"მეგონა, რომ ჩემზე დაბრალება უკვე მოდიდან გადასული სპორტის სახეობა იყო" - გიორგი ქადაგიძე მამუკა ბახტაძეს პასუხობს

"მეგონა, რომ ჩემზე დაბრალება უკვე მოდიდან გადასული სპორტის სახეობა იყო" - გიორგი ქადაგიძე მამუკა ბახტაძეს პასუხობს

ის, რომ ღარიბ ქვეყანაში ბანკები არ უყვართ, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ილიაუნის ბიზნეს სკოლის დეკანმა გიორგი ქადაგიძემ ბანკებთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„საქართველოზე გაცილებით უფრო განვითარებულ ქვეყნებში ანტისაბანკო განწყობები არის პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, თუმცა ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ წარმატებული კომპანიები არ ამაყობენ მოგების სიდიდით. წარმატებული კომპანიები ამაყობენ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტით. წარმატებული კომპანიები ამაყობენ იმ სასიკეთო ცვლილებებით, რაც მათ მოაქვთ საკუთარი მომხმარებლებისთვის და საკუთარი ქვეყნისთვის. ამ მიმართულებით ქართულ მსხვილ ბიზნესს სამუშაო ნამდვილად ბევრი აქვს, სულ თითებზეა ჩამოსათვლელი ისეთი კომპანიები, რომლებისთვისაც სოციალური პასუხისმგებლობა არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი საკუთარი საქმიანობის. ეს არის ჩემი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ქადაგიძემ.

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ, მისი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს.

"მე მეგონა, რომ ჩემზე დაბრალება უკვე მოდიდან გადასული სპორტის სახეობა იყო", - ასე გამოეხმაურა ქადაგიძე ფინანსთა მინისტრის გუშინ „იმედის“ ეთერში მოსახლეობაში ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით გაკეთებულ იმ განცხადებას, რომ „ეს ტენდენცია 2008 წლიდან დაიწყო და მოხდა ისე, რომ ეროვნულ ბანკში ახალი ხელმძღვანელის მოსვლამდე ვერ დავიწყეთ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა.“

„სერიოზულად თუ ვისაუბრებთ, მთავარი კითხვები, რომლებიც უნდა დაისვას არის - რატომ ვერ ხერხდება ეკონომიკური ზრდის ქართული ოჯახების ჯიბეზე ასახვა, რატომ ვერ ხერხდება, რომ საშუალო ფენა ძალიან მცირე ტემპით იზრდება და რატომ ვერ ხერხდება, რომ ჩვენ ვერა და ვერ დავძლიეთ სიღარიბე. ეს არის ის მთავარი კითხვები, რომლებზეც უნდა იქნას პასუხები გაცემული და ამ კითხვებზე სწორი პასუხის შემთხვევაში ყველა სხვა კითხვები ცხადია, დღის წესრიგიდან მოიხსნება. ამოცანა უნდა იყოს, რომ ეკონომიკური ზრდა და სხვა პოლიტიკა აისახოს დადებითად თითოეული ოჯახის კეთილდღეობასა და მათ ჯიბეზე“, - განაცხადა ქადაგიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები