ანატოლი ბიბილოვი - არც საქართველოს, არც აშშ-ს და დასავლეთის არც სხვა ქვეყნებს აწყობთ სამხრეთ ოსეთში ქართველები და ოსები კეთილმეზობლურად ცხოვრობდნენ

ანატოლი ბიბილოვი - არც საქართველოს, არც აშშ-ს და დასავლეთის არც სხვა ქვეყნებს აწყობთ სამხრეთ ოსეთში ქართველები და ოსები კეთილმეზობლურად ცხოვრობდნენ

არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთი საინფორმაციო ომის მსხვერპლი გახდა, რომელიც საქართველომ წამოიწყო აშშ-სთან და დასავლეთის ქვეყნებთან ერთად - სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ანატოლი ბიბლოვმა განაცხადა.

მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთზე“ საინფორმაციო შეტევების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ საკითხში იყო „რესპუბლიკაში“ მცხოვრებ ქართველებსა და ოსებს შორის მტრული გარემოს შექმნა. „ტატუნაშვილის გარდაცვალებას მიანიჭეს პოლიტიკური შეფერილობა, რათა რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართველებს თავი მეორეხარისხოვნად ეგრძნოთ. ეს ყველაფერი ტყუილია. ჩვენ ვხდებით საინფორმაციო ბრძოლის მსხვერპლნი, რადგან არც საქართველოს, არც აშშ-ს და დასავლეთის არც სხვა ქვეყნებს აწყობთ სამხრეთ ოსეთში ქართველები და ოსები კეთილმეზობლურად ცხოვრობდნენ. მათ სურთ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვმტრობდეთ“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მანვე ახალგორის მოსახლეობას მოუწოდა, ასეთი სახის პროვოკაციებზე რეაგირება არ მოახდინონ. „მოდით, ნუ წამოვეგებით ამ სიბინძურეს, უსამართლო ბრძოლას სამხრეთ ოსეთისა და მისი ყოველი მცხოვრების წინააღმდეგ. მე არასოდეს დავყოფ ქართველებსა და ოსებს, რომლებიც რესპუბლიკაში ცხოვრობენ. ისინი ჩემი თანამემამულეები არიან და მათ ისევე მოვექცევი, როგორც სხვა თანამემამულეებს“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მისივე თქმით, რომ „სამხრეთ ოსეთის“ ხელისუფლება ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან კავშირში არ არის - უფრო მეტიც - ინციდენტი არ შედიოდა „რესპუბლიკის“ ინტერესებში. „ტატუნაშვილის გარდაცვალება სამხრეთ ოსეთს არაფერს აძლევდა. ამას არავითარი აზრი არ ჰქონდა. რა აზრი ჰქონდა ადამიანის მოკვლას, რომელიც ინფორმაციის წყარო იყო. ეს უბრალოდ ტრაგიკული შემთხვევაა, რომელიც ყველგან ხდება“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მისი თქმით, „რესპუბლიკის“ ხელისუფლების ქმედებები, რომელიც მიღებულია ტატუნაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მართებული იყო, რაც დაადასტურა მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ. „ჩატარდა შიდა მოკვლევა ადგილზე, სადაც გადაყვანილი იყო ტატუნაშვილი, ასევე საავადმყოფოში, სადაც ის გარდაიცვალა. ჩატარდა დამოუკიდებელი ექსპერტიზა. ყველაფერი სათანადოდ გაკეთდა“, - აცხადებს ბიბილოვი.

დეფაქტო ლიდერის თქმით, საქართველოში ამ დრომდე ვერ შეძლეს ექსპერტიზის შედეგების უარყოფა, რომელიც „სამხრეთ ოსეთში“ ჩატარდა. „აქ ჩნდება კითხვა, რატომ არ არის ამ დრომდე ექსპერტიზის შედეგები? იმიტომ, რომ მიხვდნენ, ჩვენ მართლები ვყავით და სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ექსპერტიზას ვერ უარყოფენ“, - განაცხადა მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა.

მისივე თქმით, სამი ოსი, რომელთაგან ერთ-ერთი 16 წლისაა, ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. „ყოველ ჯერზე, ჟენევის დისკუსიებზე ჩვენ ვაყენებთ ამ თემას. ვითხოვთ ცხედრების გადმოცემას, თუკი ცოცხლები აღარ არიან, რომ მშობლებს მათი საფლავების მონახულების საშუალება მიეცეთ“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთის“ 150 „მოქალაქე“ კვლავაც რჩება დაკარგულთა სიაში 90-იანი წლების მოვლენების დროს. „თუმცა, ამ ადამიანების ბედს არ გამოუწვევია ისეთი პოლიტიკური რეზონანსი, როგორც საქართველომ მიანიჭა ტატუნაშვილის გარდაცვალებას. ამის შესახებ რატომ არავინ საუბრობს?! გამოდის, ოსების სიკვდილი არაფერს ნიშნავს, ქართველისა კი ყველაფერს“, - განაცხადა ბიბილოვმა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი