცენაზე ჩემი ახალი ნაწარმოებით "ვერცხლისფერი მზე" უნდა გახსნილიყო, ნაწარმოებით, რომელშიც შევეცადე სევდასთან და ნოსტალგიურ განწყობასთან ერთად ყოფილიყო ხალისიანი, ოპიმისტური და იუმორნარევი ეპიზოდები, თუმცა რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე თავდაპირველად ჩემი უახლესი ნამუშევარი შეგისრულოთ, რომელიც ოთხი დღის წინ დავწერე და მხოლოდ ერთხელ მოვასწარით მისი რეპეტიცია...

სამგლოვიარო მუსიკა, რომელიც დამაწერინა იმ ადამიანებზე და განსაკუთრებით ბავშვებზე ფიქრმა, რომლებიც კემეროვოში ხანძარს ემსხვერპლნენ, მუდამ ვფიქრობ სირიაში თუ სხვა საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების ტერიტორიებზე გარდაცვლილ პატარებზე, ბავშვებზე, რომლებმაც ძალადობის, ტერორიზმის, ტრაგედიების გამო სიკვდილს საშინელი ფორმით ჩახედეს თვალებში, ბავშვებზე რომლებიც უფროსების, მეტწილად პოლიტიკოსების უგულო და ექსცენტრიკული გადაწყვეტილებების მხვერპლნი ხდებიან. უამრავი ბავშვი შეეწირა ომებს აფხაზეთსა და ოსეთში. უამრავი ბავშვი იმსხვერპლა მეორე მსოფლიო ომმა, ნაცისტურმა რეჟიმმა, სხვადასხვა ტერორისტულმა აქტებმა ან უფროსი ადამიანების უყურადღებობით თუ უპასუხისმგებლობით გამოწვეულმა უბედურმა შემთხვევებმა... მე მინდა თქვენთან ერთად ჩემი ახალი ნაწარმოები მათ წმინდა სულებს მივუძღვნა და ვისურვო უკეთესი მომავალი ჩვენი პლანეტისათვის..." - მიმართა რაჭველმა შეკრებილ აუდიტორიას.

აღსანიშნავია რომ, კონცერტი დამსწრეებმა უმაღლეს დონეზე შეაფასეს. მევიოლინე ირინა ვარდელი, რომელიც ჰამბურგში გამართულ კონცერტს დაესწრო, ასეთი შეფასება გააკეთა:

"უმაღლესი დონის კონცერტი იყო. შესრულდა ნიკას ნაწარმოები silver sun ("ვერცხლისფერი მზე"), რახმანინოვის მეორე კონცერტი და ყანჩელის მეხუთე სიმფონია და warzone. დუდანა მაზმანაშვილის რახმანინოვის ინტერპრეტაცია იყო ძალიან საინტერესო, უზომოდ მუსიკალური და დახვეწილი გემოვნებით. ნიკამ იდირიჟორა სრულიად გენიალურად, ორკესტრი იყო ნებისმიერი ძალიან კარგი ევროპული ორკესტრის დონეზე. ჩასაბერების ჯგუფი იყო მართლა არაჩვეულებრივი. გაჭედილი დარბაზი. წარმატება იყო უდიდესი! უზომოდ ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ საქართველოს ასეთი მაღალი დონის ორკესტრი და დირიჟორი ყავს!" - წერს მევიოლინე.

ნიკოლოზ რაჭველი ამჟამად სავიოლინო კონცერტზე (ლიზა ბათიაშვილისთვის) და სიმფონიაზე (ეროვნული ორკესტრისა და კახი სოლომნიშვილისთვის) მუშაობს. დაწყებული აქვს ოპერის წერა. ასევე მუდმივად აფორმებს დავით დოიაშვილის სპექტაკლებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რის გამოც ორჯერ დაჯილდოვდა ხორვატიის თეატრალური აკადემიის პრიზით ნომინაციაში საუკეთესო მუსიკა სპექტაკლისათვის ("მაკბეტი", "იდიოტის ცხოვრება").

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს