"დილიდან-საღამომდე მშენებლობაზე ვმუშაობდი, სამსახურის შემდეგ - ვვარჯიშობდი" - მერაბ დვალიშვილის რთული გზა UFC-ის რჩეულ მებრძოლობამდე

"დილიდან-საღამომდე მშენებლობაზე ვმუშაობდი, სამსახურის შემდეგ - ვვარჯიშობდი" - მერაბ დვალიშვილის რთული გზა UFC-ის რჩეულ მებრძოლობამდე

"ექვსწლიანი ემიგრაციის შემდეგ, ახლა უკვე დავიმსახურე საქართველოში ჩასვლა და ოჯახის წევრებთან ჩახუტება... ამიერიდან აღარ მომიწევს სპორტის პარალელურად მშენებლობაზე მუშაობა - მხოლოდ ვარჯიშს დავუთმობ მთელ დროს და ბოლომდე მივიყვან დაწყებულ საქმეს..." - შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ეს განცხადება ამერიკელ რიკი საიმონთან მარცხის შემდეგ გაავრცელა.

წაგების მიუხედავად, UFC-მ (მებრძოლთა აბსოლუტური ჩემპიონატი) დვალიშვილი 21 აპრილის ღამის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა და ბონუსად 50 000 დოლარითაც დააჯილდოვა.

UFC Fight Night-ის ეგიდით ატლანტიკ სიტიში გამართული ორთაბრძოლის უმეტესი ნაწილი 27 წლის ქართველის უპირატესობით წარიმართა, თუმცა,მესამე რაუნდის მიწურულს საიმონმა, რომელიც UFC-ში სადებიუტო ბრძოლას ატარებდა, მერაბი ე.წ. გილიოტინაზე დაიჭირა და განძრევის შესაძლებლობა მოუსპო.

დვალიშვილმა შეხვედრის დასრულებამდე დარჩენილი თითქმის ერთი წუთი ბოლომდე გაუძლო მახრჩობელა ილეთს და დანებების შესახებ არც ხელის მოძრაობით უნიშნებია, თუმცა, არბიტრებმა მიიჩნიეს, რომ ქართველმა გონება რაუნდის დასრულებამდე დაკარგა და ტექნიკური ნოკაუტით წაგება ჩაუთვალეს.

დასანანი მარცხის მიუხედავად, მერაბ დვალიშვილმა არამხოლოდ მაყურებლის, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საბრძოლო ასოციაციის ბოსების პატივისცემა და ფინანსური წახალისებაც დაიმსახურა.

მეორე დღეს ქართველმა მებრძოლმა თქვა, რომ საიმონთან რემატჩი აუცილებლად გაიმართება, მერე კი Sportall.ge-საც ესაუბრა:

- ატლანტიკ სიტის დარბაზში ქართველი ქომაგებიც საკმაოდ იყვნენ. მათზე რას იტყვი?

- ჩემ მხარდასაჭერად მოსული ამდენი ქართველი დამატებითი სტიმული იყო ჩემთვის. ბედნიერებაა, როცა თანამემამულეები იზიარებენ შენს მოლოდინს, სიხარულს, გამარჯვებისკენ სწრაფვას. ბედნიერებაა, როცა შენი ქვეყნის დროშით გამოდიხარ, ყველას აცნობ შენს სამშობლოს და ამ დროს, შენი თანამემამულეები გვერდით არიან.

ამიტომაც არის სპორტი ყველაზე დიდი პოლიტიკა. მისი დახმარებით ყველაზე უკეთ შეგიძლია წარმოაჩინო შენი ქვეყანა, ოჯახი, კულტურა. მიხარია, როცა ამერიკელები ხედავენ, რომ მარტო არ ვარ!

- ბონუსად მიღებული 50 000 დოლარის წყალობით, მუშაობა აღარ დამჭირდება და შევძლებ, მხოლოდ სპორტზე ვიფიქროო... ბოლო დღეებამდე, ვარჯიშის პარალელურად, სულ მუშაობდი?

- სამ თვეში ექვსი წელი გახდება, რაც აშშ-ში ვცხოვრობ. თავდაპირველად, მოყვარულებში ვჩხუბობდი, პროფესიონალებში გადაბარგების შემდეგაც მიზერულ თანხას მიხდიდნენ, რადგან საბუთები არ მქონდა და ისევე, როგორც ყველა ემიგრანტი, მეც ვმუშაობდი... პროფესიონალი მებრძოლი ვარ, არც სახელმწიფო მაფინანსებს და არც რომელიმე ფედერაცია. ამიტომ, რაც ჩამოვედი, სულ ვმუშაობდი მშენებლობაზე - დილიდან-საღამომდე, სამსახურის შემდეგ კი - ვვარჯიშობდი. მიზნად UFC-ში ბრძოლა მქონდა და უფლის წყალობით, ეს ოცნებაც ავისრულე.

ჩემთან ერთად, კიდევ რამდენიმე ბიჭი იყო ჩამოსული - ჩემზე წარმატებულები და პერსპექტიულები იყვნენ, მაგრამ... მუშაობის და სპორტის შეთავსება ვერ შეძლეს და ვარჯიშს მალევე დაანებეს თავი. იოლი არც ჩემთვის ყოფილა, მაგრამ უფლის წყალობით, მიზანს მაინც მივაღწიე... წაიკითხეთ ვრცლად Sportall.ge-ზე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ