ავტორი:

"წიგნების ომი" აფხაზეთში - რა გახდა ე.წ. ექსპრემიერსა და ისტორიკოსებს შორის დავის საგანი

"წიგნების ომი" აფხაზეთში - რა გახდა ე.წ. ექსპრემიერსა და ისტორიკოსებს შორის დავის საგანი

აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლეონიდ ლაკერბაიმ მეათე-მეთერთმეტე კლასის სასკოლო სახელმძღვანელოს "აფხაზეთის ისტორია უძველესი დროიდან ჩვენს ერამდე" ავტორების წინააღმდეგ საქმე სასამართლოში შეიტანა. სტანისლავ ლაკობასა და ოლეგ ბღაჟბას ისტორიის დამახინჯებაში ადანაშაულებენ. წიგნი თავად განათლების ე.წ. სამინისტრომ გამოსცა და აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, იქ მოცემული ერთი თავი, სადაც 2014 წელს აფხაზეთში მომხდარი ამბებია ასახული, უსამართლო და შეურაცხმყოფელია.

2014 წლის მაისში, სოხუმში დაწყებული აქციების შედეგად, აფხაზეთის მაშინდელმა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა მოსკოვს შეაფარა თავი, რეგიონში "ვადამდელი" "საპრეზიდენტო არჩევნები" დანიშნეს და სათავეში მოსკოვის ფავორიტი რაულ ხაჯიმბა მოვიდა.

ბოლო დროს, აფხაზური ენის გაძლიერებისა და მისი პოპულარიზაციისთვის საკმაოდ აგრესიული კამპანია ტარდება. ის პოლიტიკოსები, ვინც პროაფხაზური კურსის მატარებლების არიან, ცდილობენ სხვებს აფხაზურად საუბრისკენ მიუთითონ, რადგან მათი თქმით, სხვა შემთხვევაში ენა დაიკარგება...

"თუ დააკვირდებით, რაც დრო გადის, აფხაზურად საუბარი უფრო და უფრო ნაკლებად ისმის, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხი ივიწყებს თავის მშობლიურს... ისევე, როგორც ისტორიას... ჩვენ ქართველებთან მუდმივად კამათი გვაქვს ამა თუ იმ ფაქტთან დაკავშირებით და ახლა გამოდის, რომ საკუთარ ენას ჩვენივე ნებით ვამახიმინჯებთ..."- აცხადებს ლეონიდ ლაკერბაია, რომლის თქმითაც, წიგნში მის გარშემო აღწერილი ფაქტების გარდა, სხვა უამრავი შეცდომაა...

2014 წელს, აფხაზეთში არსებული პოლიტიკური კრიზისის დროს, როდესაც სოხუმის ქუჩებში მრალრიცხოვანი აქციები იმართებოდა, ლეონიდ ლაკერბაია პოსტიდან მხოლოდ იმ პირობით გადადგა, რომ ერთი წლის შემდეგ დააბრუნებდნენ. სწორედ ასე შეიტანეს ეს ფაქტი ე.წ. სახელმძღვანელოში აფხაზმა ავტორებმა, რასაც ე.წ. ექსპრემიერის პროტესტი მოჰყვა.

"ამ წიგნით ისინი მომავალ თაობას ეუბნებიან, რომ მე მშიშარა და თანამდებობას გამოკიდებული კაცი ვარ... ეს ღირსების საქმეა და ამას ასე არ დავტოვებ... მათ, რომელთაც აფხაზეთის ისტორიის დაწერის ამბიცია აქვთ, ამ დროის განმავლობაში აფხაზური ენის გადასარჩენად თითიც არ გაუნძრევიათ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ასეთი ფაქტებით ისტორია პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავთ... ახლა ვიღაცის შეკვეთას ასრულებენ და ჩემს წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას აგორებენ...

არსად თქმულა, რომ თანამდებობაზე დაბრუნების სანაცვლოდ გადავდექი, თანამდებობა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კონსტიტუციის ფარგლებში დავტოვე. თუმცა, ვაცხადებ, როდესაც მითხრეს, რომ ხალხი ჩემს გადადგომას ითხოვდა, მე ვთქვი, რომ ზეწოლის გამო არ გადავდგებოდი" - აცხადებს ლეონიდ ლაკერბაია და ვითარების გამწვავებით იმუქრება.

აფხაზეთის ე.წ. განათლების სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, წიგნი დადასტურებული ფაქტების მიხედვით არის შედგენილი და ისინი არაფრის შეცვლას არ აპირებენ.

"ეს არავის შეკვეთა არ ყოფილა, ამ სახელმძღვანელოზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ აფხაზი ისტორიკოსები და პროფესორები" - აცხადებს ე.წ. განათლების სამინისტროს წარმომადგენელი.

აფხაზი ისტორიკოსის სტანისლავ ლაკობას თქმით, წიგნში არაფერი შეიცვლება, რადგან ეს ვერსია კი არა, გადამოწმებული ფაქტია, სახელმძღვანელო "სახელმწიფოს შეკვეთით" დაიწერა და მთლიანობაში ეს ყველაფერი ხარჯებთან არი დაკავშირებული...

რეგიონში დავის საგანი კიდევ ერთი წიგნი გახდა, სადაც 90-იანი წლების ჟურნალისტების მიერ შეგროვებული სამხედრო ფაქტებია ასახეული. საქმე ეხება 1992 წლის 14-აგვისტოდან, 1993 წლის 30 სექტემბრამდე მომხდარ სამხედრო მოვლენებს, რომელიც გამოცემა Республика Абхазия –ს მიერ არის მოძიებულ-შეგროვებული.

გამოცემის რედაქტორის ვიტალი ჩამაგუას თქმით, ისინი იმ წლების განმავლობაში დაუღალავად, სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობდნენ რათა "ქართული იმპერიისგან" საბოლოო გათავისუფლებემდე ნაწარმოები ყველა ბრძოლა და თავდასხმა შეესწავლათ.

ისტორიკოსების თქმით, 75 ნომერშივე, სადაც 90-იანი წლების ომზეა საუბარი, უამრავი უხეში შეცდომაა, რომელსაც შესწავლა და დამუშავება სჭირდება. აფხაზური საზოგადოება აფხაზეთში მიმდინარე "წიგნებით ომს" პოპულისტურს უწოდებს. მათივე თქმით, რეგიონში გაცილებით მეტი პრობლემაა, ვიდრე "ვითომ აფხაზეთის ისტორიაზე ზრუნვა".

"როგორც ამბობენ, დღედღეზე დენი გაითიშება, ჩვენი ხელისუფლება კი ვითომ განათლებაზეა გადართული. სკოლებში გაკვეთილები არ ტარდება, ბავშვები აცდნენ, რისი აღრიცხვაც არ ხდება... ქვეყანაში ქაოსია და რაც ყველაზე უარესია, ჩვენ ამას შევეჩვიეთ. ხელისუფლება კი პრობლემებზე ყუირადღების გადატანით არის დაკავებული..." – წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში...

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი