ქართველი ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ბერძენ ექიმს 22 წელი მიესაჯა - რას ყვება დიანა ბერიძის მეგობარი

ქართველი ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ბერძენ ექიმს 22 წელი მიესაჯა - რას ყვება დიანა ბერიძის მეგობარი

ქართველი ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ბერძენ ექიმს 22 წელი მიესაჯა

ექიმმა ორი ნარკოტიკული ნივთიერების ძალიან დიდი დოზა შეუყვანა დიანას

საბერძნეთში 2017 წლის აპრილში მოკლული დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებულ 38 წლის ანგიოქირურგს დიმიტრის პელეკასისს, 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საბერძნეთში ამ უმძიმეს საქმეს ზუსტად ერთი წელი განიხილავდნენ.

36 წლის დიანა ბერიძე ექიმმა მაშინ მოკლა, როცა ის 1 წლის წინ ანგიოქირურგთან ოპერაციის გასაკეთებლად, იპოკრატიოს საავადმყოფოში მივიდა. იმავე ექიმს მისთვის მანამდე ერთი ოპერაცია უკვე გაკეთებული ჰქონდა. დიანამ თავის ბერძენ ქმარს დაურეკა და უთხრა, რომ 5 საათზე ექიმთან უნდა მისულიყო ოპერაციისთვის. ამის შემდეგ კი მისი კვალი გაქრა.

ბერძენი სამართალდამცავები მას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. 4 მაისს დიანა ბერიძის ცხედარი კუნძულ ხალკიდიკზე, ერთ-ერთ სოფელში იპოვეს. ის ქმარმა თმით და საყურით ამოიცნო.

ამის შემდეგ მალევე დააკავეს ანგიოქირურგი. ის განზრახ მკვლელობას არ აღიარებს. მისი თქმით, ეს იყო სამედიცინო შეცდომა და დიანა ბერიძის მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა. აღიარა, რომ ოპერაციებს არალეგალურად ატარებდა. როცა პაციენტს გული გაუჩერდა, დახმარება ვერავის სთხოვა, რადგან ექიმის დიპლომის ჩამორთმევის შეეშინდა. სასამართლომ ის მკვლელად ცნო და უვადო პატიმრობა მიუსაჯა - იქაური კანონების მიხედვით, 20 წელი. გვამის გადამალვისთვის კი 2 წელიც დაემატა.

ჟურნალი "სარკე" გარდაცვლილი ქალის მეგობარს ესაუბრა, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს. ის სასამართლო პროცესებს სისტემატურად ესწრებოდა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"მთელი წლის განმავლობაში ადვოკატი მასალებს აგროვებდა, იშიფრებოდა ექიმის ტელეფონი. "გუგლით" მიაკვლიეს, სად რამდენი კილომეტრიც ჰქონდა ექიმს გავლილი. ამას გარდა, დიანას ოფისში ჰქონდა ფარული კამერა, რომელიც იშიფრებოდა. ვიდეომასალა სასამართლოზე წარადგინეს.

დიანა იმ დღეს მეუღლეს ესაუბრა, რომ ექიმთან უნდა წასულიყო. ქმარი მას ეკითხება, უნდოდა თუ არა გაყოლა, რაზეც დიანა პასუხობს, რომ საჭირო არ იყო, რადგან ოპერაციას ანესთეზიით არ უკეთებდნენ. დიანას ტელეფონი დღემდე არ არის ნაპოვნი. მისი ტელეფონი ბოლოს აეროპორტის ტერიტორიაზე ფიქსირდება. ოჯახის ადვოკატის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ექიმმა დიანას ტელეფონი აეროპორტის ტერიტორიაზე სპეციალურად გადააგდო, რომ მის ქმარს და სხვებსაც ეფიქრათ, თვითმფრინავით სადღაც გაფრინდაო.

ასევე გამოკვლეულ იქნა დიანას გვამის სურათები. სხეული რომ იპოვეს, თითქმის მთლიანად გახრწნილი იყო, მხოლოდ ერთი საყურე და თმა ჩანდა. მეუღლემ სწორედ ამ საყურით ამოიცნო.

ყოველდღიურად იკითხებოდნენ მოწმეები. ასევე ელოდებოდნენ ექსპერტიზის პასუხს, რომელიც განაჩენის გამოცხადებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი.

- ამ ექსპერტიზის შედეგად რა დადგინდა?

- ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შედეგით, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ველოდით, დადგინდა, რომ ექიმმა ორი ნარკოტიკული ნივთიერების ძალიან დიდი დოზა შეუყვანა დიანას. როგორც ანესთეზიოლოგმა თქვა, ეს ისეთი ძლიერი წამლებია, კიბოიან პაციენტებს ვუკეთებთ, რომ ტკივილები გავუყუჩოთ და თანაც წვეთ-წვეთობით ვუშვებთო.

დიანას საქმეს სამი მოსამართლე და ოთხი ნაფიცი მსაჯული განიხილავდნენ. პროცესები სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში მიმდინარეობდა. აქედან ხუთმა თქვა, რომ ექიმისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ, ორი კი ამას არ ეთანხმებოდა. საბერძნეთში, სამუდამოს ეძახიან, როცა 20 წელს უსჯიან. არ აქვს მნიშვნელობა, ერთი კაცი მოკლა თუ მეტი, 20 წელში ათავისუფლებენ. ექიმს დიანას მკვლელობისთვის 20 წელი მიუსაჯეს, პლუს 2 წელი მისი გვამის გადაგდებისთვის.

ავტორი: ეკა ლემონჯავა

წაიკითხეთ ვრცლად ჟურნალში "სარკე"

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს