ხვალ ვანსა და ხონში არჩევნები გაიმართება

ხვალ ვანსა და ხონში არჩევნები გაიმართება

ხვალ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები №54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება, რომელიც ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიას მოიცავს.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნები 60 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 48 123 ამომრჩეველი.

ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის რეგისტრირებულია 6 კანდიდატი, მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ.

ანა მიქელაძის თქმით, თითოეულ საარჩევნო უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია და ხვალ, დილის 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. არჩევნების დღეს ამომრჩევლები მიიღებენ მხოლოდ ერთ საარჩევნო ბიულეტენს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად.

“საარჩევნო უბნებზე მცირე მხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო ფორმა, ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისათვის ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი, ხოლო ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებული საარჩევნო უბნები აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე ინფორმაციით, 28 აპრილის არჩევნებს 26 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 721 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 14 დამკვირვებელი დააკვირდება. არჩევნების დღეს გააშუქებს 19 მედიასაშუალების 504 მედია წარმომადგენელი. 28 აპრილის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 461 წარმომადგენელი.

ანა მიქელაძის განცხადებით, 20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებგვერდზე - www.results.cec.gov.ge.

07:00 საათიდან 24:00 საათამდე იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; ასევე ონლაინ ჩატი.

„მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“,-განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები