რა სიახლეა თემქაზე 20 წლის გოგოს მკვლელობის საქმეში - ბრალდებულის ადვოკატი დეტალებზე საუბრობს

რა სიახლეა თემქაზე 20 წლის გოგოს მკვლელობის საქმეში - ბრალდებულის ადვოკატი დეტალებზე საუბრობს

თემქაზე 20 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, სატელეფონო ანძების მონაცემებით არ დგინდება, რომ გრიგალაშვილი მკვლელობის მომენტში გარდაცვლილთან ერთად იმყოფებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა განუცხადა, მკვლელობის პერიოდში გარდაცვლილისა და ბრალდებულის ტელეფონებს სხვადასხვა ანძები ემსახურებოდა. გარდა ამისა, როგორც ადვოკატი ამბობს, საქმეში ასევე კიდევ არაერთი ახალი მტკიცებულება ჩაიდო, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას ამტკიცებს.

„ამოღებულია სატელეფონო ჩანაწერები და ის არ ემთხვევა იმ რეალობას, რაც ბრალის დადგენილებაშია მოცემული. კერძოდ, შემთხვევის დროს გარდაცვლილს ემსახურება გურამიშვილის ანძა, ხოლო ლადო გრიგალაშვილს თემქის ანძა. ანუ სხვადასხვა ადგილები ფიქსირდება სატელეფონო ჩანაწერებით. ასევე გამოთხოვილი გვაქვს ტექსტობრივი ინფორმაცია „ფეისბუქიდან“, ლადოსა და გარდაცვლილის მიმოწერის და ველოდებით პასუხებს, რაც ალბათ დაგვეხმარება ყველაფრისთვის ნათელის მოფენაში. დღეის მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ ლადოს ბრალეულობაზე არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს. პირიქით თითქმის გამორიცხავს მის მიერ დანაშაულის ჩადენას“, - განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ ჩაეტია და ამიტომ პროკურატურამ გამოძიებისთვის ვადის გაგრძელება მოითხოვა, რაც სასამართლომ დაუკმაყოფილა. ნაირა ოტიაშვილის თქმით, ბრალდებულის თითის ანაბეჭდები არც დანაზე არ ფიქსირდება.

„დანას, რომელიც საქმეში დევს ექსპერტიზა უტარდება. არის მხოლოდ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის პასუხი. მისი ჩატარების შემდეგ თითის ანაბეჭდები არ ამოვიდა. რეალურად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სასარგებლო მტკიცებულებებია მოპოვებული ამ ეტაპზე“, - აღნიშნა ოტიაშვილმა.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს