"გიორგი კვირიკაშვილმა ბელორუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ მისი ბებია იყო რუსი..." - ლუკაშენკოს სკანდალური განცხადება და ქართული მხარის პასუხი

"გიორგი კვირიკაშვილმა ბელორუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ მისი ბებია იყო რუსი..." - ლუკაშენკოს სკანდალური განცხადება და ქართული მხარის პასუხი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ლუკაშენკომ ბელორუსის საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მიმართვის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილზე ისაუბრა.

„იგივე საქართველო, პრემიერი, როგორც ჩვენთან კობიაკოვი, მაგრამ ჩვენი პრემიერი 100 პროცენტით რუსია, იქ კი 75 პროცენტი რუსი ადამიანია. მასთან ერთად ვიჯექი მაგიდასთან და ქართულ ღვინოს ვაგემოვნებდი. ადამიანი გაიხსნა და თითქმის აცრემლებულმა დამიწყო ლაპარაკი რუსეთის მიმართ მის დამოკიდებულებაზე. ვინ ესაუბრა მას ასე? ყველაზე მარტივია მოშორება. ისინიც უკვე ამერიკული ჯაველინების, თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო იარაღის დემონსტრირებას ახდენენ. უკრაინაც და ისინიც. ეს გვინდა? ბევრ რამეში, რაც ჩვენს პერიმეტრზე ხდება, ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავე. ამიტომაც გვიწევს ურთიერთობის ნორმალიზება იქაც და აქაც“ - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

ამ განცხადებას განცხადებით პასუხობს კვირიკაშვილის პრესსამსახური. მათი ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო რუსულ-ქართულ ურთიერთობებს.

„ამ კონტექსტში, პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა გულისწყრომა, რომ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ დაუბრუნდა ოჯახს. მაშინ, როდესაც რუსეთს ამის ყველანაირი ბერკეტი გააჩნდა. ბელორუსის პრეზიდენტთან საუბარი გაგრძელდა რუსეთთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის პრაგმატულ პოლიტიკასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ, როგორც ასეთი, ხალხთაშორისი ურთიერთობების დონეზე დაპირისპირება არ აღინიშნება. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში რუსეთიდან 1.5 მილიონი ტურისტი შემოდის, არ ყოფილა დაპირისპირების არც ერთი ინციდენტი ეთნიკურ საფუძველზე.

ამავე კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა ბელორუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ მისი ბებია იყო რუსი და დღემდე საქართველოში ბევრი შერეული ოჯახია. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის არსებობს წითელი ხაზები და ეს არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება ამ ფუნდამენტურ საკითხებზე გადის. ამ მიმართულებით კი რუსეთის ხელისუფლება ნაბიჯებს არ დგამს“, - აღნიშნავენ პრესსამსახურში.

პრემიერის ინიციატივა - სიმსივნის მკურნალობის სახელმწიფოს მიერ დაფინანსება 40 ათასამდე მოქალაქეს შეეხება

"იმათ, ვინც ბავშვების 200-ლარიანი დახმარების პროგრამაში დარეგისტრირების სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს იღებდნენ, შესაბამისი უწყებები მიხედავენ" - გახარია

"თითოეულ  ონკოპაციენტს მიეცემა შესაძლებლობა ჩაიტაროს მკურნალობის სრული კურსი, ყველანაირი პირადი გადასახადების გარეშე" - გახარია