ავტორი:

"თავის გადაპარსვით სოლიდარობა გამოვუცხადე ყველა დაავადებულ ადამიანს" - გაიცანით ბათუმელი გოგონა, რომლის იმიჯმაც სოფო ნიჟარაძე მოხიბლა

"თავის გადაპარსვით სოლიდარობა გამოვუცხადე ყველა დაავადებულ ადამიანს" - გაიცანით ბათუმელი გოგონა, რომლის იმიჯმაც სოფო ნიჟარაძე მოხიბლა

18 წლის ბათუმელი ნანუკა მიქაძე პროექტ "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტია. მისი ნამღერი ჟიურის მოეწონა, გოგონა ათეულში მოხვდა და 23 აპრილიდან საკონკურსო ბრძოლას იწყებს. როგორც ამბობს, სწავლის პარალელურად, აბიტურიენტია, გამოცდებისთვის ემზადება, თუმცა რაც პროექტში ჩაერთო, ძირითადად, სიმღერაზეა ორიენტირებული.

18 წლის ნანუკა, რომელიც ლექსებს წერს და ექსტრიმი მოსწონს, გვეუბნება, რომ იურისტობას აპირებს, რადგან "ტრიბუნასთან დგომა და სიმართლის დამტკიცება", მისი სტიქიაა.

"მხოლოდ ქართულში" ბაბუის თხოვნით მოხვდა - "წინა ღამეს გადავწყვიტე კასტინგზე მისვლა. ცოტა ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რადგან უცებ გადავწყვიტე მონაწილეობა - დიდი ხანი არ მიფიქრია... ახლა, მზადების პროცესში ვხვდები, რომ ყოველი დღე რაღაც ახალს მაძლევს და ზუსტად ვიცი, დიდ გამოცდილებას შევიძენ. ყოველი დღე ნაყოფიერია. უკვე რეპეტიციებს გავდივარ და საკმაოდ დატვირთული რეჟიმია იმისთვის, რომ საუკეთესო ამპლუაში დავინახოთ საკუთარი თავი".

- მითხარი, რომ ბევრი რამ გიტაცებს, მაგრამ თავი სიმღერით წარმოაჩინე. ბავშვობიდან მღერი?

- სიმღერა ბავშვობიდან გაჩნდა ჩემში, ბებიაჩემი ხშირად მიმღეროდა და მე ბავშვური ენით ვღიღინებდი. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების სხვადასხვა სფეროთი ვარ გატაცებული (ვწერ, ვცეკვავ), სიმღერამ სხვანაირად მიიპყრო ჩემი ყურადღება და ეს არის ემოციების გამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება... ჟანრებიდან პოპი მიყვარს, ამას ვმღეროდი, ქართულ სიმღერებს ასე აქტიურად არ ვასრულებდი. "მხოლოდ ქართული" განსხვავებული, ახალია და ეს მომეწონა. მერე როდესაც ამ ყველაფერს უკვე კარგად ჩავუღრმავდი, მივხვდი, რომ დიდი რამ იდო, მღერი შენს საკუთარ ენაზე - ეს მაინც სხვანაირ შთაბეჭდილებას იწვევს. რაღაც უდიდესი გარდატეხა ხდება. მეტად ურღმავდები სიმღერებში ცხოვრებისეულ სიტყვებს და ხვდები რა სიმღერაა.

- ე.ი. ეს პროექტი შენთვის ექსპერიმენტია?

- კი და ჩემთვის ყველაზე რთული ქართულად მღერაა. აღმოვაჩინე, რომ აქამდე ისეთი მგრძნობიარე არ ვყოფილვარ სიმღერის მიმართ, რადგანაც ქართულს სხვანაირი მოფერება ნდომებია და ამ დროს მეტმა ემოციამ გაიღვიძა. ყველა ჟანრის მიმართ გარკვეული ინტერესები მაქვს და მერე ზვიად ბოლქვაძეს, პროექტის მუსიკალურ ხელმძღვანელს იმდენად შეუძლია ამ ყველაფრის მოდერნიზება, ვოცდები. ასე რომ, ყველა სიმღერას თავის ადგილი აქვს და თითოეული ისეთი გამოვა, როგორსაც არ ელოდები. თუმცა ამ რეპეტიციებისა და მომზადების პერიოდში უკვე კლასიკურ ქართულ სიმღერას დავასახელებ, რომლისკენაც ვიხრები.

- საბოლოოდ პროექტიდან რას ელი? გაიმარჯვებ?

- გამარჯვებაზე არ ვარ დამოკიდებული. ვფიქრობ, რომ უკვე გამარჯვებული ვარ, ამდენი მაგარი მონაწილისგან რომ ათეულში გამომყვეს, ეს ჩემთვის დიდი გამარჯვებაა. მაგრამ იმის მოლოდინები მაქვს, რომ ბევრი ადამიანი გაიგებს იმის შესახებ, რა შემიძლია, ჩემი ხმა დიდ სივრცეს გასწვდება და მოიცავს. გამოცდილებას მივიღებ, თუმცა გამიხარდება, თუ ფინალშიც გავალ და გავიმარჯვებ. ამის თავიდანვე მწამდა, როდესაც პროექტისკენ ნაბიჯი გადავდგი, თავდაჯერებულიც ვიყავი, ოღონდ, ზომიერების ფარგლებში.

- თქვი, რომ წერა გიყვარს...

- ლექსებს და ნოველებს ვწერ. მუზა მომაწვა, ვხატავ, ღრუბლებს, მზეს, ბუნებას, რადგანაც ბუნება ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს მისი ფურცელზე გადატანა, თუმცა არასდროს არავისთვის მინახებია ჩემი ნახატები. ასევე მიტაცებს სურათების გადაღება. ამოჩემებული მაქვს რამდენიმე შენობა, ასევე ტაძრები, რომელსაც სხვადასხვა რაკურსიდან ფოტოებს ვუღებ. ძალიან მიყვარს ველოსიპედით სეირნობა, შორს წასვლა, საკუთარ თავთან განმარტოება, ასეთ დროს ხომ წრფელ ფიქრებთან რჩები და შენში ყველაფერი იცვლება, რაც ძალიან მიყვარს.

- შეყვარებული ხარ?

- ამ წუთას არ მყავს შეყვარებული და ამ თემასთან დაკავშირებით, ბევრს ვერ ვსაუბრობ, რადგანაც ეს გრძნობა ჩემთვის უზენაესია, ზედმეტად ფაქიზი, თუმცა დარწმუნებული ვარ, როდესაც შეყვარებული ვიქნები, ვიქნები გასხივოსნებული ადამიანი დედამიწაზე. ლექსებს სიყვარულზე ვწერ, ყველა ლექსში ამაზე მაქვს აქცენტი. მთელი ჩემი ნამუშევრები სიყვარულით იწყება და მთავრდება. ძალიან ცვალებადი ტიპი ვარ. მიყვარს, როდესაც კარგ ადამიანებს ხასიათებში ვერგები. მხიარული ვარ, შემიძლია სულ ვიცინო, ხასიათის დაფარვაც შემიძლია და როდესაც მარტო ვრჩები, ძალიან სევდიანიც ვარ იმიტომ, კი არა, რომ ჩემი პრობლემები მაწუხებს, ზოგადად, ყველაფერი მაწუხებს, ქვეყანაზე რაც ხდება და რაც გაჭირვებასთან ასოცირდება. ამაზე ფიქრები მითრევს და ვუღრმავდები.

- თმის ორიგინალური ვარცხნილობა გაქვს... შენი იმიჯი შეუჩნეველი არ დარჩენია სოფო ნიჟარაძეს, რომლისგანაც კომპლიმენტიც დაიმსახურე...

- ასეთი ვარცხნილობა მინდოდა, ამაზე დაბალზეც მქონდა, ვერ წარმოიდგენთ, ეს რამდენ რამეს უკავშირდება. ოღონდ, არ არის პროტესტის გამოხატულება. ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე, არ მიფიქრია იმაზე, მომიხდებოდა, თუ არა. თავი მთლიანად გადავიპარსე და ჩავთვალე, რომ იმ თმას გაჰყვა ჩემი ცხოვრებიდან ყველანაირი ცუდი და ამით სოლიდარობა გამოვუცხადე ყველა დაავადებულ ადამიანს, რომლებსაც გული წყდებათ, როდესაც აცნობიერებენ, რომ მათ ცოტა ხანში თმა არ ექნებათ. განსაკუთრებით კიდევ გოგონებს, რომლებსაც თმა ამშვენებთ და უნდათ, რომ ორიგინალურად გამოიყურებოდნენ. უთმობა სულაც არ ნიშნავს ულამაზობას, პირიქით. მთავარია სულიერი სილამაზე, რაც სახეზე ყოველთვის აღიბეჭდება. შესაძლოა, თმა მთელი ცხოვრება არ გქონდეს თავზე, ეს ვერაფერს დააკლებს ადამიანის პიროვნულ თვისებებს. ისინი ყველაზე ლამაზები არიან და ეს უნდა დაიჯერონ!

- რას ეტყვი გულშემატკივრებს?

- ვინც ჩემ მიმართ ოდნავ მაინც ყურდღება გამოიჩინა, პატარა თბილი სიტყვა მითხრა, ან ვერ მომაწვდინა ხმა, მაგრამ გულში გაიფიქრა, უი, რა კარგი გოგოა, მინდა მადლობა ვუთხრა, მაგრამ ისიც არის, სიტყვებით ვერ გადმოვცემ ადამიანებისადმი პატივისცემას, განსაკუთრებით მათ მიმართ, რომლებიც პატივისცემით არიან განწყობილნი. ვეცდები, განსაკუთრებით, ბათუმელები არ გავაწბილო და რაც ჩაიფიქრეს, ავასრულო იმაზე 2-ჯერ კარგად!

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს